ბავშვთან ერთად სასეირნო ადგილები თბილისში და მათი ნავიგაცია
თბილისში ფაქტობრივად აღარ რჩება ისეთი პარკები და საჯარო სივრცეები, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის გასეირნება სუფთა ჰაერზე იქნება მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვის გასეირნება სუფთა ჰაერზე და არა სხვადასხვა ტიპის კომერციულ “ხაფანგში” გაბმა და სასურველ თუ არასასურველ გასართობში ფულის ხარჯვა.
სად შეიძლება წავიდეთ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სუფთა ჰაერზე სასეირნოდ?
პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სუფთა ჰაერს თითქმის ვერსად ჩავისუნთქავთ და მერე იმაზეც, რომ სასეირნოდ წასასვლელად უმეტესად რაიმე სატრანსპორტო საშუალება დაგვჭირდება:
ლისის ტბა
ლისის ტბაზე თუ მანქანა არ გყავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მოხვდებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დადის. შეგიძლიათ თანხების დაზოგვის მიზნით დელისამდე მეტროთი ან ნუცუბიძის რომელიმე პლატომდე ავტობუსით მიხვიდეთ, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ტაქსი მაინც დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში თუ მანქანა გყავთ, მხოლოდ პარკინგის მოსაკრებელს იხდით. პარკინგიდან ტბამდე შეგხვდებათ სანაყინე, რამდენიმე არც თუ ისე ჯანსაღი სასუსნავით მოვაჭრე ჯიხური, საბავშო ეზო ქვიშის ყუთით, ბატუტებით და ჰამაკებით, რომელში შესვლაც ერთი ბავშვისთვის 5 ლარი ღირს და ვირტუალური რეალობის სავარძლები.
კუს ტბა
მანქანის გარეშე კუს ტბაზე ასვლა უფრო მარტივია, ვიდრე ლისის ტბაზე, საბაგირო შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაკის პარკიდან, მაგრამ თუ სიმაღლის შიში გაქვთ, არ გაგიმართლათ. ტაქსი დაგჭირდებათ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც აქ არ დადის. ნაკლები სივრცის დამსახურებით “ხაფანგები” კუს ტბაზე ნაკლებია. ტბის გარშემო სიარულისას კარგ ამინდებში შეგხვდებათ “სათევზაო” ჯიხური, გასაბერი ბატუტი-სასრიალო, პოპკორის და ტკბილეულის ჯიხური, რამდენიმე კაფე და ექსტრემალური ბატუტი.
ვაკის პარკი
ვაკის პარკში მოხვედრა მარტივია, თუმცა “საფრთხეებიც” შესვლისთანავეა ჩასაფრებული; გასაქირავებელი მართვადი მანქანები დიდ შადრევანთან, გასაბერი სასრიალო, ბატუტი და სანაყინე მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ სათამაშო მოედანთან, კიდევ რამდენიმე ჯიხური, იაფფასიანი უხარიხო სათამაშოებით მოვაჭრეები, პოპ-კორნის დანადგარები და მთავარი – შუმბალენდი. ატრაქციონების პარკი, რომელმაც შთანთქა პარკის საკმაოდ დიდი ნაწილი და რომელშიც თითო ატრაქციონის ფასი 1 ლარიდან 3 ლარამდეა;
დედაენის პარკი
დედაენის პარკი შეიძლება ითქვას რომ ბავშვებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი საჯარო სივრცეა, სადაც გარდა თავშეყრისა, შეუძლიათ სკეიტპარკში ადრენალინიც მიიღონ. ბოლო წლებში ამ პარკს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი საახალწლო დღეებში სტუმრობს, როცა საშობაო სოფელი ეწყობა და ბავშვიანების ცხოვრებაც ყველაზე მეტად ამ დროს რთულდება. მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის თანხებით მოწყობილ საშობაო სოფელში სახელდახელოდ მოწყობილ ატრაქციონებზე, რომლებიც მთლიანად ახშობენ სივრცეს, ფული თქვენ უნდა გადაიხადოთ.
მუშტაიდის პარკი
მუშტაიდის პარკი უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და აქ ატრაქციონების ფასები ყველა სხვა პარკთან შედარებით დემოკრატიულია. მდგომარეობას ამძიმებენ პარკის შესასვლელში მობილიზებული გარემოვაჭრეები, რომლებიც თქვენი შვილის ყურადღების მიქცევას უხარისხო, იაფფასიანი პროდუქციით და ენერგიული შეძახილებით ცდილობენ.
ზოოპარკი
ზოოპარკში სტუმრობის ორი ბილეთის ყიდვა დაგჭირდებათ. ერთი ბილეთი თავად ზოოპარკისთვისაა, მეორე კი ზოოპარკში მდებარე ტერატიუმის კარის გასაღებად. უხარისხო საბავშვო პროდუქციით მოვაჭრეები აქაც მრავლად დახვდებიან როგორც ზოოპარკის გარეთ, ასევე შიდა სივრცეში. დამატებით “საფრთხეებს” სხვადასხვა სერვისის გამყიდველები წარმოადგენენ: – სახეზე მოხატვა, გასაბერი სასრიალო, ბატუტი და ატრაქციონები, რომლებიც ზოოპარკის ბოლოშია განთავსებული.
მთაწმინდის პარკი
მთაწმინდაზე მოხვედრისთვის სამი გზა არსებობს: პირადი ავტომობილი, ავტობუსი და საბაგირო. თუ მანქანა არ გყავთ, სჯობს საბაგიროთი ისარგებლოთ, ვინაიდან ავტობუსი დიდი ინტერვალებით დადის და ძალიან ძველი და მწყობრიდან გამოსულია. ავტომობილით თუ ახვალთ, პირველი თანხის გადახდა პარკინგზე მოგიწევთ. პარკის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის განთავსებულია ატრაქციონები, დინოზავრების პარკი და სხვადასხვა სათამაშოები. აქვეა საკვები ობიექტები.
იპოდრომი
იპოდრომი ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვის გასეირნება სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი, თუმცა სამანქანო გზა, რომელიც გარშემო აკრავს, მასთან ბავშვით მიახლოებას საკმაოდ ართულებს.
ბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღის ტერიტორია საბავშო “ხაფანგებისგან” ფაქტობრივად თავისუფალია. აქ მოსახვედრად მხოლოდ ბილეთის შეძენა დაგჭირდებათ. ბაღში ფუქნციონირებს კაფეც;
მზიური
მზიურში გასეირნება ბავშვებთან ერთად მოხერხებულია მისი მდებარეობის გამო, თუმცა გასული წლების განმავლობაში მის გარშემო მიმდინარე გზებისა და კორპუსების მშენებლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა მისი მასშტაბიც და ჰაერის სისუფთავეც. მზიური კარგი მაგალითია იმისა, როგორ არ ზრუნავენ საბავშვო ადგილებში ბავშვებისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობაზე, ვინაიდან აქ არსებული საზოგადოებრივი ტუალეტი არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და საღამოს საათებში უმეტესი ტერიტორია გაუნათებელია.
თბილისში არსებული საჯარო ადგილების ზედაპირული გადახედვაც კი ნათელს ხდის დღევანდელი ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სუსტ წერტილებს და მთავარ ნაკლს, ჩვენ გვიწევს ცხოვრება გარემოში, რომელიც სავსეა ბარიერებით, “კომერციული ხაფანგებით” და არ იძლევა დასვენებისა და დამშვიდების, ბუნებასთან კონტაქტის საშუალებას.