მოდის სამყაროს ლეგენდა კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა
85 წლის ასაკში საფრანგეთში გარდაიცვალა მოდის სამყაროს ლეგენდა კარლ ლაგერფელდი.
საკულტო მოდის დიზაინერი და Chanel-ის კრეატიული დირექტორი რამდენიმეკვირიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
იანვრის ბოლოს ავადმყოფობის გამო ლაგერფელდს მოუწია Chanel-ის ორი შოუს გაცდენა პარიზში, თუმცა კომპანიის განცხადებით, ის უბრალოდ დაღლილობას უჩიოდა.
მეორე შოუს გამოტოვების შემდეგ, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “Chanel-ის კრეატიულმა შემოქმედებითმა დირექტორმა, მისტერ ლაგერფელდმა, დაღლილობიდან გამომდინარე, წარმომადგენლობა კომპანიის შემოქმედებითი სტუდიის დირექტორს, ვირჯინია ვიარდს გადააბარა.”
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლაგერფელდი Chanel-ის შოუს ბოლოს პოდიუმზე არ გამოსულა.
კარლ ლაგერფელდი კოკო შანელის დაარსებულ საკულტო კომპანიას სამ დეკადაზე მეტხანს ხელმძღვანელობდა და მოდის ენთუზიასტების, თაყვანისმცემლებისა და კოლექციონერების გულის გასახარად, წელიწადში 8 კოლექციის გამოშვებას ახერხებდა.
ის ცნობილი იყო თავისი დამახასიათებელი სტილით: შავი კოსტიუმით, უკან შეკრული ჭაღარა თმით, უთითებო ტყავის ხელთათმანებითა და შავი სათვალით.