fbpx

ივნისის ბოლო კვირის სახელოვნებო აფიშა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამარ ჭინჭარაული 

 

ზაფხულის პირველი თვე გადატვირთული აღმოჩნდა სახელოვნებო სიახლეებით, ივნისის აფიშის პირველი ნაწილის ნახვა აქ  შეგიძლიათ. ახლა კი, გთავაზობთ ივნისის ბოლო დღეების სახელოვნებო აფიშას – სპეციალურად თქვენთვის შევარჩიეთ ღონისძიებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, არ უნდა გამოტოვოთ.

 

სიმღერები დავიწყებით კვდებიან 

გალერეა “ართბითი” ქართველი და უცხოელი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას – “სიმღერები დავიწყებით კვდებიან” ანისა ტოუატის კურატორობით წარმოგვიდგენს. 

‘‘სიმღერები დავიწყებით კვდებიან” აღნიშნავს წრის სიმბოლურ ფორმას, სიცოცხლის მეტაფორას, რომელიც მეორდება ენერგიის დაზოგვის აფეთქებით. წრიულ ბრუნვაზე ეს ეგზისტენციალური რეფლექსია სიცოცხლის და ცვალებადი დროის აბსურდის ხაზგასმის ფორმაცაა. გამოფენა ხაზს უსვამს საგნების უმნიშვნელობას – ისინი სრულდებიან და ხელმეორედ იწყებიან, იწყებიან და ისევ სრულდებიან… ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ამ წრეზე ბრუნავენ.”

გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: ადრიენ ვესკოვი, დებორა ჰანსონ მერფი, მატილდ როზიე, რომან სარო, ზოე უილიამსი, სალომე ჩიგილაშვილი, მამუკა ჯაფარიძე და მარი ყალაბეგაშვილი.

გალერეა დამთვალიერებლებისთვის ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 სთ-მდე.

 

ჩრდილოეთის ზღვა, ტექსასი

27, 28, 29 და 30 ივნისს, 20:00 საათზე ათონელის თეატრში ლაშა შანიძის და თაკი მუმლაძის სპექტაკლის, “ჩრდილოეთის ზღვა, ტექსასის” პრემიერა შედგება.

“ერთი შეხედვით იდეალური და ჰარმონიული სამეფო ოჯახის ცხოვრება, სადაც ყველას ყველა უყვარს, ყველა თანასწორია – მოახლეც და დედოფალიც, თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუმარი ეწვევათ. ტიტულოვანი დედისა და შვილების თითქოს იდეალური ურთიერთობა ძალიან დიდ გამოცდას გადის. ვართ კი მზად ადამიანები იმისთვის, რომ მშობლები ვიყოთ? ან დაბადებიდან ვატაროთ სტატუსი, ტიტული და მთელი ცხოვრება მისი ერთგულები დავრჩეთ? მთლიანად ტრადიციას ან ფორმალობას განვასაზღვრინოთ ჩვენი დღის წესრიგი? ჟანრობრივი კლასიფიცირებისას ტექსტი ცალსახად ეწერება შავი კომედიის რიგში, რომელიც მსუბუქი და მარტივი ენით ლაპარაკობს მძიმე ამბებზე”.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ეკა დემეტრაძე, ლაშაო გაბუნია, სოფიო ზერაგია, თაკი მუმლაძე, ლიკა პაპავა და გივიკო ბარათაშვილი. 

 

ლადო გუდიაშვილის გამოფენა

27 ივნისს ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში ლადო გუდიაშვილის გამოფენა გაიხსნება, სადაც 1940-50-იანი და 1960-70-იანი წლების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. საგამოფენო დარბაზი მუშაობს ყოველდღე 13:00-დან 19:00 საათამდე, ოფიციალური უქმე დღეების გარდა, მისამართზე – გუდიაშვილის ქუჩა  11.

 

Silvered

ოთხშაბათს, 29 ივნისს Kona Books-ში ტონი ჯასთის პერსონალური გამოფენა – “Silvered” ნინა ახვლედიანის კურატორობით გაიხსნება. 

ტონი ჯასთი ამერიკელი ხელოვანია, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები აქტიურად იფინება მილანში, ლოს-ანჯელესში, ციურიხში, ნიუ-იორკსა და ბერლინში.

“ხელოვანის პრაქტიკა ფერების და ფორმების მედიტაციურ თვისებებზე ორიენტირდება, სადაც მასალასთან სხეულით კომუნიკაცია ხდება პროცესის ცენტრალური ნაწილი. ჯასთის შემოქმედებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენერგეტიკული მედიტაციის/განკურნების ტექნიკას – REIKI, რომელსაც ხელოვანი აქტიურად იყენებს თავის ვორქშოფებსა და შემოქმედებით პრაქტიკაში”.

Silvered კონა წიგნებში, მაზნიაშვილის 10 ნომერში, 29 ივნისს, 16:00 საათზე გაიხსნება გამოფენა და  21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

Chrysopoeia – Silver Fragments

30 ივნისს გალერეა Dissolution-ში  გამოფენა Chrysopoeia – ვერცხლის ფრაგმენტები გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც მთლიანად ფირის ფოტოგრაფიას ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება უნიკალური Gelatin Silver პრინტები. სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა გამოფენის სათაურიც – Chrysopoeia – რომელიც ძველი ბერძნული სიტყვაა და უბრალო მეტალის ძვირფას მეტალად გადაქცევის ერთ-ერთ აღმნიშვნელად გამოიყენებოდა.

შოუზე გურამ წიბახაშვილის, თათია ცერცვაძის და გვანცა ცხოვრებაშვილის ნამუშევრები გამოიფინება.

 

მთის ხერხემალი

ივნისის ბოლო დღეებში შეგიძლიათ თამარ მაღრაძის სოლო გამოფენას ესტუმროთ თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციურ სივრცეში – “მაუდი”. 

გამოფენა სახელწოდებით – “მთის ხერხემალი” პანდემიის პერიოდში შექმნილ ფერწერულ ტილოებს და ვიდეონამუშევარს აერთიანებს. 

“ფერწერულ პორტრეტებში წარმოდგენილი არსებები მხატვრის მიერ ნამუშევრების შექმნის საგულდაგულო და ტექნიკურად მსუყე ძალისხმევის შედეგად იძენენ სიცოცხლეს. ხშირ შემთხვევაში ქალური, ხოლო ხანდახან ცხოველური ფიგურები ადამიანისა და მისი გარემომცველი ბუნების სათუთ და მტკივნეულ გამყოფ ხაზებზე თანაარსებობენ, თავისთავად წარმოადგენენ ბუნების ქალურ საწყისს და ამასთან, გამოხატავენ სევდას, რაც მოკვდაობას და ბუნებრივი გარემოს განადგურების პროცესს ახლავს თან. ფერწერის პარალელურად წარმოდგენილი ვიდეონამუშევარი დაძველებულ რკინის ღობეზე ჟანგისგან შემთხვევით გამოსახულ ლანდშაფტს აკვირდება. ეს ნამუშევარი თითქოს ფერწერების საპირისპირო მოცემულობას წარმოადგენს. მხატვარი გარე დამკვირვებელია, ხოლო პეიზაჟები ადამიანისგან დატოვებულ ღობეზე ბუნებრივად, ჟანგვის პროცესით ისახება. ნამუშევართა განსხვავებული ხასიათი იგრძნობა ექსპოზიციაშიც. მაშინ როდესაც თეთრ გარემოში განთავსებული პორტრეტები თავიანთი ძლიერი ენერგეტიკული ველით ავსებენ სივრცეს და განსაზღვრავენ მისი მყარი სტრუქტურის დინამიკურობას, ვიდეონამუშევარი მნახველისთვის მხოლოდ ძალისხმევის, დაკვირვების შედეგად ცოცხლდება”.

 

„მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილი 7-ში, გურამ შავდიას გამოფენას – „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“ მასპინძლობს.  ექსპოზიციაში 2008-2022 წლებში ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ გურამ შავდიას შემოქმედებაში ომის თემა 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აქტიურად ჩნდება და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ომიც აისახა მის შემოქმედებაში, მიმდინარე გამოფენა ომზე არ არის. გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება.

“გამოფენის დასახელება ვიქტორ ფრანკლის – ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ერთ-ერთი წიგნის სათაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი მეცნიერი აგრძელებდა ფსიქოთერაპევტის პრაქტიკას და ეხმარებოდა ტყვეებს უნიკალური პიროვნული მნიშვნელობის ძიებასა და აღმოჩენაში. ამ მეთოდით მან უამრავი ადამიანი იხსნა დეპრესიისაგან და გადაარჩინა”.

მეტი გამოფენის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

 

დრო – მეოთხე განზომილება

10 ივნისს თბილისში ახალი გალერეა “ნოვო” გაიხსნა გამოფენით – “დრო – მეოთხე განზომილება”. გალერეის პირველ გამოფენაში გაერთიანებულები არიან როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის ქართველი ხელოვანები – ნუცა ესებუა, ნაილი ვახანია, ილიკო ზაუტაშვილი, ნინო ზირაქაშვილი, როკო ირემაშვილი, ცისია კილაძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ქრისტინე ტუსიაშვილი, ოთარ ჩხარტიშვილი და მამუკა ცეცხლაძე.

“სამგანზომილებიან სამყაროში დრო, როგორც მეოთხე განზომილება, დღემდე განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. რა არის დრო? ამ კითხვაზე ხშირად ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს ვხვდებით. ერთი მხრივ, დრო ქმნის ხელოვნების ისტორიას და ის ნამუშევრების ეპოქალურობის ინდიკატორია, მეორე მხრივ კი ხშირად ხელოვნების ისტორიაში დრო კარგავს მისთვის მინიჭებულ მნიშვნელობას”. – ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.  

გალერეა “ნოვო”, რომელიც სიმონ ჯანაშიას 13 ნომერში მდებარეობს, დამთვალიერებლებისთვის ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 12-დან 19 საათამდე. 

მეტი გალერეის შესახებ შეიტყვეთ ჩვენს სტატიაში.

 

მთვარის ყელსაბამი

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას – “მთვარის ყელსაბამი”. გამოფენაში მონაწილეობს ხუთი სხვადასხვა თაობის ხელოვანი – ლეილა შელია, ნინო ქვრივიშვილი, სალომე ჩიგილაშვილი, თორნიკე რობაქიძე და თეიმურაზ ერისთავი.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები 

ეხმაურება ბოლო პერიოდში მკვეთრად შეცვლილი სამყაროს ახალ წესრიგს. 

მეტი გამოფენის შესახებ გაიგეთ ჩვენს სტატიაში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.