28 მარტი – დილიდან
Amazon-ის ახალ სერიალში მთავარ როლს ხავიერ ბარდემი შეასრულებს
Amazon კიდევ ერთი სერიალის გადაღებას გეგმავს, პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერად კი სტივენ სპილბერგი მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალს მხოლოდ ოთხი ეპიზოდი ექნება, მის მიმართ დიდი მოლოდინი არსებობს, თუნდაც იმიტომ რომ სცენარს სტივენ ზეილინი დაწერს, რომელსაც სპილბერგთან უკვე უმუშავია ფილმზე “შინდლერის სია”. სერიალში მთავარ როლს ხავიერ ბარდემი შეასრულებს. ერნან კორტესი ესპანელი კონკისტადორი იყო, რომელმაც დაიპყრო მექსიკა და გაანადგურა აცტეკთა იმპერია. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა შემონახული, ამიტომ კორტესის პიროვნებისა და მემკვიდრეობის შესახებ ისტორიკოსები საკმაოდ განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის ფილმები ჟესტურ ენაზე იქნება ადაპტირებული
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება “ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების” მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: “აპოლო ჯავახეთი” და “8 წუთი”. პროექტის მიზანია სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების მეტად ინტეგრირება საზოგადოებაში; კინოხელოვნების ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის; ჟესტური ენის პროპაგანდა და საზოგადოებაში ჟესტური ენისადმი ინტერესის გაღვივება; პროექტ „კინო ჟესტებით” განხორციელების შემდეგ, საქართველოში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანი შეძლებს უყუროს სპეციალურად მათთვის შერჩეულ და ადაპტირებულ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ფილმებს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენებების შემდგომ დისკუსიებში. შედეგად სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების ინტერესი კინოხელოვნების მიმართ გაიზრდება. კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
წყარო: http://www.gnfc.ge/
სასამართლომ ოლივია დე ჰავილანდის სარჩელი არ დააკმაყოფილა
შარშან 101 წლის მსახიობმა ოლივია დე ჰავილანდმა რაიან მერფის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მსახიობი უკმაყოფილო იყო სერიალ Feud-ში, მისი პერსონაჟის გამოყენებისთვის. საქმე ისაა, რომ ოსკაროსანი მსახიობისგან არავის აუღია ნებართვა მისი პერსონაჟის გამოსაყენებლად. მოსამართლის ვერდიქტში კი ვკითხულობთ: “მხატვრულ სამუშაოში წარმოჩენილი ადამიანის ისტორია, იქნება ის მსოფლიო ლეგენდა თუ უცნობი პიროვნება, არავის კუთვნილებას წარმოადგენს. ასევე არავის აქვს უფლება გააკონტროლოს, უკარნახოს, ამტკიცოს, უარყოს ან აუკრძალოს შემქმნელს ნამდვილი ადამიანისგან პერსონაჟის შექმნა”. მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რაიან მერფიც და თქვა, რომ ეს ნამდვილი გამარჯვებაა შემქმნელებისთვის და ყველას, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ამიერიდან თავისუფალი სუნთქვის საშუალება ექნება.
წყარო: http://www.bbc.com/
პაკისტანში პირველად ახალი ამბების წამყვანი ტრანსგენდერი ქალია
21 წლის მარვია მალიკის შესახებ ინფორმაციას CNN ახმაურებს. წამყვანის თქმით, მას სურს დაამტკიცოს, რომ პაკისტანელ ტრანსგენდერებს შეუძლიათ ყველა ტიპის საქმის კეთება და ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. მალიკის ტელევიზიაში გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პაკისტანურ საზოგადოებაში. მალიკი არ მალავს, რომ მას სურს იქცეს პაკისტანის ტრანსგენდერი საზოგადოებისთვის მისაბაძ მაგალითად.
წყარო: https://edition.cnn.com/
DC-ის სუპერგმირების სამყაროს ახალი ფილმი შეემატება
რეჟისორი ავა დუვერნი “ახალ ღმერთებს” გადაიღებს. ახალი ფილმი კომიქსების ამავე სახელწოდების სერიას დაეფუძნება. პირველი კომიქსი 1971 წელს გამოიცა და ის ორი პლანეტის ორთაბრძოლაზეა.
წყარო: http://www.vulture.com/
Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ფირმა Cambridge Analytica-ის საქმეზე კონგრესის წინაშე წარსდგება
ეს ნიშნავს, რომ Facebook-თან დაკავშირებულ ყველაზე დიდ სკანდალზე დამფუძნებელი არა ბრიტანეთის პარლამენტის, არამედ ამერიკის კონგრესის წინაშე ისაუბრებს და არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს. საქმე ეხება ფეისბუქის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გადაცემას ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის, რომელმაც შემდგომ ეს მასალა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
წყარო: http://money.cnn.com/
Samsung-ის ახალი სმარტფონი შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გამოვიდეს
Samsung-ის ახალი სმარტფონის, Galaxy Note 9-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ სიახლე შესაძლოა, აგვისტოს დასაწყისშიც გამოვიდეს. შეგახსენებთ, რომ სმარტფონს ახალი, S-AMOLED ეკრანი, მასზევე დამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სკანერი, 6-გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64-გიგაბაიტიანი მუდმივი მეხსიერება და ორმაგი კამერა ექნება.
წყარო: https://www.pocket-lint.com/
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დღეს, 19 საათზე, წარმოგიდგენთ ზვიად კვარაცხელიას საჯარო ლექციას თემაზე: “ოთარ ჭილაძე – ქვეყნის ნაწილი”
მწერლობა რჩეულთა ხვედრია, რაც თავის მხრივ უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. ამ წოდების ერთ-ერთი ღირსეული მატარებელი ოთარ ჭილაძეა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ეროვნული მწერლობის მიმართ. მთელი თავისი შემოქმედებით ის მშობლიურ ენასა და ერს წარმოადგენდა, რის საშუალებითაც ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
წყარო: https://www.facebook.com/
ქეით ბლანშეტი ჯეკ ბლექთან ერთად ახალ საშინელებათა ჟანრის ფილმში, The House With a Clock in Its Walls, მთავარ როლს შეასრულებს
სიუჟეტი ობოლი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საცხოვრებლად ჯადოქარ ბიძასთან გადადის, სადაც ბიჭი მაგიურ სამყაროს ეზიარება, თუმცა ხვდება, რომ ეს ძალიან საშიშია. ერთ დღესაც ბიჭი საათს იპოვის, რომელზეც ისრები საშინელი სამსჯავროს დღის მოსვლას უახლოვდება. ჯეკ ბლექი ფილმში ბიძის როლს შეასრულებს, ბლანშეტი კი მისის ზიმერმანს განასახიერებს, რომელიც ბლექის პერსონაჟის მეზობელი და უახლოესი მეგობარი ჯადოქარია. ფილმი ეკრანზე 2018 წლის 21 სექტემბერს გამოვა.
ახლახან ფილმის პირველი ტრეილერიც გამოვიდა:
წყარო: https://www.youtube.com/