fbpx

გერმანიის მოქალაქეები ვალდებულები ხდებიან ბავშვები წითელაზე აცრან


გააზიარე სტატია


გერმანიის მოქალაქეები ვალდებულები ხდებიან ბავშვები წითელაზე აცრან, თორემ მათ სოლიდური ჯარიმა დაეკისრებათ –  ასეთი გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა გასულ კვირას მიიღო. აღნიშნულის მიზეზი წითელას მზარდი შემთხვევები გახდა. 2019 წელს გერმანიაში წითელას 501 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, წითელას შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ სახელმწიფოებშიც იზრდება.

კანონი ძალაში შემდეგი წლის მარტიდან შევა და ყველა ბავშვის მეურვე ვალდებული იქნება პატარას აცრის შესახებ ცნობა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ.

კანონი გავრცელდება როგორც დაწყებითი, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებზეც. სკოლისა და სხვა საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლები ასევე ვალდებულები ხდებიან ოფიციალურ სტრუქტურებს იმ მშობლების შესახებ შეატყობინონ, რომლებიც თავიანთი შვილების აცრაზე უარს აცხადებენ. ასეთ  შემთხვევაში შესაძლოა მშობლები 2 500 ევროთი დაჯარიმდნენ. წითელაზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი აუცილებელი იქნება ასევე 1970 წლის შემდგომ დაბადებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ბავშვებთან მუშაობენ.

გერმანიის საკანონმდებლო ცვლილება დადებით ეფექტს მალევე გამოიღებს. ამის იმედს საფრანგეთისა და იტალიის შემთხვევა იძლევა. საფრანგეთში ვაქცინაციის პოლიტიკაში რეფორმა 2018 წელს გატარდა და წითელაზე აცრა მას შემდეგ სავალდებულო გახდა. ანალოგიური რეფორმა იტალიაში 2017 წელს გატარდა და შედეგად ორივე ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას კი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს წითელასთან საბრძოლველად – იმისათვის, რომ დაავადება ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრას, აუცილებელია  მოსახლეობის 95% იყოს აცრილი. 

ნებისმიერი ადამიანი, ვინც წითელაზე აცრილი არ არის და ეს დაავადება არც ბავშვობაში აქვს გადატანილი, დიდი ალბათობით დაავადდება, რადგანაც ამ უკანასკნელს მაღალი კონტაგიოზურობა ახასიათებს.

წითელას რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს – მისი პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა, რის შემდგომაც დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტი ყალიბდება. აცრა ორ ეტაპად ტარდება: პირველი ვაქცინაცია 1 წლის ასაკში, ხოლო მეორე 5 წლის ასაკში კეთდება. 

საქართველოში 2013-2015 წლებში წითელათი დაახლოებით 11 000 ადამიანი დაავადდა და მათგან 4 გარდაიცვალა. 2018 წლის ბოლოს ასევე დაფიქსირდა დაავადების კლინიკური შემთხვევების ზრდა, რის გამოც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან  წითელაზე აცრა საქართველოში სავალდებულო გახდა.

მიუხედავად ამისა, 2019 წელს 300-ზე მეტი ადამიანს წითელას დიაგნოზი დაუსვეს  და მათ უმრავლესობას საავადმყოფოში მოთავსება დასჭირდა.

ბოლო წლების განმავლობაში წითელას ლოკალური ეპიდ-აფეთქებები განვითარებული ქვეყნების პრობლემა გახდა. ამის მიზეზი ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიერ ვაქცინაციის ბოიკოტი გახლდათ. მიზეზად ზოგიერთი მათგანი რელიგიურ შეხედულებებს, ზოგიერთიც კი ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმს ასახელებდა.  წითელას აცრის ეფექტურობაზე სამეცნიერო წრეებში მსჯელობა არ მიმდინარეობს – მაღალი სანდოობის მქონე კვლევები ვაქცინის უსაფრთოებასა და ეფექტურობაზე ხაზგასმით მიუთითებს. აცრებისადმი სკეპტიციზმს კი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის პირველ ნახევარში ევროპაში დაავადების 90 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2018 წლის სრულ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

2017 წელს წითელათი მთელ მსოფლიოში 110 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ვაქცინაციის დამსახურებით 2000-2017 წლების პერიოდში დაღუპვას 21,1 მილიონი ადამიანი გადაურჩა.

 

წყარო: https://www.nytimes.com/

 

1,327 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
5 ვიტამინი, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს

5 ვიტამინი, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს

5 ვიტამინი, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს
საკვები პროდუქტებისგან მიღებული შედეგების გააზრება ადამიანებს ეხმარებათ უკეთესად მართონ საკუთარი ცხოვრება და უფრო ჯანსაღად იცხოვრონ
3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3 სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ
ზამთრის ტონიკების დამზადება ადვილია - სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მიირთვით ტონიკი სისტემატურად. შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.