ამაზონის ხანძრების სატელიტური მონაცემები მსოფლიოს კვლევითი ორგანიზაციებისგან
ავტორი: ეილინ ვუდვარდი
გასულ ორ კვირაში ათასობით ჯოჯოხეთურმა ცეცხლის ალმა ამაზონიის ტყე მოიცვა, რასაც ტროპიკული მცენარეული საფარის, ხეებისა და ადგილობრივი ფაუნის განადგურება მოჰყვა.
15 აგვისტოდან მოყოლებული ბრაზილიაში, ძირითადად ამაზონიის აუზში 9500-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ალი და მათგან გაჩენილი კვამლის ღრუბლები კოსმოსიდანაც მოჩანს. “ნასას” სატელიტური გამოსახულება გვიჩვენებს, თუ რა მანძილზე გავრცელდა კვამლი მთელი კონტინენტის მასშტაბით.
Global Forest Watch, რომელსაც World Resources Institute თანამგზავრების დახმარებით ტყეებში ხანძრების მონიტორინგისთვის აფინანსებს, აცხადებს, რომ 13 აგვისტოდან მოყოლებული ბრაზილიაში 109 000-ზე მეტი სახანძრო განგაში დაფიქსირდა, რასაც ქვემოთ მოცემული ილუსტრაცია გვიჩვენებს.
2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხანძრების აღრიცხვა დაიწყეს, წლევანდელი წელი ბრაზილიისთვის ხანძრების სარეკორდო მაჩვენებლით აღინიშნა, წლის ბოლომდე კი ჯერ კიდევ 4 თვეა დარჩენილი.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, ჯერჯერობით მეცნიერებმა ბრაზილიაში 74 000 ხანძარი დააფიქსირეს. ეს 2018 წლის მონაცემებთან (40 000) შედარებით თითქმის ორჯერ მეტია, რაც 83%-იანი მატების მაჩვენებელია. ბრაზილიის უდიდეს ამაზონასის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამაზონიის აუზის ხანძრების კვამლი მთელ შტატში გავრცელდა, გადავიდა მეზობელ შტატებშიც – პარასა და მატო გროსსოში და 2000 მილის მოშორებით მდებარე სან პაოლოს მზეც კი დააბნელა.
ჯამში ცეცხლმა წარმოქმნა 1.2 კვადრატული მილის ფართობის კვამლი. ეს ფოტო, რომელიც ევროკავშირის სატელიტმა “კოპერნიკუსმა” გადაიღო, გვიჩვენებს, როგორ ვრცელდება კვამლი ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიისკენ.
ამ კვირის ხანძრებმა მსოფლიოს კიდევ ერთი დამაფიქრებელი რუბიკონი გადაალახვინა. “გარდიანის” ინფორმაციით, ივლისი აღინიშნა, როგორც ამაზონის აუზის ტყის განადგურების ყველაზე აქტიური თვე ისტორიაში. ამაზონიის ტყე 1345 კვადრატული კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 23 მანჰეტენის კუნძულის ტოლია.
ბრაზილიური თანამგზავრების მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბრაზილიაში ყოველ წუთში სამი საფეხბურთო მოედნის ფართობის ტყე იჩეხება.
ტყის განადგურება ამაზონის დაბლობზე მიმდინარე ხანძრებთან პირდაპირ კავშირშია, რადგან ფერმერები ზოგჯერ თავისით წვავენ ტყეს საძოვრების ან სამეურნეო ფართობების გამოსათავისუფლებლად. განგებ გაჩენილი ხანძრები ხშირად უკონტროლო ხდება.
კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ცხელი ამინდები ხელს უწყობს მშრალ პერიოდში ცეცხლის გაჩენას, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო მასშტაბურია. გლობალური დათბობა კიდევ უფრო ზრდის მსოფლიოში ტყის ხანძრების ალბათობას.
ორგანიზაცია “ინტერსეპტის” მონაცემებით, გასული 50 წლის განმავლობაში ამაზონიაში დაახლოებით 20% – 300 000 კვადრატული მილი ტყე გაიჩეხა.
თუ ამაზონიის ტყეს კიდევ 20% მოაკლდა, ამან შესაძლოა მისი შეუქცევადი კვდომა გამოიწვიოს, რაც მას აფრიკული სავანას ტიპის ტერიტორიად გადააქცევს. ასეთ შემთხვევაში ტროპიკულ ტყეებთან ერთად გაქრება იქ არსებული ფაუნაც, რაც ატმოსფეროში დამატებით 140 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს გამოათავისუფლებს და წვლილს შეიტანს გლობალური ტემპერატურის მატებაში.
თუ ასეთი კვდომის პროცესი დაიწყო, ამაზონიის ტყის ბედზე “ადამიანის ინტერვენცია და სინანული გავლენას ვეღარ მოახდენს”, – აცხადებს “ინტერსეპტი”.
ორიგინალი: https://www.businessinsider.de/