fbpx

And Then We Danced – ინტერვიუ ლევან აკინთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ირინე ჟორდანია

 

ლევან აკინის ფილმი, რომლის პრემიერაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა,   საქართველოს კინოთეატრებში ნოემბრიდან გამოვა. 

თავდაპირველი ბიძგი, რამაც ამ ფილმის გადაღება გადამაწყვეტინა, 17 მაისი იყო. როდესაც ვნახე სცენა, სადაც ოციოდე ახალგაზრდა ადამიანი, რომლებმაც  გადაწყვიტეს თანასწორობისთვის ქუჩაში გამოსულიყვნენ, გავეშებული ზღვა ხალხისგან ერთ ავტობუსში იცავდა თავს. 

ამ ხალხის მაგივრად ძალიან შემრცხვა. ეს არ იყო ტოლერანტული, მშვიდობისმოყვარე საქართველო; ქვეყანა, რომელსაც მე ვიცნობდი და რომელ კულტურასაც თავს მივაკუთვნებდი – სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ამ თემაზე  ფილმი გამეკეთებინა.

 

 

როგორც ცნობილია, ბევრ სირთულეს წააწყდით

კანონები, რომლებიც საქართველოში უმცირესობების უფლებებს იცავს, მხოლოდ ქაღალდზე მოქმედებს. სინამდვილეში კი საქმე სულ სხვანაირადაა და ეს ჩვენს თავზეც ვიწვნიეთ. თვალსა და ხელს შუა ქრებოდა დამტკიცებული ობიექტები, სადაც ფილმი უნდა გადაგვეღო, ხალხი, ვისთან ერთადაც უნდა გვემუშავა. ეს ყველაფერი საბოტაჟს ჰგავდა. ამიტომაც, იძულებულები გავხდით, ნამდვილი ამბავი, რაზეც ფილმს ვიღებდით, მხოლოდ ვიწრო წრისთვის გაგვემხილა.

 

მოკლედ მოთხრობილი ამბავი:

ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბი სახელმწიფო ანსამბლში მოსახვედრად შესარჩევი ჩვენებისთვის ემზადება. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც თავის კონკურენტს, ირაკლის გაიცნობს. მათი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს ეწინააღმდეგება. 

 

Image result for and then we danced

 

ფილმის გმირი 

ლევანი პროფესიონალი მსახიობი არ არის, ის მოცეკვავეა. მასთან ერთად მუშაობა ჩემთვის ერთდროულად რთულიც იყო და საინტერესოც. ის ძალიან მგრძნობიარე და პლასტიკურია, თუმცა, მეორე მხრივ, ამას გარკვეული სირთულეები ახლდა. მაგალითად, ის, რომ ლევანი არასოდეს იმეორებდა, ყოველ დუბლს სხვადასხვანაირად თამაშობდა, ამიტომ მისთვის სხვადასხვა ამოცანის მიცემა მიხდებოდა ხოლმე, ან დავალების, რასაც ხანდახან მექანიკური გზითაც ვაღწევდით ხოლმე. 

 

Related image

 

სცენარიდან გადასაღებ მოედნამდე

სცენარის წერისას, როგორც წესი, კლასიკური დრამატურგიის გზით მივდივარ, თუმცა, შემდეგ, უკვე გადასაღებ მოედანზე, იმპროვიზაციას გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე წინასწარ განსაზღვრულ მიზანსცენას, სპონტანურობა უფრო მომწონს. ვფიქრობ, რომ გაცილებით საინტერესოა მსახიობებს თავისუფლება მისცე, ურთიერთობის თავისუფლება, მათ გაჰყვე – ეს გაცილებით ბუნებრივია, ვიდრე წინასწარ დადგენილი კონკრეტული მიზანსცენის გათამაშება. იგივე შემიძლია ვთქვა დიალოგებზეც, რომლებიც ხშირად მსახიობებისგან მომდინარეობდა ხოლმე. ამ გზით მაქსიმალურ ორგანულობას ვაღწევდით.  

 

ტრადიციულის და თანამედროვეს აცდენა, განსხვავებულის მიუღებლობა, ეს ის საკითხებია, რომლითაც ინტერესდებით?

ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელია ტრადიციული ქართული ცეკვაც და სიმღერაც. როცა  „წინწყარო“ მესმის, თვალზე ცრემლიც კი მადგება, თუმცა, ბევრი ადამიანისთვის ეს ტრადიციული კულტურა დღეს ჩაგვრისა და დათრგუნვის სიმბოლოდ იქცა. 

არავის აქვს უფლება მეორე ადამიანს მიუთითოს, თუ რას უნდა ნიშნავდეს მისთვის ესა თუ ის ტრადიცია, ან ეროვნული კუთვნილება – რას ნიშნავს იყო ქართველი. ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს. 

ყველაფერი ვითარდება, კაცობრიობის ისტორია განვითარების ისტორიაა, გამონაკლისი არც ხელოვნების ტრადიციული მიმართულებებია. და რაც არ ვითარდება, ის განწირულია. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც ათასი ან ორი ათასი წლის წინ ვცხოვრობდით?! 

გარდა იმისა, რომ ცეკვა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, თვითგამოხატვის ეს ხერხი პირადად ჩემთვისაც ძალიან ახლოსაა.  მე თვითონ ადრეულ ასაკში ვცეკვავდი, ჩვენი ფილმის მთავარი გმირიც მოცეკვავეა. ქართულ ტრადიციულ ცეკვასაც, ვფიქრობ, განვითარება სჭირდება. 

ყველაფერი, რაც ფილმშია ნაჩვენები – ის, რაც ქართულ ტრადიციულ ანსამბლში ხდება, ნამდვილ ამბავს ეყრდნობა. ქართული ცეკვაც ჩაკეტილია თავის თავში. როდესაც ჩვენი ფილმის ერთ-ერთი გმირი, ცეკვის მასწავლებელი, მერაბს ეუბნება, რომ ქართულ ცეკვაში სისუსტის ადგილი არაა, ეს მართლა ასეა, ქართული ცეკვა ძალიან მასკულინურია და კონსერვატორული, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოება. 

 

Image result for and then we danced

 

ადამიანის საზოგადოებასთან დაპირისპირების გზით ჩვენ ვაჩვენეთ ის კონტრასტი, რომელიც აქ არსებობს. კონტრასტი ქვეყნის შიგნით. ერთი მხრივ, ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ ცხოვრება საკუთარი სურვილისამებრ მოიწყონ და მეორე მხრივ, კონსერვატიული საზოგადოება, რომელიც მათ თავის პატერნს სთავაზობს.

ადამიანებს, რომლებიც თავს სექსუალურ უმცირესობებს მიაკუთვნებენ, მუდამ ტყუილში უხდებათ ცხოვრება. პატრიარქალური საზოგადოება მათ დაწესებულ ნორმებში ცხოვრებას აიძულებს, რაც არათუ რთული, ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც თვითდამკვიდრების პროცესს გადის. ეს ფილმი, უპირველეს ყოვლისა, ამ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ფილმი თითქოს გვერდიდან დანახულ ეგზოტიკურ ქვეყანას გვაჩვენებს – იტალიური ეზოებით, ჭორიკანა მეზობლებით,  სახინკლით, „მალინა, მალინას“ გამჭოლი ხმით… ის ეხება საზოგადოების იმ მანკიერ თვისებებს, რომლებიც ზედაპირზე დევს. 

მე რეჟისორი ვარ და ვაჩვენებ იმას, რასაც ვხედავ. გადაღებების პროცესს წინ ხანგრძლივი და სერიოზული კვლევა უძღოდა. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვკითხე, სცენარი სწორედ მათ მონათხრობს ეყრდნობა. იმ ადამიანებისას, რომლებსაც ამ მოცემულობაში უწევთ ცხოვრება.

მაგრამ, ვფიქრობ, რომ ფილმს ბევრი შრე აქვს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ბევრ ადამიანს ეხება. თუმცა, ასევე დავამატებდი, რომ კონსერვატიული კულტურისთვის გარე მზერა სუფთა ჰაერივითაა და ამიტომ, შეიძლება, ძალიან სასარგებლო და აუცილებელიც კი იყოს. 

 


რეკომენდებული სტატიები
And Then We Danced შვედეთი ოსკარზე აგზავნის

And Then We Danced შვედეთი ოსკარზე აგზავნის

And Then We Danced შვედეთი ოსკარზე აგზავნის
ქართველი რეჟისორის სურათი ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში მოსახვედრად გამართულ ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო
საუკეთესო ფილმი და მსახიობი — And Then We Danced-ის ტრიუმფი ოდესის კინოფესტივალზე

საუკეთესო ფილმი და მსახიობი — And Then We Danced-ის ტრიუმფი ოდესის კინოფესტივალზე

საუკეთესო ფილმი და მსახიობი — And Then We Danced-ის ტრიუმფი ოდესის კინოფესტივალზე
რამდენიმე წუთის წინ ოდესის კინოფესტივალის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლიდნენ. მთავარი ტრიუმფატორი კი შვედურ-ქართული ფილმი And Then We Danced გახდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.