fbpx

ახალი წიგნის მაღაზია “კონა და ფოსტა” – POSTA PRESS-ის და კონა BOOKS-ის კოლაბორაცია


გააზიარე სტატია

ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

წიგნის მაღაზია “ფოსტა და კონა” თბილისში დაფუძნებული ორი საგამომცემლო სახლის კოლაბორაციის შედეგია, რომელიც LC Queisser Gallery-ში გაიხსნა, მაზნიაშვილის ქუჩაზე. “ფოსტა პრესი” და “კონა წიგნები” – ორივე საგამომცემლო სახლი და ახალი წიგნის მაღაზიის დამაარსებელი, თავისი პუბლიკაციებით ცდილობენ ქართული კულტურის ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო არტისტების შემოყვანას ქართულ სახელოვნებო სფეროში და ისეთი პუბლიკაციების მომზადებას, რომლებიც მკითხველს ერთდროულად სთავაზობს ვიზუალურ და ტექსტურ თავგადასავალს სხვადასხვა არტისტების მონაწილეობით ან თვალთახედვით. ახალ წიგნის მაღაზიაში სწორედ ამგვარი წიგნები დაგელოდებათ. 

წიგნის მაღაზიაში, გარდა “ფოსტას” და “კონას” წიგნებისა, შეგძლებთ ასევე შეიძინოთ შემდეგი სამომცემლო სახლების გამოცემები:  Sternberg Press, Walter Konig, Roma Publications და Spector Books. 

 

 

კონა წიგნები

„კონა წიგნები“ ნინა ახვლედიანის (დამოუკიდებელი კურატორი), ლიზა ოფერმანის (არტდილერი, გალერეა “LC Queisser”-ის დამფუძნებელი) და დენ ზოლბახის (გრაფიკული დიზაინერი ბერლინიდან)  გამომცემლობაა, რომელიც თანამედროვე ვიზუალურ და ინტერდისციპლინურ პროექტებზეა ორიენტირებული. 

საქართველოში მცხოვრებ მწერლებთან, პოეტებთან და სხვა პრაქტიკოსებთან დიალოგის გზით, ან მათთან პრაქტიკული საქმიანობით მათ სურთ ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების ორენოვანი წიგნების გამოცემა, რომლებიც, მათივე თქმით, ახალი გეოგრაფიული და ფიზიკური შეხვედრების დასაბამად იქცევა. 

გამომცემლობას ამ დროისთვის ორი წიგნი აქვს დაბეჭდილი: “მოხარშული ენა”, რომელიც ქეთუთა ალექსი-მესხიშვილისა და ქირსთი ბელის კოლაბორაციაა და ასევე“სასტუმრო სახლი” – ლექსების კრებული ხელოვან სერ სერპასის ავტორობით. 

 

ფოსტა პრესი 

“ფოსტა პრესი” ნინო სეხნიაშვილის (კურატორი, გალერეა “ნექტარის” დამფუძნებელი), გიორგი ცაგარელის (ინტერიერის დიზაინერი, ჟურნალ “დიზაინ თბილისის” დამფუძნებელი) და თემურ ახმეტოვის (დიზაინერი და არტისტი) გამომცემლობაა, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც სახელოვნებო წიგნებისა და პუბლიკაციების პლატფორმა. 

“ფოსტა პრესს” ამ დროისთვის 5-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული. მათ შორისაა ზაქარია მაისურაძის “ბერიკაობა” – გამომცემლობის ბოლო პუბლიკაცია. ზაქარია მაისურაძის – ქართველ კერამიკოსთა პირველი ტალღის წარმომადგენლის,  ნამუშევრები ფოლკლორული ნიმუშებით იყო შთაგონებული – ბერიკაობაც მისი ერთ-ერთი სერია, 1957 წელს კერამიკულ პანოებზე შექმნილი. აქ გამოსახული ბერიკების უმეტესობა ცხოველთა ნიღბებითაა, ხილის გვირგვინები კი უხვი მოსავლის სიმბოლოდ გვევლინება.

“ფოსტა პრესის” გამოცემებს შორისაა შოთა ბოსტანაშვილის “არქიტექტურის პოეტიკა”, წყალტუბოში მცხოვრები არტისტის, ელენე ჩანტლაძის ნამუშევრების კრებული, თბილისის პარკების შესახებ პუბლიკაცია და თავად ჟურნალი “დიზაინ თბილისი”.

 

სერ სერპასი

4 მარტს, თბილისში, წიგნის მაღაზიაში “ფოსტა და კონა”, არტისტმა სერ სერპასმა საკუთარი ლექსები წაიკითხა წიგნიდან “სასტუმრო სახლი”, რომლის შეძენაც ამავე მაღაზიაში შეგიძლიათ. ღონისძიებამ საიტერესოდ ჩაიარა, მას მოწვეული სტუმრების გარდა დაინტერესებული ადამიანებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, ავტორმა მსურველებს ავტოგრაფებიც უსახსოვრა და მათთან საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

ხელოვანი ნენსი ლუპო სერ სერპასის წიგნს, “სასტუმრო სახლს”, ასე აფასებს:

ეს წიგნი არ გახლავთ წიგნი. ეს კოსმიური განდგომაა, რომელსაც ხანგრძლივი დაგროვების დადაძაბულობის შედეგად შეესხა ხორცი და რომლის ხასიათსაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ გამოხატავს სიტყვები „ლითონის გემო“. სერ სერპასი არასდროს ჯდება მაგიდასთან ლექსის დასაწერად. მისი სათქმელი მიმართულია გარდამავალი მდგომარეობისკენ: სეირნობა, მანქანით და მატარებლით მგზავრობა დაოცნებებიდან გამორკვევა”.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.