რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით
ავტორი: ნინო ჩლაიძე
ცხოველების და ბავშვების თანაცხოვრება რომ ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა და ბავშვის განვითარებაზე კარგად მოქმედებს, ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხანია იციან. ინტერნეტსივრცე სავსეა ვიდეორგოლებით, სადაც ცხოველები და ბავშვები ერთად იზრდებიან და მსგავსი ვიდეოები ათასობით მნახველთა მოწონებას იმსახურებს.
ჩვენთან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს მცდარი შეხედულებები და სტერეოტიპები, რომ პატარებისა და ცხოველების ერთ სივრცეში ცხოვრება შეიძლება ბავშვისთვის საშიში იყოს და ამის გამო ჩვილის დაბადებას ხშირად ოჯახის ოთხფეხა წევრები ეწირებიან. უკეთეს შემთხვევაში, მათ გაჩუქებას ცდილობენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ისინი ქუჩაში, ან თავშესაფარში ხვდებიან.
რას განიცდის ცხოველი, რამდენად მტკივნეულია მისთვის შეჩვეულ გარემოსთან და ადამიანებთან განშორება, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრება, რომ ცხოველისა და პატარების ერთ სივრცეში ყოფნა საფრთხის შემცველია და რამდენად დადებითად მოქმედებს მათი თანაცხოვრება ბავშვებზე, ამ საკითხებზე at.ge სპეციალისტებს და იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებიც შვილებს ცხოველებთან ერთად ზრდიან.
ნინი ლონგურიშვილი, ჟურნალისტი:
“როდესაც თუთა დაიბადა, ბუბუ (ლაბრადორ რეტრივერი) 4 წლის იყო და მას ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილი ცხოველების გარემოცვაში გაიზარდოს და ბუბუს გარდა, მას ქუჩის ძაღლებთან ურთიერთობასაც ვაჩვევთ.
ქუჩის ძაღლები, რომლებთანაც თუთა მეგობრობს, ჩვენი მზრუნველობის ქვეშ არიან და ჩატარებული აქვთ ყველა ის საჭირო პროცედურა (პარაზიტებზე დამუშავება, აცრები), რაც ბუბუს და შესაბამისად, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ბავშვისთვის.
ჩვენ ვთვლით, რომ ცხოველისა და ბავშვის ურთიერთობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ადამიანის სწორად ჩამოყალიბების პროცესში და ბავშვის იმუნურ სისტემაზეც დადებითად აისახება.
ბუბუ ლაბრადორია და მას მზრუნველობისა და დაცვის თვისებები ახასიათებს. პირველი დღეებიდანვე დაიწყო თუთაზე ზრუნვა და დღემდე ასე გრძელდება, ახლა უკვე თუთასაც განვითარებული აქვს სხვაზე ზრუნვის, თანაგრძნობის უნარი და ისინი განუყრელი მეგობრები არიან. ვფიქრობ, როდესაც ბავშვი, შინაური ცხოველების გარემოცვაში იზრდება, ის კეთილ, ჰუმანურ და მშვიდ ადამიანად ყალიბდება.”
მარიამ მამალაძე, იოგას ტრენერი:
“ცხოველებთან ერთად ვიზრდებოდი და არასდროს შემქმნია ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები. როდესაც ბავშვი გამიჩნდა, ოჯახში ძაღლი და კატა გვყავდა. ჩვენი ძაღლი ძიძის ფუნქციას ასრულებდა, ართობდა ბავშვს, მძინარეს დაჰყურებდა და როდესაც ჩვილი იღვიძებდა, ყეფით გვატყობინებდა.
დღეს, სამწუხაროდ, ძაღლი აღარ გვყავს და ბავშვი კატასთან აგრძელებს ურთიერთობას. ცხოველებთან მეგობრობა მისი ჩვეული მდგომარეობაა. ცხოველისა და ბავშვის ურთიერთობა ზღაპრულ სამყაროს ჰგავს, ისინი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ბავშვს უვითარდება ფანტაზია, შემოქმედებითი ხედვა, ემპათიის უნარი და ბევრი სხვა დადებითი თვისება.”
მაია ბაიაძე, ფსიქოლოგი:
“შინაური ცხოველი ბავშვის ემოციური სიჯანსაღისთვის სასურველ პირობებს ქმნის. შინაური ცხოველი, რომელიც ბავშვის მზრუნველობის ქვეშაა, მას უპირობო მიმღებლობას, სპონტანურად და ღიად გამოხატულ სიყვარულს სთავაზობს. ეს კი პატარებს ემოციურ უსაფრთხოებას და საკუთარი მნიშვნელობის ჯანსაღ განცდებს უვითარებს. ასეთი გამოცდილება შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე ძლიერი მხარდამჭერი რესურსი აღმოჩნდეს პიროვნების განვითარებისათვის.
ცხოველზე პასუხისმგებლობის აღება და მისი მოვლა ბავშვს სხვისი ინტერესების გათვალისწინებას და თანაგრძნობას აჩვევს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა კარგი სოციალური უნარების განვითარებისათვის და გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებისათვის. ბავშვი, რომელიც შინაურ ცხოველთან ერთად იზრდება, აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ სამყარო, დედამიწა მხოლოდ ადამიანებს არ ეკუთვნით და ჩვენ მეტ შესაძლებლობებთან ერთად მეტი პასუხისმგებლობაც გვაკისრია სხვა ცოცხალი არსებების მიმართ”.
დალი ბერექაშვილი, ზოოფსიქოლოგი:
“რას გრძნობს სახლში გაზრდილი ცხოველი, როდესაც მას სახლიდან აგდებენ ან უცხო გარემოში ხვდება? ჯერ ერთი, შევთანხმდეთ, რომ ცხოველებს ისევე აქვთ ემოციები, როგორც ჩვენ და დღეს უკვე ელექტროენცეფალოგრამების დონეზე დადასტურდა, რომ ძაღლების და კატების ტვინს, მათთვის საყვარელი არსებების დანახვისას, იგივე უბნები უაქტიურდებათ, რაც ადამიანებს.
როგორ აღგვიქვამენ ადამიანებს ძაღლები და კატები? უეჭველია, რომ ჩვენ მათი ოჯახის წევრები ვართ – პატარაობაში ცხოველები იმახსოვრებენ სწორედ იმ არსებების სუნს და გარეგნობას, რომელსაც თავიდანვე ხშირად ხედავენ. ამას იმპრინტინგი ჰქვია და ნიშნავს აღბეჭდვას. იგი სამუდამოდ რჩება ცხოველის მეხსიერებაში. ცხოველი, რომელიც ოჯახში პატარა ასაკიდან ცხოვრობს, უყვარს “თავისი” ადამიანები და მათთან თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. მათთვის დიდი ტკივილი და სტრესია უცხო გარემოში, და მით უმეტეს ქუჩაში აღმოჩენა – ცხოველს არ ესმის, რა ხდება, რატომ მიატოვეს ასე დაუნდობლად მათ, ვინც ასე უყვარდა.
მნიშვნელოვანია ასევე ცხოველის ასაკის გათვალისწინება. კნუტის ან ლეკვის გაჩუქება პრობლემას არ წარმოადგენს და ისინი რამდენიმე დღეში ახალ ოჯახში მარტივად ადაპტირდებიან. ზრდასრული ცხოველი კი ამას საშინლად განიცდის და მუდმივად პატრონის მოლოდინშია. ჩვენთვის ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც ცხოველს ჭამა შეუწყვეტია და დარდისგან მომკვდარა კიდეც. ახალ ოჯახს, სადაც ზრდასრული ცხოველი მოხვდება, დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ ცხოველი სტრესიდან გამოიყვანოს.”
თინათინ კუტუბიძე, პედიატრი:
AACAP-ის (American Academy for Child and Adolescent Psychiatry) 2019 წლის მონაცემებით, ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებაზე შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა დადებით გავლენას ახდენს: ბავშვს უღვივდება პასუხისმგებლობის, სხვაზე მზრუნველობის გრძნობა; უვითარდება არავერბალური კომუნიკაციის უნარი, თანაგრძნობა და ემპათია.
ჯერ კიდევ 2010 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებსაც სახლში ჰყავთ ძაღლი, თანატოლებთან შედარებით 11 წუთით მეტს ხარჯავენ ფიზიკურ აქტივობაზე; ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა ყოველდღიურ აქტივობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პატარებისთვის.
ბავშვები, რომლებსაც სახლში ჰყავთ ძაღლი ან კატა ცხოვრების პირველ წელს უფრო ნაკლებად ავადობენ რესპირატორული ინფექციებით. ამას ადასტურებს 2012 წელს ფინეთში ჩატარებული კვლევა – Respiratory Tract Illnesses During the First Year of Life: Effect of Dog and Cat Contacts. იგივეს ამტკიცებს ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) მიერ ჩატარებული დაკვირვების მონაცემებიც.
თუმცა, საჭიროა გარკვეული სიფრთხილე დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში. თუ ბავშვს აქვს ალერგიული რინიტის ან ასთმის სიმპტომები და სახლში ჰყავს ცხოველები, უნდა ჩატარდეს გარკვეული ტესტები ალერგიის დადასტურების მიზნით.
სიმპტომების მართვა ხდება პროტოკოლის მიხედვით, რომელიც გულისხმობს ალერგენთან კონტაქტის შეზღუდვას და მედიკამენტებს. AAP გვაძლევს ასეთ რეკომენდაციას: პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული შესაძლო რისკების შესახებ და გადაწყვეტილება ექიმთან ერთობლივად უნდა მიიღოს.
შინაური ცხოველის ყოლისას აუცილებელია შემდეგი პროცედურების დროულად ჩატარება:
- ცხოველის აცრა ცოფზე და სხვა დაავადებებზე (ე.წ. კომპლექსური აცრა);
- დამუშავება პარაზიტებზე;
- ცხოველის სწორი კვება;
- მუდმივი დაკვირვება და ჯანმრთელობის პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში ვეტექიმთან დროულად მიყვანა.
- აუცილებელია ასევე პედიატრთან კონსულტაციის გავლა ე.წ. ზოონოტური დაავადებების პრევენციის კუთხით.
ჩამოთვლილი პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ბავშვისა და ცხოველის თანაცხოვრება მოზარდისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და პირიქით, ყოველმხრივ დადებითად აისახება მის განვითარებასა და პიროვნული თვისებების სწორად ჩამოყალიბებაზე.