განათლების სამინისტრო ფულის ხატვისა და სხვა კონკურსებში
განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე სიახლეებს შორის იძებნება ინფორმაცია მოსწავლეებისთვის გამოცხადებული კონკურსების შესახებ.
სასკოლო კონკურსები იმდენად არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რამდენადაც დიდ როლს თამაშობს სკოლის მოსწავლის ცხოვრებაში და ეხმარება მას ახალი გამოცდილების მიღებაში, თვითშეფასების ამაღლებასა თუ ახალი პერსპექტივების გამოჩენაში. მოდით, გადავხედოთ თუ რამდენად წარმატებულად შეიძლება ართმევდეს თავს ამ მისიას განათლების სამინისტროს გამოცხადებული კონკურსები, და რამდენად საინტერესო ან სასარგებლო შეიძლება იყოს ისინი სკოლის მოსწავლეებისთვის.
ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური კონკურსი, რომელიც განათლების სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან ერთად გამოაცხადა, ფულის ხატვის თემაზე იყო, სახელწოდებით „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“. კონკურსი II-VII კლასის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა და როგორც სამინისტროს ვებსაიტზეა აღნიშნული, მისი მიზანი იყო „ბავშვები და მოზარდები დააფიქროს ქართული ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, და მისცეს მათ საშუალება ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ.“
განათლების სისტემის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას, განათლების სამინისტრო შემოქმედებითად უდგება და არაქართულენოვანი სკოლებისთვის თეატრალურ კონკურსს აცხადებს, თანაც არა მარტო შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში თანასწორობის მოგვარების სახელმწიფო აპარატთან, არამედ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად. თეატრალურ კონკურსს “ჩემი ქართული როლი” ჰქვია და ის მოსწავლეები, რომლებიც ქართულენოვან სპექტაკლებში როლებს ეფექტურად შეასრულებენ, ერთ-ერთ საჩუქრად ინტერნეტსივრცეში საკუთარი ნამუშევრების განთავსებას მიიღებენ.
განათლების სამინისტროში ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზეც ზრუნავენ და მოიფიქრეს, რომ ბავშვების ჯანმრთელობისთვის მწვანე გარემოზე, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაზე, კარგ სპორტულ სივცეებზე და საკვებსა და აქტივობებზე ხელმისაწვდომობაზე მეტად შესაძლოა ის ფოტოები, ვიდეორგოლები და სლოგანები დაეხმაროთ, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების შესახებ თვითონ გადაიღებენ და მოიფიქრებენ. კონკურსი გასული წლის მიწურულს ჩატარდა და მისი ყველაზე აღსანიშნავი კატეგორია “ჩემი სკოლის ბუფეტი” იყო, რაც გულისხმობდა ისეთი ფოტოების გადაღებას, რომლებიც ასახავდნენ მოსწავლეების წარმოდგენებს და დამოკიდებულებებს სკოლის ბუფეტებთან დაკავშირებით.
განათლების სამინისტრო წინა წლებშიც პასუხისმგებლობით უდგებოდა სასკოლო კონკურსებს. მაგალითად, 2016 წელს თანადგომისთვის, ბულინგისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად ფლეშმობებს აკეთებინებდნენ მოსწავლეებს სასკოლო შენობებში, კულტურათა შორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის კი მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეებს ესეების წერაში ავარჯიშებდნენ.
იყო წლები, როდესაც სკოლის მოსწავლეებს ფაქტობრივად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესრულება უწევდათ სასკოლო კონკურსების ფარგლებში. მაგალითად, 2013 წელს გამოცხადებული კონკურსი “გაიცანით ჩემი რაიონი” მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის/სოფლის/ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე იყო ორიენტირებული.
ბოლო წლების ის კონკურსები, რომლებსაც განათლების სამინისტროში იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ მათ შესახებ ოფიციალურ ვებსაიტზე ინფორმაციას ანთავსებენ და საამაყო აქტივობად მიიჩნევენ, ნათლად აჩვენებს მათი ფორმისა და შინაარსის მიხედვით, რომ დღეს განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირებს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ბავშვების ინტერესების, საჭიროებების, თანამედროვე გამოწვევებისა და არაფორმალური განათლების შესახებ და მათი თვალსაწიერი კვლავ შემაშფოთებლად შეზღუდულია.