“პარარა” – გასაფერადებლები ყველასთვის
“პარარა” ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც ქმნის თემატურ გასაფერადებლებს ყველასთვის, ვისთვისაც გაფერადება კარგი გასართობია, ვისაც ხატვით ახალი ინფორმაციის მიღება უნდა ან სხვებთან ერთად რაიმეს კეთება სიამოვნებას ანიჭებს.
“პარარას” გასაფერადებლები თემატურია და მათი მეშვეობით შესაძლოა ბავშვებმა ქართული ანბანი და საქართველოს გეოგრაფია, დინოზავრების ტიპები ან თბილისის ღირსშესანიშნაობები, ან სულაც მხატვრობის სხვადასხვა მიმდინარეობები უკეთ შეისწავლონ.
“ჩვენი კომპანია – “პარარა” ქმნის შემეცნებით-გრაფიკულ, დიდი ზომის არასტანდარტულ გასაფერადებლებს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი გრაფიკა შექმნილია ქართველი მხატვრების – გია გორდეზიანისა და შალვა ჯაფარიძის მიერ. იდეის ავტორებიც თავად შალვა ჯაფარიძე და გია გორდეზიანი არიან.
შალვა ჯაფარიძე არქიტექტორი გახლავთ, გია გორდეზიანი კი მხატვარი, ასევე ცნობილი კომპოზიტორი. “პარარაც” მისი ცნობილი საბავშვო სიმღერის სახელწოდებაა, რაც სილაღესთან და გართობასთან ასოცირდება.
ერთ-ერთი ოჯახური მსჯელობის დროს გადავწყვიტეთ, რომ ეს ბიზნესიდეად გვექცია. რაც უფრო მეტად შევისწავლეთ თემა, მით მეტი დადებითი ეფექტი აღმოვაჩინეთ და საბოლოოდ “პარარაც” შეიქმნა.” – გვიყვება “პარარას” დამფუძნებელი გიორგი გორდეზიანი.
მახსენდება პატარა ბიჭი ჰეროლდი, HBO-ს ანიმაციის გმირი ხელში ფანქრით და თეთრი ძაღლით, რომელიც ხატავს და ხატავს, ყველგან და ყველაფერზე, იმდენს ხატავს, რომ ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, მის მიერ დახატულ ამბებშიც ვითარდება. თუ ჯერაც არ იცნობთ ჰეროლს, დროა გაიცნოთ და გააცნოთ ბავშვებსაც – “პარარასთან” ერთად.
“გარდა იმისა, რომ გასაფერადებლები საინტერესო და სახალისოა, “პარარას” სპეციალურად შერჩეული თემატიკით შექმნილი გრაფიკა ბავშვის სწავლის პროცესს და მის შემოქმედებით განვითარებას უწყობს ხელს. გასაფერადებლები თემატურად დაყოფილია ასაკის მიხედვით; დამუშავებული და შესწავლილია ფსიქოლოგებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ.
გასაფერადებლის სპეციალურად შემუშავებული გრაფიკა მას განსაკუთრებულ იდენტობას სძენს. მისი დიდი ზომის ფორმატი კი საშუალებას აძლევს რამდენიმე ადამიანს ერთად გააფერადონ. “პარარას” დიდი ზომის გასაფერადებლების გაფერადება ბავშვების და მოზარდების კომუნიკაციის, ურთიერთობისა და მიზნის მიღწევის ერთობლივი გზაა.
სპეციალურად ბრენდის იდენტიფიცირებისთვის შეიქმნა მასკოტი – პატარა ბიჭუნა, რომლის სახელია პარარა. პარარა გაფერადების იდეით შეპყრობილი პატარა ბიჭუნაა. ის მხიარულ და ფერად სამყაროსთან ასოცირდება. მისი აღმოჩენა “პარარას” ყველა გასაფერადებელში შეიძლება, მაგრამ გამორიცხული არ არის, მას სხვადასხვა მნიშვნელოვან ადგილებშიც შეხვდეთ, რომ უფრო ფერადად და მხიარულად დაინახოთ სამყარო.
პარარა ყოველთვის დარჩება მხიარული და მოუსვენარი და იმეგობრებს არა მხოლოდ პატარებთან, არამედ უფროსებთანაც, ვინაიდან მათაც სჭირდებათ შემოქმედებითი განტვირთვა და ცხოვრების გაფერადება.
ამ ეტაპზე 11 პროდუქტი გვაქვს. ვგეგმავთ ყოველთვიურად ახალი ნაირსახეობის დამატებას. ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ძალიან ბევრი საინტერესო შემეცნებითი თემატიკის გასაფერადებლები, ასევე გასაფერადებლებთან ასოცირებული სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას როგორც მოზარდებში, ისე უფროსებში, – ამბობენ “პარარას” დამფუძნებლები.