fbpx

საქართველოს ნაკრები – ერთა ლიგიდან დღევანდლამდე


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ერთა ლიგის ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასრულებიდან სულ რაღაც ოთხმა თვემ განვლო. საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი კი იმდენად დაეჩვია წარმატებას, რომ „დინამო არენა“ სამი ქულის მოლოდინში შვეიცარიის ნაკრებთანაც ტრადიციულად თითქმის მთლიანად შეივსო…

ჩვენ ნაკრებს ხომ მართლაც გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს. თუკი ქვეყნის  ჩემპიონატის შეხვედრებზე თბილისის სტადიონები მეტწილად ცარიელია ხოლმე, ნაკრების მიმართ გულშემატკივარი ერთგულებას ინარჩუნებს და მზადაა მისი ბედი მატჩის უკანასკნელ წუთამდე  გაიზიაროს.

შვეიცარიასთან მატჩის უკანასკნელ წუთამდე კი მხოლოდ პირველი ტაიმი იყო დასამახსოვრებელი, რომელშიც ჩვენი გუნდი საკმაოდ მობილიზებული დახვდა უძლიერეს მეტოქეს.

საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა თავიდანვე დაუთმო სტუმრებს, მაგრამ თავის მხრივ რამდენიმე შთამბეჭდავი იერიში განახორციელა და მატჩის 43-ე წუთზე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ვაკო ყაზაიშვილს მეკარე სობერისთვის ბურთი პირდაპირ ხელებში რომ არ მიეცა და ინგლისელ არბიტრს პირველი ტაიმის დამატებულ მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს უდროოდ არ ჩაესტვინა, პირველი 45 წუთის შემდეგ ტაბლოზე შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ 1:0 ყოფილიყო დაფიქსირებული.

მეორე ტაიმში კი სტუმრებმა იმდენად აამაღლეს თამაშის ხარისხი, რომ მოედანზე მომენტებს მხოლოდ ისინი ქმნიდნენ, ჩვენები კი შეცდომებს უშვებდნენ…

გამონაკლისი იყო 46-ე წუთზე ქვილითაიას მიერ შესრულებული თავური დარტყმა, რომლის შემდეგაც შვეიცარიელმა მცველმა კარის ხაზიდან თითქოს ხელით გამოიტანა ბურთი, მაგრამ საქმე თერთმეტმეტრიანის დანიშვნა-არდანიშვნამდე რომ არ მისულიყო, მსაჯმა ერთგვარად თავი დაიზღვია და საჯარიმო მოედანში ერთ-ერთ ჩვენ ფეხბურთელზე წესის დარღვევა დააფიქსირა…

ამ ეპიზოდის შემდეგ კი ბრიტანელ არბიტრს უკვე აღარ დასჭირვებია ევროპული დელიკატურობის ფარგლებში შვეიცარიელთა მხარდაჭერა და მატჩიც იმ შედეგით დასრულდა, რასაც უეფას რეიტინგი ითვალისწინებდა.

მაინც რა დაემართა საქართველოს ნაკრებს შეხვედრის მეორე ტაიმში? რა მოხდა ისეთი, რომ გულშემატკივარმა შესვენების შემდეგ მოედანზე  სულ სხვა გუნდი იხილა?

პარადოქსი ისაა, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის წაგებულ მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან საქართველოს ეროვნულ გუნდს არც გმირები ჰყოლია და არც ანტიგმირები.

თუკი პირველი ნახევარი თითოეულმა მოთამაშემ მაღალ დონეზე და მაქსიმალურად უშეცდომოდ ჩაატარა, მეორე ტაიმი გუნდმა აშკარად ჩააგდო. გამოვლინდა  შვეიცარიელთა ფიზიკური სიძლიერე, მეტოქე ბურთისთვის თითოეულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა და აზროვნებისა და მოქმედების სისხარტით, მოედნის ნებისმიერ წერტილში დომინირებდა. ჩვენი გუნდი კი თავის თავს აღარ ჰგავდა და შეიძლებოდა, რომ ამ მატჩში უფრო დიდი ანგარიშითაც დამარცხებულიყო.

 

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები წარმატებას ზეიმობენ

 

ვლადიმერ ვაისმა 0:1-ის დროს დაშავებული ტაბიძის ნაცვლად მოედანზე კვირკველია შემოუშვა, შედეგად კაშიას მარცხენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება, რასაც საქართველოს ნაკრების დაცვითი ხაზი ნამდვილად არ გაუძლიერებია. შვეიცარიის „ციურიხში“ მოთამაშე, შეტევებში ეფექტური ჩართვებით გამორჩეულ მარცხენა მცველ ხარაბაძის და ბოლო მატჩებში პოლონეთის ჩემპიონატის წამყვან ფორვარდ ვატო არველაძის გამოყვანისგან კი მწვრთნელმა თავი შეიკავა.

შვეიცარიის ნაკრები დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ევროპის არაერთი წამყვანი ნაკრებისგან განსხვავებით, ყოველწლიურად ვითარდება. ამგვარად, რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ნაკლებობამაც კი ვლადიმერ პეტკოვიჩის გუნდს ბევრი ვერაფერი დააკლო.

სტუმრებმა მეორე ტაიმში იქამდე დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოასწორეს და ქართველ გულშემატკივარს წარმოუდგინეს საათის მექანიზმივით აწყობილი ფეხბურთი, საერთო რომ არასოდეს ექნება რუსეთის ნაკრებთან, რომელსაც პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პეტკოვიჩმა საქართველოს ეროვნული გუნდი შეადარა. ჩვენ კი გვეწყინა.

მაგრამ რა გვაქვს საპასუხო? ხომ არ დაგვეჯერებინა უმაღლესი რანგის საფეხბურთო სპეციალისტისთვის, რომელმაც ამ 4 თვის წინ მატჩის მსვლელობისას თვით ძლევამოსილი ბელგიის ნაკრების სუსტი მხარეები განჭვრიტა და საკუთარ კარში შეხვედრის დებიუტშივე მიღებულ ორ ბურთს მისმა გაწვრთნილმა შვეიცარიამ 5(!) უპასუხო გოლით უპასუხა?

ხომ კარგად გვახსოვს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრებმა როგორ გაუტანა თვით ბრაზილიელებს საპასუხო გოლი და იმ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა?

 

სტივენ ცუბერმა საქართველოს ნაკრების მსგავსად, თვით ბრაზილიელებს გაუტანა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

 

აქვე სერბეთის ძლიერ გუნდთან შეხვედრაც ვახსენოთ, რომელიც შვეიცარიის ნაკრებმა 0:1-ის შემდეგ შემოაბრუნა და ფაქტობრივად უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოიგო.

სწორედ ასეთ მეტოქესთან მოგვიწია თამაში. ჩვენი ფეხბურთელებიდან კი არაერთი იცავს რუსეთის გუნდების ღირსებას და მათი აღმზრდელი მწვრთნელებიც ალბათ ხშირ შემთხვევაში ერთიანი საბჭოთა სკოლის წარმომადგენლები არიან.

ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ პეტკოვიჩის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია ის ნიუანსები, რაც დამახასიათებელია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საფეხბურთო ხელწერისთვის. მას შეუმჩნეველი არც რუსებთან შედარებით ჩვენი ტექნიკურობა დარჩენია და საქართველოს ნაკრებს კომპლიმენტად ფეხბურთის ბრაზილიური ხედვა მიანიჭა…  

სწორედ ეს „ბრაზილიურობა“ თუ გვიხსნის ირლანდიელებთან გასვლით შეხვედრაში, რომელთანაც ჩვენი გუნდი სხვა თუ არაფერი, ვალდებულია, რომ პირადი შეხვედრების ბალანსი თანდათანობით გამოასწოროს.

შვეიცარია-დანია-ირლანდია ტრიუმვირატში ჩვენი მომავალი მეტოქე დღესდღეობით ყველაზე სუსტია და საქართველოს ნაკრები აუცილებლად  სამი ქულის აღებას უნდა ეცადოს ევროპის ტრადიციულად ამ ერთ-ერთ ყველაზე სწორხაზოვან გუნდთან შეხვედრაში.

უდიდესი დანაკლისია ჩაკვეტაძის არყოფნა, მაგრამ გუნდს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს, ერთ მოთამაშეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და იმედია, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიელებთან მატჩში ამას დაგვანახვებს.

სადაც ჩვენზე სუსტმა ყაზახეთმა შოტლანდია გაანადგურა, რატომ ვერ უნდა მოვუგოთ ირლანდიის ნაკრებს, რომელიც თაობათა ცვლას განიცდის და გიბრალტარის დასამარცხებლად საკმაო ძალისხმევა ესაჭიროება?

ჩვენი გუნდი კი გასვლაზე რომ არაფრით უარესად არ გამოიყურება შინაურ მატჩებთან შედარებით, ამის საუკეთესო მაგალითი ერთა ლიგის ტურნირია.

მთავარია, რომ წაგებული მატჩის შემდეგ ნაკრებში მაღალ დონეზე ჩატარდეს ფსიქოლოგიური სამუშაო, მოესწროს ფიზიკური კონდიციების აღდგენა, თითოეულმა მოთამაშემ ირწმუნოს საკუთარი სიძლიერე და ბრაზილიურ-ქართული მახვილგონივრულობაც (რისი ნატამალიც არ გააჩნია მორბენალ ირლანდიურ ფეხბურთს) აუცილებლად თავს იჩენს. ეს კი ჩვენ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.

რაც მთავარია, ირლანდიასთან მატჩი დაგვანახვებს, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების ორი გზა ერთიმეორესთან კავშირშია თუ მათ შორის დიდი გასაყარია.

შვეიცარიელების მიერ ამ 4 თვის წინ დიდი ანგარიშით დამარცხებულმა ბელგიის ნაკრებმა კი შემადგენლობაში საკმაო დანაკლისის მიუხედავად, თავდაპირველად ანგარიშით 3:1 სძლია რუსებს, ხოლო მეორე ტურში კვიპროსის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

 

რუსების კარში დუბლის ავტორი ედენ აზარი

 

პირველ ტურში თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს ინგლისის, იტალიის, ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებებმა. მეორე ტურის სენსაციად ამ უკანასკნელის მარცხი იქცა უნგრელებთან, ხოლო გერმანიის ეროვნულმა გუნდმა კი, როგორც იქნა, წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტა და საგრძნობლად განახლებული შემადგენლობით, გასვლაზე ჰოლანდიის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!
ჩემპიონთა ლიგის ყოველი გათამაშება ფეხბურთის გულშემატკივარს სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. წლევანდელმა სეზონმა კი ამ თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.