fbpx

ტრენდი: ხეების კენწეროებში აშენებული სახლები, მათი არქიტექტურა და დიზაინი


გააზიარე სტატია


სამშენებლო ტექნოლოგიების განვითარების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისადმი მზარდი მოთხოვნისა და უბრალოდ, ქალაქის ხმაურისგან განრიდების სურვილის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი ტყეებში გადასახლებას და სახლების ხეების კენწეროებზე  აშენებას არჩევს.  

წარმოგიდგენთ წამყვანი არქიტექტურული კომპანიების მიერ შექმნილ რამდენიმე თანამედროვე სახლს. ზოგიერთი მათგანი კერძო რეზიდენციაა, ზოგი კი – სასტუმრო ან საგანმანათლებლო ცენტრი. 

2011 წელს მამაკაცის ტანსაცმლის ცნობილი დიზაინერი ფოსტერ ჰანტინგტონი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის შტატის სამხრეთში მდებარე ოლქში – სკამანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ის ჩამქრალი ვულკანის ფერდობზე დასახლდა, საიდანაც ხედი მდინარე კოლუმბიის ხეობისკენ იშლება. 

ჰანტინგტონმა და მისმა მეგობრებმა ხეებზე ააგეს საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც  ერთმანეთთან ხიდით დაკავშირებული ორი სტრუქტურისგან შედგება. New York Times-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში დიზაინერმა განაცხადა, რომ ბუნებრივია, მას ნიუ-იორკში ფუფუნებაში ცხოვრებაც შეეძლო, თუმცა, ბავშვობის ოცნება აიხდინა.

 

 

2017 წელს ნორვეგიულმა დიზაინის კომპანია Snøhetta-მ ააშენა 7-ოთახიანი საკურორტო სახლი შვედეთის ჩრდილოეთით, ტყეში. ნაგებობა 12 სვეტზე დგას და 10 მეტრის სიმაღლეზეა. მისი საერთო ფართობი 150მ2-ია. არქიტექტორების მიზანი იყო, რომ საცხოვრებელი სახლი ჰარმონიულად შერწყმოდა ბუნებას, შესაბამისად, ქვემოდან სარკისებური და გარე ფასადი  ხის მასალით მოაპირკეთეს. დიდი ფანჯრებიდან 360-გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება ლაპლანდიურ ტყესა და მდინარე ლულზე.  

 

 

Mirrorcube Tham & Videgård – კიდევ ერთი საინტერესო სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია შვედეთის პატარა ქალაქ ჰარადსში. ალუმინის კონსტრუქცია დაფარულია სარკისებური შუშით, რომელშიც ცა და ფიჭვნარი ირეკლება. კუბის ტიპის კონსტრუქციაში განლაგებულია საძინებელი, მისაღები ოთახი, აბაზანა და ტერასა სახურავზე. 

 

 

გერმანული კომპანია baumraum-ის სახლი ხეზე ქვემო საქსონიის ქალაქ უსლარში ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობაა. თაღური ტიპის ორსართულიანი სტრუქტურის შიგნით საძინებელი ზედა სართულზეა, რომელსაც ჭერში ფანჯარა აქვს და ღამის ცის საოცარი ხედით ტკბობის საშუალებას იძლევა. ასევე გათვალისწინებულია ტერასაც, რომელიც იდეალური ადგილია დასასვენებლად. 

 

 

არქიტექტორ ფუჰიმორის მიერ დაპროექტებული სახლი ხეზე იაპონიის პრეფექტურა იამანასიში, ქალაქ ჰოკუტოში მდებარეობს. სახლი ალუბლის ხეებს შორისაა მოქცეული და მისი ყვავილობისას ძალიან ლამაზი სანახაობა იშლება. თავად კონსტრუქცია კი 4 მეტრის სიმაღლეზე, კვიპაროსის ხეზეა აგებული. 

 

 

კომპლექსი Sustainability Treehouse დასავლეთ ვირჯინიის შტატის ქალაქ მაუნთ ჰოუპში მდებარეობს და დიზაინის კომპანია Mithun-ს ეკუთვნის. ნაგებობას საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს, სადაც ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების საკითხებს ასწავლიან. თავად კონსტრუქციაც აღნიშნული თემატიკის გათვალისწინებითაა აგებული: გამოიყენება გადამუშავებული წვიმის წყალი, ქარისა და მზის ენერგია. 

 

 


რეკომენდებული სტატიები
ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის
ტადაო ანდო იაპონელი თვითნასწავლი არქიტექტორია, რომლის ნიმუშებიც ე.წ. „კრიტიკული რეგიონალიზმის“ ნაწილადაა მიჩნეული. ეს არქიტექტურული მიმდინარეობა ადგილობრივ და გლობალურ არქიტექტურას შორის მედიაციას ცდილობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.