“სამყურა” – ნიკა ბაგალიშვილის ბიომეურნეობა წნორში
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკოლოგიური დაბინძურებაა. ეს იმ საკვებზეც აისახება, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. საგანგაშო სტატისტიკამ მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ბიოპროდუქტების წარმოება აქტუალური და აუცილებელიც კი გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიოპროდუქტებზე საქართველოში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მოთხოვნა, ჩვენ შორის არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი ნიკა ბაგალიშვილია, რომელსაც უკვე ერთი წელია, რაც წნორში ბიომეურნეობა აქვს.
მარტივად რომ ავხსნათ, რა არის ბიოპროდუქტი, რითაა ის განსაკუთრებული და სასარგებლო?
ეს არის პროდუქტი, რომლის წარმოებაში არ ვიყენებთ არანაირ ქიმიურ პრეპარატს. ასევე მნიშვნელოვანია ნიადაგი – ის არ უნდა იყოს დაბინძურებული მძიმე მეტალებით. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეგვიძლია ვუწოდოთ პროდუქტს ბიოპროდუქტი.
რატომ გადაწყვიტეთ ბიომეურნეობის შექმნა?
– საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ბევრი დაავადებაა გავრცელებული. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი საკვები, ჰაერი და ცხოვრების წესია. მე საკვები ავირჩიე, რადგანაც ძალიან მიყვარს ეს საქმე.
რომელ პროდუქტებს აწარმოებთ?
– ბიომეურნეობა მხოლოდ ერთი სახის პროდუქციის – ლობიოს წარმოებით დავიწყე, ახლა მას დაემატა პომიდორი, კიტრი, ბროკოლი, კარტოფილი, ცხარე და ბულგარული წიწაკა. ამ ეტაპზე 6 სახის პროდუქტი მაქვს.
გაქვთ სპეციალური განათლება ამ მიმართულებით თუ უბრალოდ ინტერესი იქცა საქმიანობად?
– აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი მაგისტრატურაზე ამ მიმართულებით, თუმცა პრაქტიკით გაცილებით ბევრი რამ ვისწავლე ჩემს მეურნეობაში.
როგორ ახდენთ მოყვანილი ბიოპროდუქტების რეალიზაციას? სად შეიძლება დაინტერესებულმა მომხმარებელმა იყიდოს თქვენი მოყვანილი ბიოპროდუქტი?
ამისათვის ინტერნეტს, უფრო კონკრეტულად, სოციალური ქსელს ვიყენებ. პირველად Facebook-ის პირად პროფილს ვიყენებდი მოყვანილი პროდუქციის გასაყიდად, ახლა გვერდიც შევქმენი – “სამყურა/Samyura”.
გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩემს პატარა ფერმაში მოვიდეს და თავისი თვალით ნახოს, რას და როგორ ვაკეთებ. შეუძლია პროდუქტი იქვე შეიძინოს და დააგემოვნოს კიდეც.
მე არ ვთავაზობ მარტო ბიოპროდუქციას, ვთავაზობ სრულიად ახალ, რამდენიმე საათის დაკრეფილ პროდუქტს, რომელიც იმ დღესვე შეიძლება აღმოჩნდეს სამზარეულოებში. ამ პროდუქტის მომხმარებელმაც უკვე იცის, როგორ განასხვაოს ბიოპროდუქტი სხვა პროდუქციისაგან, რადგანაც გემო და სუნი სრულიად სხვა აქვს.
რამდენად პოპულარული და მოთხოვნადია ბიოპროდუქტები საქართველოში? ვართ საკმარისად ინფორმირებული იმისათვის, რომ ქვეყანაში მათი მოხმარების კულტურა გაჩნდეს?
პოპულარული ჯერ არ არის, თუმცა ამ მიმართულებით ძვრები ახლა იწყება და ძალიან მალე გახდება მოთხოვნადი.
ინფორმაციის მხრივაც ასეა – სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რა არის ბიოპროდუქტი. კიდევ ერთი გამოწვევა ბიოპროდუქციის ფასია – ის ყოველთვის ძვირი ღირს სხვა პროდუქტებთან შედარებით და ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ბიომეურნეობამ საქართველოში განვითარების ზედა ზღვარს მიაღწიოს.
თქვენი შემთხვევის მაგალითზე, რამდენად მოგებიანი ბიზნესია ბიომეურნეობის შექმნა და რა არის ძირითადი სირთულე ამ პროცესში?
– რაც შეეხება სირთულეებს, ტექნიკის ნაკლებობის გამო ხშირად ხელით მუშაობა მიწევს, რაც ძალიან დამღლელია. ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი ბიომეურნეობა კი ბევრად მოგებიანიცაა და შედარებით მარტივიც.
ჩემ შემთხვევაშიც კი მაინც შემიძლია ვთქვა, რომ – როგორც ბიზნესი მოგებიანი აღმოჩნდა. ბევრ ადამიანს აქვს სურვილი შეიძინოს ჩემი მოყვანილი პროდუქცია, თუმცა აქაც ვაწყდები გარკვეულ სირთულეებს – მაგალითად, მიწოდების პრობლემას. დედაქალაქში ბევრს სურს ბიოპროდუქტების შეძენა, მაგრამ მხოლოდ დელისის მეტროსთან ვყიდი, ყველა ვერ ახერხებს იქ მოსვლას.
უწყობს თუ არა სახელმწიფო ხელს ბიომეურნეობით დაინტერესებულ ადამიანებს, არსებობს დაფინანსების პროგრამები?
არსებობს, თუმცა მე პირადად არ მიმაჩნია სწორად, რომ სახელმწიფო ფულს კერძო ბიზნესის გაძლიერებაში ხარჯავდეს. ბევრი მაგალითი არსებობს საქართველოში გაცემული გრანტებისა, რომელთა მიმღებებმაც ვერ განავითარეს ბიზნესი. ვფიქრობ, ამ სფეროს განვითარებისათვის სახელმწიფომ სხვა მიმართულებით უნდა დახარჯოს ფული – ტექნოლოგიებსა და რეგულაციებში.
რას ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი მეურნეობის, როგორც სტარტაპის მომავალი? როგორ აპირებთ განავითაროთ ის?
– ჩემი მეურნეობა დიდი იქნება. მომავალ წელს გავფართოვდები. რამდენიმე სახის ტექნიკის ყიდვას ვაპირებ და პროდუქტის რაოდენობასაც გავზრდი, რადგანაც მოთხოვნა დიდია.
რას ურჩევთ მას, ვინც ბიოპროდუქტის წარმოებას გეგმავს?
ვურჩევ, რომ აუცილებლად დაიწყონ. ჩვენ – ბევრი ერთად დიდი საქმეს გავაკეთებთ.