ამსტერდამის პოპულარული მუზეუმები
სიცივის, ხელოვნებისა და პატარა ქალაქების მოყვარულთათვის ამსტერდამი საუკეთესო არჩევანია სამოგზაუროდ. ამდენი სახეობის მუზეუმი კი ბევრ დიდ ქალაქშიც არ შეგხვდებათ, იქნება ეს რენესანსის პერიოდის, ექსპრესიონიზმის, თანამედროვე ხელოვნების თუ სახლ-მუზეუმები.
მეტიც – ამსტერდამი სავარაუდოდ, ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს ოფიციალურად მუზეუმების მოედანი (Museumplein) ჰქვია. აქ ამსტერდამის სამი მთავარი – რაიხსმუზეუმი, ვან გოგისა და მუნიციპალური მუზეუმებია განთავსებული.
AT_ ამსტერდამის რამდენიმე მნიშვნელოვან და გამორჩეულ სამუზეუმო სივრცეს გაგაცნობთ.
ნიდერლანდების ეროვნული მუზეუმი (Rijksmuseum)
რაიხსმუზეუმი – ნიდერლანდების ეროვნული მუზეუმი -, სადაც დაცულია ჰოლანდიის ისტორიისა და ხელოვნების ნიმუშები ამსტერდამში, მუზეუმების მოედანზე (museum square) მდებარეობს.
რაიხსმუზეუმი 1800 წელს ჰააგაში დაარსდა, 1808 წელს კი ამსტერდამში გადმოვიდა. 2013 წელს შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, რომელიც 375 მილიონი ევრო დაჯდა.
მუზეუმის კოლექცია ძალიან მდიდარია, აქ დაახლოებით 1 000 000 ნიმუშია დაცული, მათ შორის რემბრანდტის, ჰალსის და ვერმეერის ნამუშევრები, ასევე გამოფენილია აზიური ხელოვნების მცირე კოლექციაც.
მუზეუმის ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპონატს რემბრანდტის – The Night Watch-ი წარმოადგენს.
ვან გოგის მუზეუმი (Van Gogh Museum)
მუზეუმების მოედანზე მდებარე ამ მუზეუმში, რომელიც 1973 წელს გაიხსნა, ვინსენტ ვან გოგის ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული – დაახლოებით 600 ნამუშევარი და 700 წერილი.
1890 წელს, ვან გოგის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი ნამუშევრები არ გაიყიდა, ისინი მემკვიდრეობით მის ძმას – თეოს გადაეცა. 6 თვის შემდეგ, როდესაც თეო გარდაიცვალა, კოლექცია მის ქვრივს დარჩა. ვან გოგის ნამუშევრების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, იოჰანამ დაიწყო ნამუშევრების გაყიდვა, შემდეგ კი მისი კერძო კოლექცია შექმნა.
კოლექცია Stedelijk Museum-ში გამოიფინა, საბოლოოდ, 1962 წელს კი, სახელმწიფოს ინიციატივით ვინსენტ ვან გოგის ფონდი შეიქმნა.
თუ მუზეუმს ეწვევით, აუცილებლად აიღეთ აუდიო გიდი, რადგან ბევრ საინტერესოს გაიგებთ მხატვრის ცხოვრებაზე. აქ თქვენ ნახავთ ვან გოგის ისეთ ცნობილ ნამუშევრებს, როგორებიცაა: “საწოლი ოთახი არლში”, “ავტოპორტრეტი”, “ნუშის ხის ყვავილობა”, “ტიტების მდელო”, “ხორბლის მდელო ყვავებით” და სხვა. ასევე მუზეუმის ტერიტორიაზეა პატარა კაფე გემრიელი ყავით და საინტერესო სუვენირების მაღაზია.
ამსტერდამის მუნიციპალური მუზეუმი (Stedelijk Museum)
Stedelijk თანამედროვე ხელოვნების და დიზაინის მუზეუმია ამსტერდამში, რომელიც 1895 წლიდან ფუნქციონირებს და მდებარეობს მუზეუმის მოედანზე, ვან გოგისა და რაიხსმუზეუმთან ახლოს. ნეო-რენესანსის სტილის შენობა მე-19 საუკუნეში ადრიან უილემ ვაისმანმა ააშენა, 21-ე საუკუნეში კი შესასვლელი ბენთემ ქროუელმა დააპროექტა. ამ ცვლილების გამო მუზეუმის კოლექცია 4 წლის განმავლობაში სხვა სივრცეში იყო გადატანილი.
სტედელეკ მუზეუმის კოლექცია თანამედროვე და უახლესი ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. აქ შეძლებთ უორჰოლის, ვან გოგის, კანდინსკის, კირშნერის, შაგალის, მატისის, პოლოკის, კუნინგის, ფონტანას და სხვა ბევრი არტისტის ნამუშევრების ნახვას.
მუზეუმის კოლექცია დღეისთვის სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის დაახლოებით 90 000 ექსპონატისგან შედგება და მოიცავს პოპ არტს, ნეორეალიზმს, ბაუჰაუსსა და De Stijl-ს (“დე სტაილ” – 1917 წელს დაარსებული ჰოლანდიური მოძრაობაა, რომლის მიმდევრებიც იყვნენ თეო ვან დეზბურგი და პიტ მონდრიანი).
2009 წლის ნოემბრიდან მუზეუმმა დაიწყო პროექტი Digitization, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ხელოვნების ისტორიის, 1895 წლიდან 1980 შექმნილი წლამდე ნიმუშებისა და დოკუმენტების ციფრული არქივი.
რემბრანდტის სახლ-მუზეუმი (Rembrandt House Museum)
სახლში, სადაც მუზეუმია განთავსებული, რემბრანდტი 1639 – 1656 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა. მე-17 საუკუნის ინტერიერს რამდენიმე წლის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა, სამუშაო ოთახი, სავარაუდოდ, პირვანდელი სახით არის აღდგენილი. ნივთები, რაც მუზეუმში დაგხვდებათ, მოპოვებულია მსოფლიოს სხვადასხვა პირადი კოლექციებიდან.
რემბრანდტი ამ სახლში თავისი შემოქმედების პიკში ყოფნის დროს, მეუღლესთან – სასკია უილენბურგთან – ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდში შეიქმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარიც – The Night Watch, რომელიც რაიხსმუზეუმშია გამოფენილი.
კოლექციაში დაცულია მხატვრის გრავიურები, რითაც რემბრანდტი აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ასევე, მისი მასწავლებლის, პიტერ ლასტმანის ნამუშევრები, რომლებიც მხატვრის შთაგონების წყაროდ ითვლება.
ანა ფრანკის სახლ-მუზეუმი (Anne Frank House)
სახლ-მუზეუმი, რომელიც ამსტერდამში მდებარეობს, ეძღვნება ებრაელი გოგონას ხსოვნას, რომლის სახელიც, ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილის შემდეგ, მისი ამსტერდამში დაწერილი დღიურებით გახდა ცნობილი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს ანა ფრანკი, ოჯახთან და ოთხ ადამიანთან ერთად, სწორედ ამ სახლში, სხვენის საიდუმლო ოთახებში ემალებოდა. ოსვენცემიდან დაბრუნებულმა მამამ ანა ფრანკის დღიური 1947 წელს გამოაქვეყნა. 1957 წელს კი ანას სახელობის ფონდი შეიქმნა ოჯახის საკუთრების დასაცავად.
მუზეუმი 1960 წელს გაიხსნა. ფარული ოთახი სხვენზე პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული და წარმოდგენელია მუდმივი ექსპოზიცია ანა ფრანკის ცხოვრებასა და ისტორიაზე.
ანა ფრანკის მუზეუმი ამსტერდამში ყველაზე ხშირად მონახულებული მუზეუმების სიაში, ვან გოგის და რაიხსმუზეუმების შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.
MOCO – უახლესი ხელოვნების მუზეუმი (Modern Contemporary Museum Amsterdam)
თანამედროვე და უახლესი ხელოვნების მუზეუმი – მოკო, ამსტერდამში, მუზეუმის მოედანზე მდებარეობს და მასში დაცულია თანამედროვე და უახლესი ხელოვნების მნიშვნელოვანი კოლექცია. გამოფენებს აქ საუკეთესო მოწვეული კურატორები ხელმძღვანელობენ.
MOCO მუზეუმი ორი ადამიანის – ლაიონელ და კიმ ლოჯინსების ინიციატივით 2016 წლის აპრილში გაიხსნა, შესაბამისად, ის ქალაქის ერთ-ერთი უახლესი მუზეუმია. ლოჯინსები წლების განმავლობაში მუშაობდნენ თანამედროვე ხელოვნების “ვარსკვლავ” არტისტებთან – კიტ ჰეირინგთან, ენდი უორჰოლთან, ჟან-მიშელ ბასკიასთან, დამიენ ჰირსტთან, ჯეფ კუნსთან, პაბლო პიკასოსთან და სალვადორ დალისთან. მუზეუმის კოლექცია კი მათი კავშირებით და ქველმოქმედებით შეიქმნა.
MOCO-ს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს თანამედროვე ხელოვნებაში ქუჩის ხელოვნება (Street Art) წარმოადგენს. აქ მუდმივად შეხვდებით განახლებულ ინფორმაციას თანამედროვე არტისტებსა და მათ ნამუშევრებზე. მუზეუმს აქვს ძალიან საინტერესო სუვენირების მაღაზიაც.