fbpx

3 სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ


გააზიარე სტატია


 

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

ზამთარში სეზონური   ცვლილებები გავლენას ახდენს არა მარტო გარემოზე, არამედ ჩვენს ორგანიზმზეც. ამ დროს შესაბამისად კურსს იცვლის ადამიანის  ჯანმრთელობაც.

ზამთარში ხშირია მენტალური თუ ფიზიკური დისბალანსი. ვინაიდან ზამთარში ცივა და თანაც დღე მოკლეა, უფრო დიდი დროის გატარება გვიწევს შინ. ბუნებრივია, ამ დროს მეტ საკვებს და ალკოჰოლს მივირთმევთ, თანაც ნაკლებს ვმოძრაობთ. ზამთარში ხშირია სეზონური დეპრესია, წონის მატება, იმუნიტეტის შესუსტება, სახსრების ტკივილი, დაბალი ენერგია, კუჭ-ნაწლავის და კანის პრობლემები. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაზაფხულის მოსვლასთან ერთად უჩინარდება.

ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად აღჭურვილია გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმებით. ცოტაოდენი წონის მატება ზამთარში ბუნებრივი და სასარგებლოც კი არის. წონა გვიცავს ცივი ტემპერატურისაგან და გვინარჩუნებს სითბოს. დაბალი ენერგია იმის მიმანიშნებელია, რომ ზამთარი მშვენიერი დროა მოდუნებისაა და დასვენებისათვის.

სასურველია გავითვალისწინოთ ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებები. ჯანსაღი საკვები პროდუქტების  დახმარებით შესაძლებელია გავიუმჯობესოთ ზამთრის გრძელი და ცივი დღეების განწყობა. საკვებში არსებული ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმს უბიძგებს გარკვეული ქმედებებისაკენ. ეს ნივთიერებები ასევე გვეხმარება წარმატებულად შევძლოთ  ახალ სეზონთან ადაპტაცია. მაგალითად, ზამთრის სანელებლები, ხილი, თხილეული, ჩირი და ბოსტნეული უხვად შეიცავს იმ მინერალებსა და ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებენ  იმუნური, საჭმლის მომნელებელი, ნერვული და ძვალ-სახსროვანი სისტემების ფუნქციონირებას.  

ასეთი საკვები პროდუქტებისაგან შეგვიძლია დავამზადოთ არა მარტო კერძები, არამედ თბილი ტონიკებიც. ტონიკები ამარაგებს და კვებავს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. ისინი ასევე ძალზედ გემრიელია და ვფიქრობ, შეგიქმნით კომფორტისა და სითბოს შეგრძნებას ზამთარში.

 

ოქროს რძე (იმუნიტეტის ასამაღლებელი)

ამ ტონიკში თავს იყრის საუკეთესო თვისებების მქონე საკვები პროდუქტები: თაფლი, ჯინჯერი, კურკუმა, დარიჩინი, ნუში და ქოქოსის ზეთი. დარიჩინი და კურკუმა სხვა სანელებელთა შორის საკმაოდ ძლიერი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

კურკუმა შეგიმსუბუქებთ დეპრესიის სიმპტომებს და დაგეხმარებათ მის მართვაში. დარიჩინს კი ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის ხელს უწყობს, დეტოქსიკაციას, არეგულირებს სისხლში შაქარს, ქოლესტერინს და აუმჯობესებს საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქციას.

ამ ორ სუნელში უხვად არის მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, C, B1 და B6 ვიტამინები. “ოქროს რძე” შეგიმსუბუქებთ და აგარიდებთ გრიპით და გაციებით გამოწვეულ დისკომფორტს, ასევე დაგეხმარებათ ძილის მოწესრიგებაში \(მიიღეთ ძილის წინ).

როგორ დავამზადოთ:

  • 2 ჭიქა ნუშის რძე
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 1 ჩ/კ დაფქული კურკუმა
  • 1/2 ჩ/კ დარიჩინი
  • 1/2 ჩ/კ გახეხილი ჯინჯერი
  • სულ ცოტა შავი წიწაკა

მოათავსეთ ყველაფერი ერთად (თაფლის გარდა) და  5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ, დაუმატეთ თაფლი და ისიამოვნეთ!

 

კაკაოს ტონიკი (სეზონური დეპრესიის წინააღმდეგ)

 

 

კაკაოში 300-ზე მეტი სასარგებლო ნივთიერებაა, მათ შორის – მაგნიუმი, კალციუმი, ცილები, ანტიოქსიდანტები და ომეგა ცხიმები. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას. მასში შემავალი ფლავანოლები დადებითად მოქმედებენ განწყობაზე და ამცირებენ სტრესს.

ქოქოსის ზეთში შემავალი სხვადასხვა ცხიმური მჟავები კი აუმჯობესებენ ტვინის ფუნქციას. ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც. ის ამცირებს მადას და ააქტიურებს ცხიმების წვას. ფინიკი გაჯერებულია მინერალებით. მასში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ მეხსიერებას, აზროვნებას და ამცირებენ პანიკური შეტევების რისკს.

როგორ დავამზადოთ:

  • 2 ჭიქა ქოქოსის ან ნუშის რძე
  • 1 ჩ/კ დაფქული კაკაო
  • 2 ფინიკი
  • 1 ჩ/კ გახეხილი ჯინჯერი
  • 1/2 ჩ/კ მუსკატი
  • 1/2 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი

მოათავსეთ ყველაფერი ბლენდერში და აურიეთ. შეგიძლიათ მიირთვათ ყავის მაგივრადაც.


ჯინჯერის და ლიმონის ტონიკი (გრიპის და გაციების წინააღმდეგ)

 


ჯინჯერი ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. მასში შემავალი ნივთიერება ჯინჯეროლი შეგიმსუბუქებთ რევმატოიდური და ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილებს.  იგი ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გვიცავს კოლორექტალური სიმსივნისაგან.

ჯინჯერი ხელს უწყობს დეტოქსიკაციასაც. საუკეთესო შედეგებისათვის რეკომენდებულია მისი დღიურად მიღება. ჯინჯერი ლიმონთან და თაფლთან ერთად შეგიმსუბუქებთ გაციების და გრიპის პირველ სიმპტომებს, ყელის ტკივილს, სურდოს და დისკომფორტს. მიირთვით 1 ჭიქა (თბილი), 3-4 ჯერ დღეში გრიპის ან გაციების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე.

როგორ დავამზადოთ:

  • 5 სუფრის კოვზი გახეხილი ჯინჯერი
  • 3 ლიმონი
  • 4 სუფრის კოვზი თაფლი

მოათავსეთ ჯინჯერი და ლიმონი ბლენდერში (ან გახეხეთ) და აურიეთ. დაამატეთ თაფლი. მოათავსეთ მიქსი ქილაში და შეინახეთ მაცივარში. საჭიროების შემთხვევაში 1 სუფრის კოვზ ლიმონის და ჯინჯერის მიქსს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი. ჯინჯერს ახასიათებს თავისებური ცხარე გემო, შეგიძლიათ დაამატოთ წყალი და თაფლი  გემოვნების მიხედვით.

ზამთრის ტონიკების დამზადება ადვილია და სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მიირთვით ტონიკები სისტემატურად. შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები.


რეკომენდებული სტატიები
ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები
ზამთარში ჩვენს იმუნურ სისტემას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას კი ვიტამინები და ჯანსაღი მომნელებელი სისტემა განსაზღვრავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.