fbpx

შფოთვის ეპიდემია და მუსიკა, რომელიც სტრესს 65%-ით ამცირებს


გააზიარე სტატია




ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს კომპოზიცია, რომელიც შფოთვას 65%-ით ამცირებს

შფოთვა – შიშის, მღელვარებისა და პანიკის შეგრძნება, რა თქმა უნდა, ახალი არ არის. ჰიპოკრატემ შფოთვის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში დაწერა, ისევე როგორც კირკეგორმა 1860-იანებში, ხოლო ფროიდმა 1926-ში. დღეს კი სახეზეა შფოთვითი აშლილობის  მნიშვნელოვანი ზრდა – განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

შფოთვის სამკურნალო კლასიკურ საშუალებად ფარმაცევტული პრეპარატებია მიჩნეული. ფართოდაა გავრცელებული კოგნიტური თერაპიის მიდგომაც. ჰოლისტური პრაქტიკის მიმდევრები ხშირად მედიტაციას, იოგას, მასაჟსა და სხვა სარელაქსაციო საშუალებებს მიმართავენ. გარკვეული წარმატებით გამოიყენება მუსიკის თერაპიაც, თუმცა ნეირომეცნიერებმა გამოარჩიეს ერთი კომპოზიცია, რომელიც, მათი მტკიცებით, შფოთვას 65%-ით ამცირებს.

 

შფოთვა Generation Y-ში

2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ამერიკელი სტუდენტი გოგონების 57%-ს „ყოვლისმომცველი შფოთვის“ ეპიზოდური შეტევები აწუხებდა. დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლებით კი ახალგაზრდა გოგონების 33% და ბიჭების 10% პანიკის შეტევებს განიცდიდა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Sane-ის ხელმძღვანელის, მარჯორი უოლისის აზრით, Generation Y (1980 და 1990-იან წლებში დაბადებულები) სასოწარკვეთის პერიოდს გადიან: „ზრდასრულ ასაკში შესვლა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ ამისთანა სასოწარკვეთა რაღაც ახალია“, – განაცხადა მან.

მწერალი რეიჩელ დოუვი თავის წიგნში შფოთვასთან დაკავშირებით წერს: „რა ხდება სინამდვილეში? ტექნოლოგიის ბუმი, მშობლების ჭარბი ზრუნვა და უწყვეტი გამოცდების რეჟიმში სწავლა სავარაუდოდ ის მიზეზებია, რაც მთელ თაობაში შიშებს განაპირობებს. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ფსიქოლოგების წრეებში სახელდება, რამდენადაც უცნაურადაც  უნდა ჟღერდეს, ზედმეტად დიდი არჩევანის ქონაა.

ფსიქოლოგი ლონდონიდან – პიტერ კრუგერი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც დიდი ცხოვრებისეული არჩევანი არ აქვთ, შფოთვის წინაშე ბევრად უფრო მდგრადები არიან – სავარაუდოდ, იმიტომ რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი „ცხოვრებას“ ან სხვებს გადააბრალონ. სამაგიეროდ, თუ თქვენ რამდენიმენაირი არჩევანი გაქვთ, ვერავის ვერაფერს გადააბრალებთ, რადგან ყოველ ჯერზე ცდილობთ, რომ არ შეცდეთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ.

ამ მოსაზრებას იზიარებს თავის ბლოგზე We Are All Mad Here 26 წლის მწერალი კლერ ისთემი: „ბევრ დროს ვატარებ იმაზე ნერვიულობაში, თუ რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში. წინა თაობებს არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ და თუ უბრალოდ გეუბნებიან, რა უნდა აკეთო, ეს დიდი წნეხისგან გათავისუფლებს.“

თანამედროვე ხანაში გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობამ შესაძლოა პარალიზება გამოიწვიოს. ხშირად ჩვენ ნამდვილი კვლევის ჩატარება გვიწევს უბრალოდ ფეხსაცმლის შესაძენადაც კი, საბოლოოდ  მთელ ამ წამოწყებაზე უარს ვამბობთ და დანაშაულის შეგრძნება გვრჩება იმის გამო, რომ ასეთ მარტივ ამოცანასაც კი თავი ვერ გავართვით.

ტექნოლოგიებს შფოთვითი აშლილობის ზრდაში თავისი წვლილი შეაქვს. „მილენიალების“ (1980-2000 წლებში დაბადებულების) დიდი ნაწილი სმარტფონის გარეშე თავს დაუცველად გრძნობს. მობილური გაჯეტები ერთგვარი ფანჯარაა სამყაროს შეცნობის პროცესში და მასთან ერთიანობის შეგრძნებას იძლევა. მაგრამ ამ შეგრძნების ნეგატიურ მხარეა იმის მოთხოვნილება, რომ იყო ყველაფრის საქმის კურსში, რაც სოციალურ მედიაში შენ გარშემო ხდება. ამ სიმპტომს „გამოტოვების შიში“, ანუ FOMO (Fear of Missing Out) დაარქვეს.

„FOMO ძალიან რეალური სიმპტომია, რომელიც დამოკიდებულებაში შეიძლება გადაიზარდოს და იქონიოს გავლენა შფოთვის ხარისხსა და ზოგადად კეთილდღეობის განცდაზე“, – ამბობს ფსიქოლოგი პიტერ კრუგერი.

სოციალური მედია საშუალებას იძლევა შევადაროთ ყველაფერი – ურთიერთობები, დიეტა, სხეული, სიმდიდრე, ცხოვრების დონე – და არამხოლოდ ჩვენი გარშემომყოფებისას.  ამის გამო, როგორც კვლევებმა აჩვენეს, სოციალურმა მედიამ შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს იმ ადამიანებში, ვინც თავის თავს სხვებს ადარებს.

ცხოვრების წესის ცვლილების, სოციალური მედიის ზომიერად გამოყენებისა და გადაჭარბებულ არჩევანთან გამკლავების ხერხების შესწავლის გარდა, ნეირომეცნიერების აზრით, შფოთვის შესამცირებლად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მიზნით სპეციალურად შექმნილმა კომპოზიციამ.

 

უნივერსალური ანტისტრესული მუსიკა

Mindlab International-ის მკვლევარებს სურდათ მიეგნოთ ისეთი მუსიკისთვის, რომელიც რელაქსაციის ყველაზე დიდ შეგრძნებას გამოიწვევდა. კვლევისას სენსორებზე მიერთებული მონაწილეები ცდილობდნენ ამოეხსნათ რთული თავსატეხები, რაც სტრესის გარკვეულ დონეს განაპირობებდა. პარალელურად, ექსპერიმენტის მონაწილეები უსმენდნენ სხვადასხვა კომპოზიციას, დამკვირვებლები კი მათი ტვინის აქტივობის, გულისცემის, წნევისა და სუნთქვის მონაცემებს აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტებისას გამოვლინდა, რომ Marconi Union-ის ერთ-ერთი კომპოზიცია – Weightless – იწვევდა სტრესის 65%-ით და ფიზიოლოგიური დაძაბულობის 35%-ით შემცირებას.

საგულისხმოა, რომ ეს კომპოზიცია სპეციალურად შეიქმნა განსაკუთრებული რელაქსაციისთვის. ჯგუფი Marconi Union ამ ტრეკის მომზადებისას მჭიდროდ თანამშრომლობდა თერაპევტებთან ჰარმონიის, რიტმისა და ბასის სწორად შესარჩევად, რაც მსმენელის გულისცემასა და წნევას არეგულირებს, და ასევე ამცირებს ორგანიზმში სტრესის ჰორმონებს, მაგალითად, კორტიზოლს.

რეალურად, კომპოზიცია იმდენად ეფექტიანი  გამოდგა, რომ ექსპერიმენტის მონაწილე რამდენიმე ქალს ძილიც კი მოერია, რის გამოც ჯგუფის მთავარი მკვლევარი, დოქტორი დევიდ ლუის-ჰოდგსონი არ გვირჩევს ამ მელოდიის საჭესთან მოსმენას.

მხოლოდ სიტყვაზე რომ არ ენდოთ, ყველაზე დამამშვიდებელ ტრეკად აღიარებული კომპოზიცია თავად შეგიძლიათ გამოსცადოთ:

 


რეკომენდებული სტატიები
მობილური აპლიკაციები უფრო ჯანსაღი სხეულისთვის

მობილური აპლიკაციები უფრო ჯანსაღი სხეულისთვის

მობილური აპლიკაციები უფრო ჯანსაღი სხეულისთვის
აპლიკაციების დეველოპერები უკვე წლებია ცდილობენ შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღი წესის შენარჩუნებაში დაგვეხმარებიან და გაგვიმარტივებენ საკუთარ თავზე ზრუნვის რუტინას
ტყეში ბახის მელოდიას გიგანტური იაპონური ქსილოფონი მოგასმენინებთ
Play Video

ტყეში ბახის მელოდიას გიგანტური იაპონური ქსილოფონი მოგასმენინებთ

ტყეში ბახის მელოდიას გიგანტური იაპონური ქსილოფონი მოგასმენინებთ
46-მეტრიანი ინსტრუმენტის კენწეროდან გამოშვებული რეზინის ბურთი ხის ფირფიტებზე რიგრიგობით დაცემისას ბახის Cantana 147-ს უკრავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.