fbpx

ევროპის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული მწვრთნელები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი – ევროპის ჩემპიონთა თასი, 1955 წელს დაარსდა, ხოლო მისი  დღევანდელი სახელწოდება – ევროპის ჩემპიონთა ლიგა კი ფეხბურთის მოყვარულთათვის 1992 წლიდანაა ცნობილი.

არსებობის 64 წლის მანძილზე ამ ტურნირის მნიშვნელობის შესახებ ამჯერად საუბარს ნამდვილად არ შევუდგებით. უბრალოდ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რამდენი ფეხბურთელის, მსაჯის თუ კიდევ რაიმე სხვა ტიპის საფეხბურთო მოხელის გახსენება შეიძლება ამ ხნის განმავლობაში. მათ აღწერას ხომ ტომები დასჭირდებოდა.

დღეს მწვრთნელებზე შევჩერდებით. თან  ათვლის წერტილად 1992 წელს ავირჩევთ და 26 წლის მანძილზე მხოლოდ ამ ტურნირის ფინალებში მონაწილე კლუბების მწვრთნელებზე ვისაუბრებთ, რადგან 1955 წლიდან მოყოლებული ამ გათამაშების გამოჩენილ მწვრთნელთა ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანდა…

მოდით, თავიდან, კარსმომდგარი მერვედფინალების წინ, წლევანდელი სეზონის ფავორიტი გუნდები ვახსენოთ. ასეთები კი მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ლივერპული“,  „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“, „პარი სენ ჟერმენი“, „იუვენტუსი“ არიან.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვახსენოთ „დორტმუნდი“, „აიაქსი“ და „პორტო“, რადგან ისინი  სხვადასხვა დროს ამ გათამაშების გამარჯვებულები ყოფილან. დღესდღეობით ეს გუნდები ტურნირის მოგების უმთავრესი პრეტენდენტები არ არიან, მაგრამ თუკი “დორტმუნდის” და „აიაქსის“ ტრიუმფატორი მწვრთნელები – ჰიცფელდი და ვან გაალი დიდი ევროპული ტურნირების ფინალებში შესაბამისად ერთხელ და ორჯერ დამარცხებულან, „პორტოს“ ჟოზე მოურინიოს შემდგომში კიდევ ერთი ფინალი აქვს მოგებული „ინტერში“ მოღვაწეობისას „ბაიერნთან“.

მოურინიოს მსგავსად, ორი ფინალი  აქვთ მოგებული 2000 და 2002 წლებში მადრიდის “რეალის” მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს, რომლის ხელმძღვანელობითაც “სამეფო კლუბმა” ფინალებში შესაბამისად “ვალენსია” და “ლევერკუზენი” დაამარცხა და პეპ გვარდიოლას, რომლის “ბარსელონამ” 2009 და 2011 წლებში ორივეჯერ “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა.

აქვე ისიც ვახსენოთ, რომ მოურინიოს გაწვრთნილმა „იუნაიტედმა“ 2017 წელს ევროპის  ლიგის ფინალიც მოიგო „აიაქსთან“ შეხვედრაში. დაუმარცხებელი მწვრთნელის ფაქტორი რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური ფაქტორია ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილე გუნდებისთვის, ეს ამ ტურნირის ბოლო სამი სეზონის უცვლელმა ტრიუმფატორმა, ზინედინ ზიდანმა ყველაზე უკეთ დაგვანახვა…

 

ზინედინ ზიდანი

 

შეიძლება დღესდღეობით ნაკლებად გვახსოვდეს, მაგრამ 2012 წელს თავისი ერთადერთი ფინალი “ჩელსისთან” ერთად რობერტო დი მატეომ მოიგო. აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, დი მატეოს მსგავსად, ერთადერთი ფინალი მოგებული აქვთ 1993 წელს “მარსელში” რამონ გუტალსს და 2006 და 2015 წლებში “ბარსელონაში” შესაბამისად ფრენკ რაიკარდს და ლუის ენრიკეს.

მათ საპირისპიროდ ერთადერთი ფინალი წაგებული აქვთ 1992 წელს ვუიადინ ბოშკოვს “სამპდორიაში”, 2002 წელს კლაუს ტოპმიოლერს “ლევერკუზენში”,  2004 წელს დიდი დე შამს “მონაკოში”, 2006 წელს არსენ ვენგერს “არსენალში” და 2008 წელს ავრამ გრანტს “ჩელსიში”.    

1997 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ „იუვენტუსს“ ანგარიშით 3:1 მოუგო. ჰიცფელდმა სულ მალე – 1999 წელს დამარცხების გემო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დრამატულ ფინალში – „მანჩესტერ იუნაიტედთან“ იგემა, თუმცა 2001-ში, ფინალში „ვალენსიას“ დამარცხების შედეგად, ლიგაზე კარიერა დადებითი ბალანსით – 2:1 დაასრულა.

ბარემ აქვე ვახსენოთ მისი მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელთა ბალანსებიც, რადგან ჰიცფელდის მსგავსად, ისინიც აღარასოდეს შეიცვლება.

ტურინის „იუვენტუსის“ მაშინდელმა სახელგანთქმულმა მწვრთნელმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარჩელო ლიპიმ 3 ფინალის წაგება მოახერხა – ზემოთ ხსენებულ „დორტმუნდთან“, „რეალთან“ და პენალტების სერიაში „მილანთან“. ლიპიმ ერთადერთი ტიტულის მოპოვება ლიგაზე ასევე პენალტების სერიაში ვან გაალის „აიაქსთან“ მოახერხა 1996 წელს.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ფინალები თანაბრად – ორ-ორჯერ – მოიგო და წააგო „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელგანთქმულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, ხოლო ზემოთ ხსენებულმა ვან გაალმა ტურნირი უარყოფითი ბალანსით – 1:2 დაასრულა, რადგან “აიაქსით” “იუვენტუსთან” პენალტების სერიაში წაგების გარდა, მოურინიოს “ინტერთან” ფინალში სწორედ მისი “ბაიერნი” დამარცხდა.

ვან გაალის კარიერაში გამორჩეული ეპიზოდია 1995 წელს ფაბიო კაპელოს ძლევამოსილ “მილანთან” მოგებული ფინალი. კაპელოს კიდევ ერთი ფინალი რამონ გუტალსის “მარსელთან” აქვს წაგებული 1993 წელს, ხოლო 1994-ში მისმა “მილანმა” გადამწყვეტ მატჩში იოჰან კრუიფის “ბარსელონა” 4:0 გაანადგურა. თავის მხრივ კრუიფმა “ბარსელონაში” 1992 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველი სეზონი მოიგო “სამპდორიასთან” შეხვედრაში -1:0.

“მილანის” ტრიუმფატორი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია, რომელმაც 2003 და 2007 წლებში მოაგებინა კლუბს ჩემპიონთა ლიგა. თუმცა იტალიელი 2005 წელს დამარცხდა “ლივერპულთან” პენალტების სერიაში დაუვიწყარ ფინალში, რომლის ძირითადი დროც ფრედ 3:3 დასრულდა.

თავის მხრივ, “ლივერპულის” მაშინდელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ლიგაზე კარიერა ფრედ – 1:1 დაასრულა, რადგან 2007-ში მისმა “ლივერპულმა” უკვე წააგო “მილანთან” – 1:2. ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ბალანსი კი დღესდღეობით 3:1-ია, რადგან მან კიდევ ერთი ტიტული 2014 წელს მადრიდის “რეალში” მოიპოვა “ატლეტიკოსთან” ფინალურ მატჩში.

ჰიცფელდის, მოურინიოს და ანჩელოტის მსგავსად, ორ სხვადასხვა კლუბში – 1998 წელს “რეალში” და 2013 წელს “ბაიერნში” – ლიგა მოგებული აქვს გერმანელ სპეციალისტ იუპ ჰაინკესს, თუმცა ამ მწვრთნელმა წაგების გემოც იცის, რადგან მისმა “ბაიერნმა” 2012-ში პენალტების სერიაში დათმო ფინალი ლონდონის “ჩელსისთან”.

 

ოტმარ ჰიცფელდი და იუპ ჰაინკესი

 

აი ჰიცფელდის „ბაიერნთან“ ფინალში დამარცხებული „ვალენსიას“ მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერი კი, რომელიც ერთხანს საქართველოს ნაკრებსაც თავკაცობდა, ფინალების წაგების დიდოსტატია.

კუპერმა გარდა იმისა, რომ „ვალენსიათი“ 2000 და 2001 წლებში ზედიზედ ორჯერ წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალთან“ და „ბაიერნთან“, 1999 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალშიც დამარცხდა „მალიორკაში“ მოღვაწეობისას.

შარშან, დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოთი“ „მარსელი“ რომ არ დაემარცხებინა ევროპის ლიგის ფინალში, ისიც ჰექტორ რაულ კუპერის ბალანსს გაიზიარებდა, რადგან არგენტინელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალი წაგებული აქვს მადრიდის „რეალთან“.

ტურნირის დღევანდელ მონაწილეთაგან ფინალებში ყველაზე ცუდი შედეგი “ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპს აქვს დაფიქსირებული. მას ჰექტორ რაულ კუპერის მსგავსად, ლიგის ორი ფინალი 2013 და 2018 წლებში შესაბამისად “დორტმუნდში” და “ლივერპულში” აქვს წაგებული. გარდა ამისა, მან თავი 2016 წელსაც “გამოიჩინა” ევროპა ლიგაზე “ლივერპულში” “სევილიასთან” წაგებული ფინალით.  

კლოპის მსგავსად, ლიგის ორი ფინალი აქვს წაგებული “იუვენტუსის” მასიმილიანო ალეგრის, მაგრამ წლეულს “ბებერ ქალბატონს” შემადგენლობაში თანამედროვეობის ყველაზე იღბლიანი მოთამაშე კრისტიანუ რონალდუ ჰყავს. ნუთუ მან უნდა დაიხსნას ფინალში მოხვედრის შემთხვევაში სახელოვანი მწვრთნელი მესამე წაგებისგან?

წლეულს ლუის ენრიკეს ან არსენ ვენგერის ბედის გაზიარება “ბარსელონას” ერნესტო ვალვერდეს, “რეალის” სანტიაგო სოლარის, “ბაიერნის” ნიკო კოვაჩს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ოლე გუნარ სულშერს, “პარი სენ ჟერმენის” თომას ტუხელს და, ნაკლები ალბათობით, “ტოტენჰემის” მაურისიო პოჩეტინოს, “დორტმუნდის” ლუსიენ ფავრეს თუ “აიაქსის” ერიკ თენ ჰაგს შეუძლიათ, რადგან მათთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სადებიუტო იქნება.

 

პეპ გვარდიოლა

 

ზიდანის და ანჩელოტის მსგავსად, ტურნირის სამგზის გამარჯვებულად კი “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შეიძლება იქცეს, რადგან მას აქამდე ჩემპიონთა ლიგა “ბარსელონაში” ორჯერ – 2009 და 2011 წლებში – და თანაც ორივეჯერ სერ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფინალში აქვს მოგებული.

 


რეკომენდებული სტატიები
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბობოქრობს!

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბობოქრობს!

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბობოქრობს!
22 დეკემბრიდან მოყოლებული, ნორვეგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ზედიზედ 6 მატჩი და ერთი სათასო შეხვედრა მოიგო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.