fbpx

„800 თეთრი კორპუსი“ ძველ იპოდრომზე


გააზიარე სტატია

ვახო ბუღაძისა და კოტე ჯინჭარაძის ლენდ-არტი “800 თეთრი კორპუსი“ საბჭოთა პერიოდის იპოდრომის ნანგრევებზე წარმოდგენილია მინიმალურ ჩარევით.

ქალაქის ორი რაიონის გამყოფი გორაკის ერთერთ ფერდობზე ორგანულად ჩაწერილი ტრიბუნა, ჩაცვენილი
ასფალტის საფეხურებით, გადაჰყურებს გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფ ყოფილი არენის
დიდ მწვანე მოედანს, რომელსაც მოპირდაპირე მხრიდან ახლად აღმოცენებული მაღალსართულიანი კორპუსები ებჯინება.

მეგაპოლისის გზაზე დამდგარ ქალაქში, ჯერჯერობით შენარჩუნებული, დაკონსერვებული და თვითდინებაზე მიშვებული ეს რეკრეაციული ზონა, ქვეყნის არაოფიციალური მმართველის, ოლიგარქის საკუთრებაა. არავინ იცის, თუ რა ბედი ეწევა მას უახლოეს მომავალში.

თბილისის იპოდრომის ტრიბუნები თავისი ფუნქციით, სპორტული სანახაობების, მაყურებლების ემოციების ღია გამოხატვის ადგილი, დღეს ცინიზმითა და თანაგრძნობით გაზავებულ მეტაფორას – მდუმარე, გაქვავებულ, გაძარცვულ ამფითეატრს – ე.წ. „საბჭოთა პერიოდის“ პართენონს მოგვაგონებს.

მხატვრების მიერ სპეციალურად შეღებილი კუბები, გვთავაზობს ირონიულ რეპლიკას დღეს დამკვიდრებულ ტენდენციებზე. ახლადაღმოცენებული თეთრი პატარა ბეტონის კორპუს-მაკეტების მსგავსი ობიექტები ერთობლიობაში სასაფლაოს მსგავს აბსურდულ წერტილოვან ქსოვილს ქმნიან, და აღიქმებიან, როგორც უჰაერო ბეტონის ქალაქის მომავლის გარდაუვალი პერსპექტივა.

არტისტების გზავნილი მკაფიოა და ადვილად გასაგები, დაცლილი ზედმეტი მხატვრული პასაჟებისგან და ატრიბუტებისგან. დროის გლობალურმა ცვლილებებმა ერთ დროს ცოცხალი, ხმაურიანი, ხალხით სავსე ადგილი მდუმარე, დანგრეული ტრიბუნებით ჩაანაცვლა.

სივრცის ხელახალი აქტივიზაცია ამ ფორმით, ზედმიწევნით ზუსტად, მკვეთრად და ლაკონურად გადმოცემს ხელოვანების სათქმელს. მაყურებელი ხდება ერთიანი ინტერაქტიული სურათის მონაწილე, სადაც პირველ პლანზეა: ტრიბუნების სივრცის მთელ პერიმეტრზე გაშლილი ინსტალაცია, მეორე პლანზე – ფუნქცია
დაკარგული დოღის მთავარი არენა და მესამე პლანზე – ქალაქის ხედი მისი „პარაზიტული“ განვითარების მთავარი ატრიბუტით – ბეტონის მრავალსართულიანი კორპუსების ჯუნგლებით.

„800 თეთრი კორპუსი“ არის არტისტების რეფლექსია ისტორიაზე, ქალაქზე, დროსა და მის ეფემერულობაზე.

ორნელა ფრანკეტო, მილანის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.