შეფ კონსტანტინე თედელაურის პირადი სამზარეულო
ავტორი: გვანცა ფოცხვერია
Chef konstantin, Boutique restaurant
აქ მენიუ არ აქვთ. არ იცით, რით გაგიმასპინძლდებიან. აქაურობის შეფმზარეული თითოეული სტუმრის ხასიათს ეწყობა და საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს, რა მოგართვათ. მხოლოდ წინასწარ გითანხმებთ პროდუქტების ჩამონათვალს, რას არ მიირთმევთ ან რაზე ხართ ალერგიული. შემდეგ თავისთვის ზოგად მონახაზს ქმნის, თუ რა მოგიმზადოთ. კერძების მზადების პროცესი კი უკვე თქვენ თვალწინ იწყება. ამ სივრცის იდეა სწორედ ეს არის, სტუმრის სიახლოვე მზარეულის შემოქმედებასთან. ყოველი კერძი უნიკალურია, სპეციალურად თქვენთვის შექმნილი.
კონცეპტუალური რესტორანი დღის განმავლობაში ორ ეტაპად მუშაობს – დღისით, სადილობისას – 12-დან 4 საათამდე და ვახშმობისას – 8 საათიდან ბოლო სტუმრის წასვლამდე. ორივე მონაკვეთში შეფი set menu-თი გიმასპინძლდებათ, რაც მოიცავს სამ კერძს და დესერტს. ორშაბათობით, მუზეუმების მსგავსად, აქაურობა დაკეტილია.
ერთმაგიდიანი რესტორანი სულ 19,7 კვადრატული მეტრისაა. სწორედ ამ პატარა სივრცეში ხდება ყველა მოქმედება. აქაურობის კონცეფცია, ინტერიერი და საერთოდ ყველა დეტალი შეფს – კონსტანტინე თედელაურს უკავშირდება, ყველაფრის ავტორი თავადაა. თავის არაორდინალურ მზარეულის ფორმაში და სამხედრო პრინტის ქუდში თქვენზე ორიენტირებული ქმნის ექსკლუზიურ კერძებს. ეს მისი შემოქმედების არეალია.
შეფმზარეული – კონსტანტინე თედელაური
ყველაფერი დაიწყო ბაღის ასაკიდან, მაინცდამაინც გურმანობით არ გამოირჩეოდა, მეტიც, „უჭმელი“ ბავშვი იყო. თუმცა ბაღში მზარეულებთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე სხვა ბავშვებთან. სკოლის ასაკიდან ბარმენობა მოინდომა, სწავლას და მუშაობას ერთმანეთს უთავსებდა. მერე პროფესიაც აირჩია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ბაკალავრიატის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, ჯერ იყო არქიტექტურის ფაკულტეტი, შემდეგ ლანდშაფტის დიაზაინი. პარალელურად კი ბერლინში პირველ ქართულ რესტორან “გენაცვალეში” მზარეულის დამხმარედ მოეწყო, მალე რესტორნის შეფი გახდა.
ასე დაიწყო მისი მოღვაწეობა სამზარეულოში. 9 წელი გერმანიაში იცხოვრა და როცა თბილისს დაუბრუნდა, დილემის წინაშე დადგა – პროფესია – არქიტექორ-დიზაინერი თუ ჰობი – კულინარია. საბოლოოდ, ერთ მოსაზრებამდე მივიდა – “კულინარია არქიტექტურაა.”
2016 წელს ექსპერიმენტის სახით გახსნა რესტორანი chef’s private flat. მცდელობამ გაამართლა. დღეს უკვე შეფი კონსტანტინე სამი რესტორნის მფლობელი და მზარეულია:
ერთმაგიდიანი სივრცე ტატიშვილის 38-ში – chef’s experimental kitchen. აქაურ სამზარეულოში მხოლოდ კონსტანტინე თედელაური გაგიმასპინძლდებათ საავტორო კერძებით. სადაც დაიწყო, იქ აგრძელებს.
რესტორნის მოპირდაპირე მხარეს, ტატიშვილის 41 ნომერში chef’s private flat-ში თედელაურის რეცეპტებით აფრიკელი მზარეული დაგხვდებათ.
ინგოროყვას 22 ნომერში – “შეფის ბებისთან” – 75 წლის ბებია მოგიმზადებთ კონსტანტინეს უნიკალურ კერძებს. კონცეფცია სამივე ადგილას ერთია, კერძები თქვენ თვალწინ იქმნება, ყველგან იგრძნობა კონსტანტინე თედელაურის ხელწერა. ამ სივრცეებში საპირფარეშო must see ადგილია.