fbpx

ბრაზილიის მემარჯვენე მთავრობა მკვახედ ეხმაურება ამაზონის ტყეების ხანძრებთან დაკავშირებულ შეშფოთებას


გააზიარე სტატია


ავტორი: ტომ ფილიპსი 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამაზონიაში მიმდინარე ხანძარი “საერთაშორისო კრიზისია” და G7 სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება მოსთხოვა, რამაც ბრაზილიის პრეზიდენტისა და მასთან დაახლოებული პირების მძვინვარე რეაქცია გამოიწვია. 

 

 

“რეალურად, ჩვენი სახლი ცეცხლშია გახვეული”, – დაწერა მაკრონმა თავის ტვიტერის გვერდზე და დასძინა, რომ ამაზონის ტყეები მსოფლიოს ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს. 

ბრაზილიის პრეზიდენტი, მემარჯვენე ნაციონალისტი ჯაირ ბოლსონარო, რომელსაც ამაზონის საკითხებში ქვეყნის გარედან ჩარევაზე მწვავე რეაქციები აქვს, ფრანგი კოლეგის მოწოდებას უმალვე გამოეხმაურა. 

“ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი მაკრონი პოლიტიკური ქულებისთვის იყენებს ბრაზილიისა და ამაზონიის სხვა ქვეყნების შიდა პრობლემას”, – დაწერა მან თავის ტვიტერზე, რითაც მისივე სიტყვებით, პასუხი გასცა მაკრონის “სენსუალურობისკენ მიდრეკილ ტონს”.

ბრაზილიაში წელს 2013 წელთან შედარებით ორჯერ მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა. 

 

თავის მეორე ტვიტში ბრაზილიის პრეზიდენტმა განაგრძო: “ფრანგი პრეზიდენტის განცხადება, რომ ამაზონიის საკითხები G7-ის ქვეყნებმა რეგიონის ქვეყნების გარეშე განიხილონ, კოლონიური აზროვნების გამოვლინებაა, რაც მიუღებელია 21-ე საუკუნეში.”

პრეზიდენტ ბოლსონაროს მოგვიანებით ტვიტერშივე შემოუერთდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დაგმო “მტაცებლური და უსამართლო” საერთაშორისო კამპანია მისი ქვეყნის წინააღმდეგ. მინისტრის მტკიცებით, ეს კამპანია წამოწყებულია იმ მიზეზით, რომ “პრეზიდენტ ბოლსონაროს მთავრობა ქვეყნის აღმშენებლობას ეწევა.”

“ე.წ. ეკოლოგიური კრიზისი ის ერთადერთი იარაღია მემარცხენეების ხელში, რომლითაც ამ ფაქტის გაბათილებას ცდილობენ”, – დასძინა მან. 

ბოლსონაროს ერთ-ერთმა საგარეო საქმეთა მრჩეველმა ასევე დაპოსტა ტვიტერზე გარეშე არაკეთილმოსურნეთა კრიტიკა. “ღმერთს არ უყვარს მატყუარები,” – განაცხადა ფილიპ მარტინსმა თავის პოსტებში, ხანძრების გამო ბრაზილიის საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ.

თუმცა, მსოფლიო მაინც შეშფოთებულია ამაზონიის ხანძრების მასშტაბით. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა “ღრმა შეშფოთება” გამოხატა გლობალურ კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებით: “გლობალური კლიმატური კრიზისის პირობებში ჩვენ არ გვაქვს ბიომრავალფეროვნებისა და ჟანგბადის ძირითადი წყაროს დაზიანების ფუფუნება.”

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა განაცხადა, რომ ამაზონიის ხანძრები “ბრაზილიის მთავრობის წახალისებულია”. მისი სიტყვებით, ტყის მასივების დაწვა “ეკოლოგიური ვანდალიზმის გამაოგნებელი ნიმუშია, რასაც გლობალური შედეგები მოჰყვება.”

ხანძრებს გამოეხმაურნენ სელებრითებიც, მათ შორის მადონაც, რომელმაც ხუთშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ “ცეცხლი მძვინვარებს და ამაზონიის დაწვა გრძელდება.”

 


“შემაძრწუნებელია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი მსოფლიო,” – დაწერა ინსტაგრამზე ბრიტანეთის ფორმულა ერთის ჩემპიონმა ლიუის ჰამილტონმა. 

ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტვიტერზე ამაზონის ხანძრის მნიშვნელობის შესახებ დაპოსტა და განაცხადა, რომ “პლანეტის გადარჩენა ჩვენი პასუხისმგებლობაა.”

 


2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრაზილიაში 84%-ით მეტი – 72 000 ხანძარი დაფიქსირდა, – განაცხადა კოსმოსური კვლევების ეროვნულმა ინსტიტუტმა. აქედან ნახევარზე მეტი ამაზონიაში მოხდა. 

ივლისში აღინიშნა ტყის განადგურების მკვეთრი ზრდა, რასაც აგვისტოში მასშტაბური ხანძრები მოჰყვა. ადგილობრივი გაზეთების განცხადებით, სარგებლობენ რა მთავრობის მხრიდან კანონის იგნორირებით, ფერმერები ზოგიერთ რეგიონში “ცეცხლის დღეებს” აწყობენ საკუთარი ბიზნესისთვის მეტი მიწის გამოსათავისუფლებლად. 

ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ ბოლსონაროს ელაპარაკა და ტყის ხანძრების სპეციალისტებისა და ეკოლოგების სამი ბრიგადა გაგზავნა ამაზონის ტყეში მომხდარი ტრაგედიის შედეგების შესამცირებლად.”

 

ორიგინალი: https://www.theguardian.com/


რეკომენდებული სტატიები
23 აგვისტო დილიდან
Play Video

23 აგვისტო დილიდან

23 აგვისტო დილიდან
ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი "აღლუმი" ტორონტოს კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში, სექცია Discovery-ში იქნება წარმოდგენილი
ჰაერის დაბინძურება მოზარდებში ფსიქოზური აშლილობის შესაძლო მიზეზია - JAMA Psychiatry

ჰაერის დაბინძურება მოზარდებში ფსიქოზური აშლილობის შესაძლო მიზეზია - JAMA Psychiatry

ჰაერის დაბინძურება მოზარდებში ფსიქოზური აშლილობის შესაძლო მიზეზია - JAMA Psychiatry
ლონდონის სამეფო კოლეჯის კვლევამ ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელსა და მოზარდებში ფსიქოზური აშლილობის ნიშნებს შორის კავშირი გამოავლინა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.