fbpx

კარანტინის შემდგომ პარიზში 650-კილომეტრიანი ველობილიკები მოეწყობა


გააზიარე სტატია


21 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში გადაადგილებისთვის ადამიანებს ველოსიპედების გამოყენება ან ფეხით სიარული შეუძლიათ. WHO-ს განცხადებით, გადაადგილების ეს ორი ტიპი სასარგებლოა როგორც სოციალური დისტანცირებისთვის, ასევე  ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის მინიმალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მსოფლიოს ქალაქებში საავტომობილო გზების ნაწილი უკვე ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვისაა დათმობილი.

პარიზი პირველი გლობალური ქალაქია, რომელმაც ველოსიპედის სავალი გზა გააფართოვა კარანტინის პერიოდში. 650-კილომეტრიანი ბილიკი 11 მაისისთვის იქნება მზად, როდესაც საფრანგეთში კარანტინი შემსუბუქდება.

კორონავირუსის კრიზისისამდე პარიზის მერმა ენ იდალგომ  პირობა დადო, რომ ქალაქის ყველა ქუჩა 2024 წლისთვის ველოსიპედებზე მორგებული გახდებოდა. იმის გამო, რომ იზოლაციის წესების შემსუბუქების შემდეგ არსებობს  ქალაქის ქუჩების საავტომობილო საცობებით გადატვირთვის საშიშროება,  ოფიციალურმა პირებმა შესაძლოა დააჩქარონ იდალგოს გეგმის შესრულება.

29 იანვარს მერმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნელ-ნელა შემცირდება მანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილები (დაახლოებით 72%) და სივრცე გაიზრდება ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის.

გასულ წელს, საფრანგეთის 46-დღიანი სატრანზიტო გაფიცვის დროს, ბევრმა მგზავრმა ველოსიპედის გამოყენება დაიწყო, ამით კი ველოსიპედისტების რიცხვი პარიზის გზებზე გაორმაგდა. გაფიცვის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ველოსიპედისტების რიცხვი კვლავ მაღალი იყო, 131%-იანი წლიური ზრდით.

21 აპრილს Île-de-France-ს რეგიონმა ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა უკვე არსებულ RER Vélo პროექტს. ველოსიპედით სასიარულო 9 გზის ქსელში, რომელიც პარიზის ცენტრს საკვანძო გარეუბნებთან აკავშირებს, 300 მილიონი ევრო იქნება ჩადებული ახალი ინფრასტრუქტურისა და დროებითი „კორონას ბილიკების“ ნაწილობრივ დასაფინანსებლად. ველოგზები პარიზში RER (რეგიონული ექსპრესქსელის) მეტროს სარკინიგზო ხაზების მარშრუტებს შეასრულებს.

”ამჟამინდელი ჯანდაცვის კრიზისი გვაიძულებს ჩვენი მობილობის სისტემის გადახედვას, – განაცხადა Île-de-France-ს რეგიონის პრეზიდენტმა ვალერია პექრესემ. – ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ კარანტინის წესები საუკეთესო პირობებში შემსუბუქდეს.” მისი თქმით, “pop-up ველოგზებმა შესაძლოა [ჩვენი] საგზაო ქსელის სრული პარალიზება აგვარიდოს თავიდან, რადგან ავტომობილებით მასობრივი გადაადგილება დაიწყება”.

საფრანგეთის 116 ქალაქი გეგმავს დროებითი ველოგზების შექმნას მიმდინარე კარანტინისა და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

ამავდროულად, საფრანგეთის მთავრობა აპირებს გამოსცეს ახალი ეროვნული სახელმძღვანელო მითითებები (ე.წ. “გაიდლაინები”) ველოსიპედით სიარულის შესახებ. საუკეთესო პრაქტიკული სახელმძღვანელო 4 მაისს გამოიცემა.

იტალიაში, მილანში განაცხადეს, რომ ქალაქის ქუჩების 35 კილომეტრი უფრო ხელმისაწვდომი გახდება ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის, რაც კარანტინის შემდგომი გეგმის ნაწილია. Strade Aperte (ღია ქუჩების) გეგმის მიხედვით, ქუჩის სივრცეები შემცირდება ავტომობილებისთვის. 

“ჩვენ არც კი  გვინდა ვიფიქროთ, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ მილიონობით მეტ მანქანას დავინახავთ გზებზე, – განაცხადა 21 აპრილს მილანის სატრანსპორტო მრჩეველმა მარკო გრანელმა, – ამის თავიდან ასაცილებლად   მოგვიწევს ორბორბლიანი ტრანსპორტის გაძლიერება. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ახალი ბილიკების შექმნას.”

 

ორიგინალი: https://www.forbes.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.