29 მარტი – დილიდან
Hulu-მ ცოტა ხნის წინ ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სერიალის, The Handmaid’s Tale-ის მეორე სეზონის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა
“ასეთია თავისუფლება?” – ეს არის მეორე სეზონის ტრეილერის მთავარი თემა. თუ ახალი ტრეილერით ვიმსჯელებთ, რომლის ერთ-ერთ შემაძრწუნებელ კადრში ჩამომხრჩვალ მხევლებსაც კი ვხედავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოვლენები კიდევ უფრო დრამატული გახდება. ახალი სეზონის სიუჟეტის ცენტრში რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ელიზაბეტ მოსის გმირის დაკარგული ქალიშვილის ძიების პროცესი იქნება. “მხევლის წიგნი” ახალი სეზონით ეკრანებზე 2018 წლის 25 აპრილს დაბრუნდება.
წყარო: https://www.facebook.com/
კარლოვი-ვარის კინოფესტივალის დირექტორი კარელ ოხი თბილისს ეწვია
ის საქართველოში ბოლო დროს გადაღებულ ფილმებს ეცნობა და კინოპროექტებს ივლისის საფესტივალო პროგრამისთვის შეარჩევს.
ქართველი კინემატოგრაფისტები კიევის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობენ
უკრაინაში, ქალაქ კიევში მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Docudays UA. საკონკურსო პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი “გამჭვირვალე სამყარო”. ამავე ფესტივალზე შვედური ორგანიზაცია B2B Doc აწყობს პიჩინგ ფორუმს Producers meet producers, რომელიც ითვალისწინებს სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პროდიუსერების დაახლოებას აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის პროდიუსერებთან. ფორუმზე ორი ქართული დოკუმენტური ფილმის პროექტი წარადგინეს.
წყარო: http://www.gnfc.ge/
ტაფტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კბილის სენსორი შექმნეს
რომელიც კალორიებს ითვლის. მოწყობილობა კალორიების დათვლის გარდა მიღებული პროდუქტის შემადგენლობასაც იკვლევს. კერძოდ, აანალიზებს გლუკოზისა და მარილის შემცველობას, ასევე ალკოჰოლის ოდენობას საკვებში.
სენსორის ზომა დაახლოებით ორი მილიმეტრია. მეცნიერები ამბობენ, რომ კბილის სენსორი მომხმარებლებს კონკრეტული საკვებისა თუ დიეტის ეფექტურობის დადგენაში დაეხმარება.
წყარო: https://twitter.com/
Playboy-მ Facebook-ის გვერდი წაშალა და ამით კამპანიას – #DeleteFacebook შეუერთდა.
ილონ მასკის შემდეგ Playboy პირველი კომანიაა, რომელიც Cambridge Analyticas-ს სკანდალს გამოეხმაურა და მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ფეისბუქის წაშლა Channel 4-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის შინაარსს ეხება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელი მომხმარებლების პირად ინფორმაციას ერთ-ერთ კომპანიას უგზავნიდა. სკანდალმა მარკ ცუკერბერგის ინდუსტრიას 50 მილიარდ დოლარზე მეტი დააკარგვინა.
წყარო: https://www.theverge.com/
კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სტენლი კუბრიკის ფილმის, 2001: A Space Odyssey 50 წლის იუბილეს აღნიშნავენ
სპეციალურად ამ დღისთვის ფესტივალს რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი ეწვევა, რომელიც კინოდარბაზში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ეს ნოლანის პირველი ვიზიტი იქნება კანის კინოფესტივალზე, რომელიც წელს 8 მაისს დაიწყება.
წყარო: http://www.festival-cannes.com/
Huawei-ს ახალი სმარტფონები სხვა მობილურებს დიდ კონკურენციას გაუწევს
Huawei-ს ახალი სმარტფონები, რომლებიც კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, ჯერ არ იყიდება, თუმცა, წინასწარი შეფასებებით, ის ბაზარზე არსებულ სხვა სმარტფონებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. ამის მიზეზი კი, როგორც კომპანია აცხადებს, ის 4 კამერაა, რომელთა შორის 3 სმარტფონის უკანა კორპუსზეა მიმაგრებული და სიბნელეში მაღალი რეზოლუციის სურათების გადაღების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ჰუავეის ახალი ოპერატიული სისტემა კამერას სტაბილიზაციის საშუალებასაც აძლევს, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ გარემოშიც კი, სადაც შუქი ნაკლებად აღწევს, სურათებს მაღალი გარჩევადობით გადაიღებს.
წყარო: http://www.bbc.com/
“კინო ჟესტებით”
29 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის მცირე დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების N2) გაიმართება პროექტის – “კინო ჟესტებით” პრეზენტაცია, რაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის ფილმების ჟესტურ ენაზე ადაპტირებას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების” მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: “აპოლო ჯავახეთი” და “8 წუთი”.
წყარო: https://www.facebook.com/
სამეფო უბნის თეატრში 20:00 საათზე მიშა ჩარკვიანის სპექტაკლის, “ბეჩავის”, მორიგი წარმოდგენა გაიმართება
სიუჟეტი 30 წლის პატიოსანი და მშრომელი სოსოს გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერექციის პრობლემები აქვს. თამამი, ახალგაზრდული კომედია თანამედროვე ქართულ რეალობას გვერდიდან უყურებს – როგორ გვაიძულებს საზოგადოება, შევესაბამებოდეთ მამაკაცურობის შესახებ მიღებულ წარმოდგენას და რა ბრძოლის გადატანა უწევს გმირს ამ იდეალთან მისაახლოებლად.
წყარო: https://www.facebook.com