fbpx

“პრემია იკა” დიდ მოტივაციას გაძლევს — ბექა ყორშია “პრემია იკაზე”


გააზიარე სტატია

“პრემია იკა” 2019 წლის დაჯილდოებაზე, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება, გამარჯვებულები 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან  — მუსიკა, პოსტერის დიზაინი, კედლის მხატვრობა/Street art, IKA IMPACT და საერთაშორისო აღმოჩენა.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჩვენ კი ვაგრძელებთ სტატიების სერიას “პრემია იკას” 2018 წლის გამარჯვებულების შესახებ. 

ჩვენმა მკითხველმა უკვე გაიცნო 21 წლის გრაფიკული დიზაინერი თეო თოიძე, რომელმაც გასულ წელს გაიმარჯვა  ნომინაციაში – „ილუსტრაცია”.
და ახალგაზრდა კომპოზიტორი ერეკლე გეწაძე, რომელიც ნომინაცია „მუსიკის“ აღმოჩენა გახდა.

 

ამ სტატიაში ბექა ყორშიაზე მოგიყვებით, რომელიც “პრემია იკას” 2018 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში — “ლიტერატურა”. 

ბექა  17 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. პირველი წარმატება მალევე მოიპოვა და მეორე კურსზე ქუვეითის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და ერთი წლით ელ-ქუვეითში გაემგზავრა. 

სახელმწიფო დაფინანსებით მოხვდა კაიროს უნივერსიტეტშიც. ეგვიპტეში ცხოვრების პარალელურად კი დაიწყო ბლოგების წერა, რისთვისაც, როგორც წლის საუკეთესო ბლოგის ავტორს ევროკავშირის პრიზი გადასცეს ჟურნალისტიკაში.

დღეს ბექა უკვე მოთხრობებს წერს და თან იმდენად კარგად, რომ “პრემია იკას” გასული წლის ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტულიც კი მოიპოვა. 

 

AT.ge-მ ბექა ყორშიას რამდენიმე შეკითხვით მიმართა: 

 

რა არის თქვენთვის “პრემია იკა”?

ქართველ არტისტებს, მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებს ძალიან აკლიათ საქართველოში ყურადღება. მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ ეს რამდენიმე ასეული კაცი. ერთმანეთის წიგნებს ვკითხულობთ, ერთმანეთის ტრეკებს ვუსმენთ, ერთმანეთის გამოფენებზე დავდივართ და ამგვარად აქტიური სახელოვნებო ცხოვრების წარმოსახვით რეალობას ვქმნით. არ არის მარტივი ამ საყოველთაო იმედგაცრუების, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური დეპრესიის დროს, როცა არავის არაფერი აღარ უნდა, აუდიტორია მიიზიდო. მით უმეტეს, თუ საკუთარი თავით თავადვე არ ხარ კმაყოფილი. “პრემია იკა” დიდ მოტივაციას გაძლევს.

 

როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში “პრემია იკაზე” გამარჯვებამ?

ყველაზე მთავარი, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. დამიბრუნა კი არა, გამიჩინა, რადგან არც არასდროს მქონია. ადრე ლექსებს ვწერდი და სწორედ ამ მიზეზით დავანებე წერას თავი. ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა. როგორც ბოლოს გავიგე, ლიტერატურის ნომინაციის გამარჯვებულის გამოვლენაში მთავარი სიტყვა ჩემს საყვარელ თანამედროვე მწერალს, აკა მორჩილაძეს უნდა ეთქვა, რამაც სიხარული გამიასკეცა. მოკლედ, ძალიან კარგად ვგრძნობდი იმ წუთებში თავს და ეგ ემოცია დღემდე მომყვება.

 

გამარჯვებულის გადმოსახედიდან, რა არის “პრემია იკას” მთავარი სათქმელი?

„არ გაჩერდე“ – ეს არის ჩემთვის ამ პრემიის მთავარი მესიჯი. ვფიქრობ, ეს შეძახილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ნებისმიერი დებიუტანტისთვის.

 

უკვე მეორე წელია, რაცპრემია იკას” ოფიციალური წარმდგენია ტერა ბანკი.

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.