საშუალო განათლების ალტერნატიული მეთოდები
როგორც ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდით, 2015 წელს PISA-ს ტესტში მონაწილე 70 ქვეყნიდან საქართველო მე-60 ადგილზე გავიდა. გაგვასწრეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მონტენეგრო, კოსტა-რიკა, კოლუმბია, ტაილანდი და ტრინიდადი და ტობაგო.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა რომ კრიზისშია ამის შესახებ საჯარო კონსენსუსი უკვე არსებობს. საჭიროა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გზების დასახვა, მათ შორის საშუალო განათლების მოდერნიზაციის სტრატეგიისაც, რომელიც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ არსებული სასკოლო მოდელების სრულყოფას, არამედ ახალი, ექსპერიმენტული მიდგომების გამოყენებასაც.
ასეთი მოდელები კი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე საკმაოდ გამოკვლეულია და აპრობირებულია. ჩვენ ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
განათლება ბავშვმა შეიძლება მიიღოს სახლში:
“ჰოუმსქულინგი” კაცობრიობის ყველაზე ძველი და ნაცადი ხერხია. ადრე, როდესაც აკადემიებში თუ სხვა იშვიათ სასწავლებლებში მხოლოდ პრივილეგირებული მოზარდები ხვდებოდნენ, კაცობრიობის დანარჩენი, მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილი სახლში, თავისით ან მშობლების დახმარებით სწავლობდა ყველაფერს.
დღეს ამერიკელი ახალგაზრდების 3% განათლებას სახლში იღებს. ისინი სტანდარტიზებულ ტესტებში საშუალოზე მაღალ ქულებს იღებენ და “Ivy Leage”-ის უნივერსიტეტებშიც წარმატებით აბარებენ.
საოჯახო სკოლებში მასწავლებლებად მშობლები ან მოწვეული სპეციალისტები არიან ხოლმე.
ამ და სხვა ალტერნატიული სწავლების მეთოდებში ჩართული ბავშვები სახელმწიფომ შეიძლება PISA-ს მეთოდოლოგიით წელიწადში ერთხელ დატესტოს, რათა რომელიმე ბავშვი უპასუხისმგებლო მშობლების მსხვერპლი არ გახდეს.
განათლების მიღება უკვე შეიძლება ონლაინ:
უკვე აღარ დარჩა სფერო, რომლის სწავლასაც ონლაინ ვერ მოახერხებთ. ინტერნეტის მეშვეობით უმაღლესი განათლების მიღებაც შეგიძლიათ, თან ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიც Harvard, MIT და Stanford-ია.
ონლაინ კურსების შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენი სტატია.
ამასაც რომ თავი დავანებოთ, რატომ არ შეიძლება, რომ ერთი კომპიუტერის და ინტერნეტის მეშვეობით, მაღალმთიანი სოფლიდან ბავშვი თბილისში, რომელიმე კარგი სპეციალისტის სკაიპ-გაკვეთილზე მოხვდეს?
თუკი ეს სფერო ბიზნესისთვის გაიხსნება, @NEBULA თავის უკვე წარმატებულ პლატფორმას კიდევ უფრო გააფართოვებს და თქვენი შვილი შეძლებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიიღოს ონლაინ განათლება, თუკი თქვენ ამას მოისურვებდით.
ბიზნეს-კონკურენცია კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ და თქვენი შვილი მუდმივად მიიღებთ საუკეთესო ხარისხს ყველაზე დაბალ ფასად.
ონლაინ სკოლის მაგალითად K12-ის გამოდგება – აშშ-ში, ვირჯინიაში განლაგებული ეს კერძო ონლაინ-სკოლის პლატფორმა უკვე 17 წელია რაც ამერიკელი მოსწავლეებისთვის კლასიკური “აგურის სკოლების” ალტერნატივაა.
განათლებას თქვენი შვილი ისეთ ადგილასაც კი მიიღებს, რომელიც საერთოდ არ ჰგავს კლასიკური გაგებით სკოლას
წარმოიდგინეთ სკოლა, სადაც არ არსებობს კლასები, არც სასწავლო გეგმაა და არც ამა თუ იმ საგნის გაკვეთილი და საშინაო დავალება – ასეთ ადგილს სადბერის სკოლას ეძახიან. ეს სახელი უკავშირდება 1968 წელს აშშ-ში, მასაჩუსეტსში დაარსებულ სკოლას, რომლის მსგავსსაც დღეს განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში შეხვდებით.
პირველი სადბერის სკოლა დღესაც არსებობს. აქ ბავშვები საკუთარი ბედის სრული ბატონ-პატრონები არიან და მხოლოდ ერთი რამ ევალებათ – დღის განმავლობაში სკოლაში 5 საათის გატარება. რაში დახარჯავს ბავშვი ამ ხუთ საათს, თამაშში თუ კითხვაში, მთლიანად მის პასუხისმგებლობაზეა.
სადბერის იდეის შემქმნელებს სურდათ ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა ახლის სწავლის და გაგების სურვილში გადაეყვანათ, ამისთვის უბრალოდ შექმნეს სივრცე, სადაც ყველანაირი ინტერესის მქონე ბავშვი შეძლებდა საკუთარი ენერგია ამა თუ იმ სფეროსკენ მიემართა.
სადბერის მოსწავლეების უმეტესობა წერა-კითხვას თავად სწავლობს, თავად ირჩევს, რა ისწავლოს და რადგან არჩევანი მისი გაკეთებულია, ბეჯითადაც მიჰყვება საქმეს. იმდენად ბეჯითად, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებულთა 85% უნივერსიტეტებში წარმატებით ხვდება.
თვითმმართველობა აქ უმაღლეს დონეზეა აყვანილი – 10 წლის მოსწავლეს და სკოლის დირექტორს, ორივეს თითო ხმა აქვს კენჭისყრისას ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად. ალბათ რთულია წარმოიდგინოთ, რომ ბავშვები საკუთარი განათლების მენეჯმენტს თავს ართმევენ… მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი სკოლები უკვე ნახევარი საუკუნეა საკმაო წარმატებით მუშაობენ.
მეორე საკითხია, გვაქვს თუ არა დღეს განათლების ბიუჯეტში იმდენი ფული, რომ ყველა ბავშვს საკმარისი ვაუჩერი მივცეთ, რათა მათ მშობლებთან ერთად თავად აირჩიონ, როგორი ფორმით ურჩევნიათ განათლების მიღება.
თუ ვაღიარებთ, რომ სკოლა მხოლოდ აგურის ოთხსართულიანი შენობა არაა და მთელ ბიუჯეტს მოსწავლეებზე თანაბრად გადავანაწილებთ, თითო ბავშვს 2000 ლარამდე ვაუჩერი მოუწევს. ხოლო თუ ვიტყვით, რომ მთავრობა მხოლოდ იმ ოჯახებს უნდა ეხმარებოდეს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ, საქართველოს მოსახლეობის უფრო ღარიბ 70%-ს შეგვიძლია 3000-მდე ლარის საგანმანათლებლო ვაუჩერებიც კი მივცეთ.
ამხელა თანხა იმის გარანტიაა, რომ განათლება საქართველოში მომგებიანი, მიმზიდველი ბიზნესი გახდება. ეს გამოიწვევს ამ სფეროში ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების შესვლას, რეალური კონკურენციის გაჩენას და ბავშვების უმეტესობისთვის – ბევრად უკეთეს, ხარისხიან განათლებას.
იქნება ეს რეფორმა იდეალური გამოსავალი ყველა ბავშვისთვის? რა თქმა უნდა, არა. ყოველთვის გამოჩნდებიან ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, თანატოლებზე ცუდ განათლებას მიიღებენ. მაგრამ, მოდით, ასეთი ბავშვებისთვის გამოსავალი ცალკე ვეძებოთ.
დღეს იმის ეფემერული შიშით, რომ ვინმე განათლების მიღმა არ დაგვრჩეს, ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას ბავშვობას სრულ კოშმარში ვატარებინებთ.