fbpx

გამწვავებულ ეკოლოგიურ ფონზე არქიტექტორები უდაბნოს სახლებზე მუშაობას იწყებენ


გააზიარე სტატია


ჩვენს პლანეტაზე არსებული უდაბნოები მოძრავი დიუნებითა და ბარხანებით, კანიონებით, ულამაზესი პეიზაჟებით ზოგჯერ სხვა პლანეტის შთაბეჭდილებას ტოვებენ, უცხო გარემოს განცდას აჩენენ, სადაც შეგიძლია სიმშვიდეც იპოვო და მარტოობაც განიცადო.

გლობალური დათბობის პროცესის პარალელურად, უდაბნოთა ფართობი იზრდება, ასევე ჩნდება რეგიონები, სადაც ნალექის ნაკლებობა უდაბნოთა ახალი სისტემების წარმოქმნას იწვევს.

შესაბამისად, 21-ე საუკუნის არქიტექტორებისთვის უდაბნო ექსპერიმენტების ჩატარების უდიდეს პლატფორმად იქცა, ისინიც ახალი გამოწვევების წინაშე დგანან: უდაბნოს პირობებში შექმნან ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული სახლები.

ავსტრიულმა გამოცემა Phaidon-მა წიგნში „Living in the Desert“ თავი მოუყარა არქიტექტურული თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ნაგებობებს მთელ პლანეტაზე – იუტას შტატის უდაბნოდან დაწყებული, აფრიკის სივრცეების ჩათვლით. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

 

  • „სახლი, საიდანაც მზის ჩასვლას აკვირდები“, ავტორი: არქიტექტორი და მოქანდაკე Not Vital. ალადაბი, ნიგერის რესპუბლიკა

 

 

  • სახლები გვადელუპეს ხეობაში, მექსიკა. ავტორი: არქიტექტურული სტუდია Gracia Studio (აშშ.)

 

 

  • „მირაჟი“, პალმ-სპრინგი, კალიფორნია. ავტორი: დაგ ეიტკენი. ნაგებობის ინტერიერი და ექსტერიერი სარკისებური მასალითაა დამზადებული. შენობა უფრო მეტად ინსტალაციას ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელ სახლს.

 

 

„მირაჟისგან“ განსხვავებით, Phaidon-ში წარმოდგენილი არქიტექტურული ნამუშევრებიდან უმეტესობას საცხოვრებელი ფუნქცია აქვს და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რადგან მარტივი არქიტექტურული კონტურები და კუთხოვანი გეომეტრია უდაბნოთა ხრიოკ, მოშიშვლებულ სივრცეებთან ჰარმონიას უნდა ქმნიდეს.  

 

  • „უდაბნოს შავი სახლი“,  კალიფორნია. ავტორი: Oller & Pejic Architecture.

 

 

  • კურორტი Amangiri Resort, იუტას შტატი. არქიტექტორთა თქმით, სასტუმრო მაგალითია იმისა, რომ კომფორტი შესაძლებელია შეიქმნა სრულიად წარმოუდგენელ ადგილას. მაღლიდან ნაგებობა სამეცნიერო ან სამხედრო დანიშნულების შენობას ჰგავს, თუმცა, ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც აპარტამენტები დღე-ღამეში 4000 $ ღირს.

 

 

  • შუშის პავილიონი, გრანადა, ესპანეთი. ავტორი: სლოვენიური კომპანია OFIS Arhitekti. შენობა მზის დამცავი მასალითაა აგებული. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ნაგებობა ექსპერიმენტულია და არქიტექტურული გადაწყვეტილებების ერთგვარი ტესტია გლობალურ დათბობასთან და მის სამომავლო შედეგებთან ადაპტირებისთვის.

 

ბევრი არქიტექტორის აზრით, უდაბნოში შუშის კონსტრუქციების აგება გაუმართლებელია და უპირატესობას ღია თეთრი ფერის ესთეტიკას ანიჭებს. ამის მაგალითია კომპლექსი Deserti Tascabili DJ Complex ტუნისის კუნძულ ჯერბასა და პალერმოში.

 

 

  • „სახლი 4 თვალით“, კოაჩელას ველი, კალიფორნია. ოთხი კოშკისმაგვარი კონსტრუქცია იცავს შიდა სივრცეს, სადაც საცხოვრებელი ფართია განლაგებული. „ჩვენ ადგილობრივ მასალასა და დაბალბიუჯეტიან ისტორიულ ტექნოლოგიურ ხერხებს ვიყენებთ. მაგალითად, ღია ფერებში შეღებილ კედლებს, ბეტონსა და დატკეპნილ მიწას. მსგავსი ზედაპირი უდაბნოს შუქს ირეკლავს და ხელს უშლის სიცხის შიდა სივრცეში შეღწევას. სწორედ ამ მიდგომით აშენებდნენ სახლებს უდაბნოებში საუკუნეების განმავლობაში და ჩვენ ეს კულტურა შევინარჩუნეთ. ვცდილობთ, რომ უდაბნოსთვის დამახასიათებელი ელემენტები: შუქი, სივრცე, განწყობა და ატმოსფერო არქიტექტურის ენით გავამძაფროთ“, – აღნიშნავენ ამერიკული კომპანია Edward Ogosta Architecture-ის წარმომადგენლები.


რეკომენდებული სტატიები
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.