კურსები და პროგრამები ზრდასრული ადამიანებისთვის
„ყველაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ჩამოუყალიბდეს ადამიანს, არის სწავლის გაგრძელების სურვილი.“ – დანიელ ბელი, ამერიკელი სოციოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი
ნაცნობი რეალობაა, როცა ადამიანი სკოლის, უნივერსიტეტის ან რამდენიმე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ის, რაც იქ ისწავლა, არასაკმარისი, უინტერესო ან მისთვის გამოუსადეგარი იყო, აკადემიურმა განათლებამ ვერ მისცა საჭირო უნარები, უზრუნველეყო თავისი ცხოვრება, ყოფილიყო საინტერესო შრომის ბაზარზე ან მიეღო სიამოვნება იმ საქმისგან, რისი კეთებაც უწევს. მარტივად რომ ავხსნათ, ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობებიდან უწყვეტი განათლების სისტემა და ზრდასრულთა განათლებისთვის მოხერხებული სერვისების შექმნაა.
ზრდასრულთა განათლება თვითგანვითარებაზე ორიენტირებული განათლებაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს აითვისონ ახალი პროფესიები, უნარები, დამოკიდებულებები ან ღირებულები, შეისწავლონ ახალი ხელობები ან გაიუმჯობესონ ის კომპონენტები, რაც სჭირდებათ მიმდინარე საქმეების უკეთ შესრულებაში.
ზრდასრულთა განათლებას ფართო სპექტრი აქვს და ის შეიძლება გულისხმობდეს ისეთი უნარების გადაცემას, როგორიცაა საკუთარი აზრის ფორმულირება საჯარო გამოსვლებისას, რეზიუმეს შედგენა, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა, ასევე ახალი პროფესიების და ხელობების შესწავლას ან უკვე დასაქმებულის შემთხვევაში კომპეტენციების ამაღლებას კონკრეტული მიმართულებებით.
ზრდასრულთა განათლება დგას იმ პრინციპზე, რომ ცოდნა აძლიერებს ადამიანს და უფრო დაცულს ხდის მას გარემოში, შესაბამისად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს განათლების მიღება სასურველი მიმართულებით.
საქართველოში ზრდასრულთა განათლებისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს:
- საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი და მასში შემავალი განათლების ცენტრები, რომლებიც საქართველოს 7 რეგიონშია განთავსებული. ქსელის წევრი ორგანიზაციებია: კოდის, შაუმიანის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქისა და ამბროლაურის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები.
ამ ცენტრებში მიმდინარეობს როგორც სახელობო, ასევე პიროვნული ზრდის პროგრამები. ეს უკანასკნელი გულისხმობს ქართული და უცხო ენის კურსებს, კომპიუტერის, ავტომობილის მართვის, ფინანსური განათლების, პროექტების წერის, სამუშაოს მოძებნის, სამოქალაქო განათლების კურსებს, სახელობო კურსები კი მამართულია პროფესიული სწავლებისკენ.
ცენტრებში ახალი ხელობების შემსწავლელთათვის საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამები ფუნქციონირებს: მეფუტკრეობა, კულინარია, შინ მოვლა, სახელმწიფო შესყიდვები, ხალხური რეწვა, ჭრა-კერვა, ხის მხატვრულად დამუშავება, მეკენკრეობა, ნარჩენების მართვა, ბუღალტერია, სასტუმროს მენეჯმენტი, ბიოპროდუქტების მოყვანა და სხვა მრავალი რამ შეიძლება შეისწავლონ დაინტერესებულმა პირებმა. კურსების ნაწილი ფასიანია, ნაწილი კი უფასო.
- პროფესიული სასწავლებლები – სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს საბაზო განათლება (9 კლასი). პროფესიულ სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება მიმდინარეობს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.
- სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ შექმნილი ონლაინ სასწავლო პროგრამები – საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად შეისწავლოთ ეკონომიკის საფუძვლები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, მუნიციპალური საჯარო ფინანსები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, სოციალური კვლევის მეთოდები, თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები და სხვა საკითხები.
- უფრო ახლოს ინტერნეტთან – 50+ – ჯეოსელისა და ჯეოლაბის ერთობლივი პროექტია და ორმოცდაათ წელს გადაცილებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს უფასოდ, ორი კვირის განმავლობაში შეისწავლონ კომპიუტერის და ინტერნეტის მოხმარება, ელექტრონული ფოსტის, ციფრული ტელევიზიებისა და სმარტფონების აპლიკაციების თავიანთი საჭიროებების მიხედვით გამოყენება.
იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული ხართ ზრდასრულთა განათლებით ან თქვენი ორგანიზაცია სთავაზობს მოქალაქეებს ამ სერვისს, შეგიძლიათ ესტუმროთ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციას, რომელსაც აქვს ბაზა ზრდასრულთათვის განკუთვნილი ტრენინგების, საგანმანათლებლო კურსებისა თუ პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებში.