8 მარტიდან ერთი კვირის შემდეგ – ანა მაყაშვილი
ახლა, როცა რუსული პროპაგანდის, ადგილობრივი კონიუნტქურის, რამდენიმე ასეული უსაქციელო თანამემამულისა თუ სამივეს ხელშეწყობით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე შეექმნა, ის ზაფხული გამახსენდა, როცა პირველად დავიწყეთ ამ ნანატრი მონაპოვრის მასობრივი გამოყენება.
2017-ის ზაფხული მაქვს მხედველობაში.
…ამ ივლისს ნახევარი თბილისი, უკაცრავად – Instagram-ი, მართლაც აქტიურად სარგებლობდა უვიზო მიმოსვლით და შენგენის სხვადასხვა ქვეყანაში ასაკშეპარული ბენდების (Radiohead-ის, Coldplay-ს, Depeche Mode-ის) დიდ კონცერტებს ესწრებოდა.
ისინი, ვინც Instagram-ზე ჩემი მეგობრები არ იყვნენ, ჩემს უბანში (აღმაშენებელზე) ფსევდო-ნაციონალისტურ მსვლელობას – ,,ქართველთა მარშს“ მართავდნენ და მიზნად ქვეყნის ,,იმიგრანტებისგან გასუფთავებას“ ასახელებდნენ, ოღონდ მათ სამიზნეებში რომელ ეთნიკურ ჯგუფს არ ნახავდით, რუსების გარდა. ეტყობა, იმ ერთი 40-იოდე წლის ტაქსის მძღოლივით მოუვიდათ, რომელმაც მითხრა, რუსეთს ახლა ინფლაცია რომ აქვს, საზღვარგარეთის ბრალიაო, და რითაც, უნებურად, გამოხატა, რომ აშშ-სა და ევროპისგან განსხვავებით, რუსეთს საზღვარგარეთად სულაც არ მიიჩნევდა.
მეორე მხრივ, რამდენიმე დღის შემდეგ, იმავე უბანში უკვე ქალების მარში მოეწყო. არ მახსოვს, ეს უკანასკნელი რისი გამოძახილი იყო – სავარაუდოდ, 2017 წლის 21 იანვარს მსოფლიოში, მეტადრე ამერიკაში, ჩატარებული ,,ქალთა მარშისა“, რომლის მთავარ ლოზუნგთა შორის „დასრულდეს სიძულვილი“ იყო და რომელიც, საბოლოოდ, დემოკრატიით – თავისუფალი არჩევნების შედეგებით – აღშფოთებულ, სიძულვილში გაზავებულ მარშად იქცა, როცა, მაგალითად, მადონამ, ამ, ერთ დროს, მშვენიერმა ,,მატერიალურმა გოგონამ“, დასჭექა: ,,დიახ, მე გაბრაზებული ვარ. დიახ, მე აღშფოთებული ვარ. დიახ, მე მილიონჯერ მიფიქრია თეთრი სახლის აფეთქებაზე!“
ბოლო დროს ხშირად მიფიქრია, როგორ წამდაუწუმ ხდება თავისუფლებების იდეათა დისკრედიტირება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ამ იდეების ხმაურიანად საჯარო დამცველები არიან… მაგრამ ეს სხვა თემაა. დავბრუნდეთ საქართველოში, აღმაშენებელზე. ადგილობრივი ქალთა მარშის შესახებაც, ძირითადად, Instagram-ის ფოტოებიდან და ვიდეოებიდან შევიტყვე; მაგალითად, ერთი ცნობილი თბილისური ოჯახის დაქვრივებული რძალი მოკლე ქვედაბოლოსა და ტოპში სოლიდარობას უცხადებდა ქალებს შემაღლებული ადგილიდან. ვაკის პარკის ტერიტორიიდან შინისკენ ფეხით მიმავალს, გზადაგზა უკვე მხოლოდ მარშის ნარჩენები მხვდებოდა – ღია კაფეებში მიმოფანტული, კოქტეილებითა და ლუდებით აღჭურვილი მსვლელობის მონაწილეები.
ცხადია, ნაცნობებიც ბლომად იყვნენ. მარშის ეპიცენტრიდან, სადღაც 20 წუთის სავალზე, ერთმა შემხვედრმა გოგონამ გაკვირვებითაც კი მკითხა, შენ (კურსივი მისია – ინტონაციაში და თვალებში დავუნახე) როგორ არ იყავი ქალების აქციაზეო. მორალური უპირატესობა არ დავუთმე და ვუპასუხე, მე სხვა ქალების აქციაზე ვიყავი-მეთქი.
დაიბნა, მაგრამ არ მომიტყუებია. მე ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის შეხვედრიდან მოვდიოდი, სადაც არც ერთი კაცი არ იყო და სადაც, კოლეგებთან ერთად, მოხსენება გვქონდა იმაზე, თუ როგორ გვქონდა მოხსენება ედინბურგში ორი კვირის წინ.
სხვათა შორის, ქალთა საერთაშორისო მარში ედინბურგში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზეც აქტუალური თემა იყო. კონფერენციის მიღმაც, ამ ტურისტული ქალაქის (რომელში მოსახვედრადაც უვიზო მიმოსვლის სიკეთეები საქართველოს მოქალაქეებისთვის არ ვრცელდება) ტურისტულ მაღაზიებს უკვე მოესწროთ ვიტრინების ისეთი წიგნებით დამშვენება, როგორიცაა ,,ტრამპიზმები“ ან ,,როგორ გადავურჩეთ ბრექსიტს“.
და კონფერენციაზეც, რა თქმა უნდა, რომელშიც პოლიტიკური და სოციალური მეცნიერები მონაწილეობდნენ, PowerPoint-ის სლაიდებზე ერთმანეთს მოხდენილად ენაცვლებოდნენ ზემოთ ხსენებული ქალთა მარშის ამსახველი კადრები, ბრექსიტი და ტრამპი და, მაგალითად, გაბადრული გერმანელი ოფიციოზის ფოტო იმის აღსანიშნავად, რომ იქ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს (ისე, სად იყვნენ ამდენ ხანს?!). მეც, ჩემი კვლევით, არ ვიყავი მთლად შორს კონფერენციის ზოგადი თემატიკიდან, უბრალოდ PowerPoint-ის ნაცვლად, ერთ დიდ პოსტერზე მქონდა სათქმელი დატანილი.
მოკლედ, მშვენიერი პლაკატური დემოკრატიისა და პოსტერული მოხსენებების მონაწილე შევიქენი, სადაც შევიტყვე, რომ თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მეცნიერები ადამიანებს უკვე ლამის ორ ნაწილად ყოფენ: გლობალური დათბობის უარმყოფელებად და გლობალური დათბობის მომხრეებად.
თუ რა მნიშვნელობას დებენ მეცნიერები ამ ორ კატეგორიაში, ალბათ თავად მიხვდებით, თუმცა ჩვენთან გლობალურ დათბობას თურმე უფრო პრაგმატულად უყურებენ: ამას წინათ, მეგობარმა მითხრა, ერთ ჩვენი ნაცნობის მამას გლობალური დათბობის შესაძლებლობა ახარებსო.
გურიაში ცხოვრობს და ზღვის დონე რომ მოიმატებს, ჩემს სახლამდეც მოვა ზღვა და პატარა სასტურმოს გავაკეთებო.