fbpx

ბავშვებისთვის კომფორტული კაფეები და რესტორნები თბილისში


გააზიარე სტატია

სად წავიდეთ ბავშვებთან ერთად? ეს არცთუ ისე მარტივი კითხვაა დღეს თბილისში. პარკების, სათამაშო მოედნების და სკვერების ნაკლებობიდან გამომდინარე, ალტერნატივის ძებნას დახურულ სივრცეებში ვიწყებთ.

საბავშვო რესტორნების უმრავლესობა (“ფასტ-ფუდი”), არაჯანსაღი საკვების გამო, ბევრი მშობლისთვის მიუღებელია. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია ადგილები, სადაც პატარებთან ერთად მისვლას სხვადასხვა დადებითი მხარეები აქვს, იქნება ეს ცალკე არსებული სათამაშო სივრცე თუ სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადებული ჯანსაღი საკვები.

კაფე “ეზო”

ქიქოძის ქ. N 16
სამუშაო საათები: 13:00 – 01:00

სოლოლაკში მდებარე ეს კაფე ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია გურმანებისთვის, მით უფრო მათთვის, ვისაც ქართული სამზარეულო უყვარს. “ეზოში” ბავშვთან ერთად სტუმრობა კი კომფორტს შეგიქმნით, რადგან აქ ცალკე სივრცეა გამოყოფილი და მოწყობილი საბავშვო ავეჯითა და სათამაშოებით, სადაც პატარებს შეუძლიათ გაერთონ. ზაფხულში ასევე ფუნქციონირებს იტალიური ეზოს ტიპის სივრცე, სადაც ბავშვებს მეტი ადგილი აქვთ სხვადასხვა აქტივობისთვის.

ფაბრიკა

ნინოშვილის ქ. N 8

ფაბრიკა თბილისში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სივრცეა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. აქ თქვენ ნახავთ კონცეპტუალური ტანსაცმლის, მცენარეების და არტ მაღაზიებს, კერამიკის სტუდიას, სამუშაო ჰაბს და სხვადასხვა კაფეს. ყველა კაფეს აქვს სივრცე, რომელიც ეზოში გამოდის. ეზო საკმაოდ დიდია და შაბათ-კვირას აქ ბევრი ბავშვი იკრიბება გასართობად. თქვენ შეგიძლიათ კაფეში დასხდეთ, ბავშვმა კი თქვენ თვალწინ ეზოში ითამაშოს.

კაფე “კანაპე”

აბაშიძის ქ .N 14, ყაზბეგის ქ. N 7

“კანაპეს” შეგიძლიათ ბავშვთან ერთად ესტუმროთ და დასხდეთ არამწეველთა სივრცეში, გაზაფხულსა და ზაფხულში კი გარე კაფეში იპოვოთ ადგილი. “კანაპეში” ბავშვთან ერთად სტუმრობა კომფორტულია ისეთ დღეს, როდესაც ვერ ასწრებთ სახლში ბავშვისთვის სადილის მომზადებას, რადგან აქ შეგიძლიათ ნებისმიერი კერძი შეუკვეთოთ, იქნება ეს წვნიანი თუ პიურე. და რაც მთავარია, “კანაპეში” კერძები შემოწმებული ჯანსაღი პროდუქტით მზადდება.

კაფე “სტრადა”

სანდრო ეულის ქ. N 7, მარჯანიშვილის ქ. N 5

“სტრადაში” სტუმრობა პატარებთან ერთად ნამდვილად შეგიქმნით კომფორტს. კაფეს მცირეწლოვნებისთვის სპეციალური სკამები აქვს, ასევე ნატურალური ხის სათამაშოები პატარა სტუმრებისთვის და გასაფერადებლები და ფანქრები შედარებით მოზრდილთათვის. საბურთალოს ფილიალში კი, ტუალეტში, პატარა ბავშვისთვის გამოსაცვლელად სპეციალური მაგიდაც დაგხვდებათ.

კაფე “ბროტმაისტერი”

ერისთავის ქ. N 16, თაქთაქიშვილის ქ. N 7-9

პურის საცხობ და კაფეტერია “ბროტმაისტერს” ბავშვებისთვის ცალკე მენიუ აქვს. მენიუ შედგენილია სხვადასხვა საკვებით: პასტა, სენდვიჩები და ტკბილეული. აქ ასევე პატარებს გასაფერადებლებს ურიგებენ. მცირეწლოვნებისთვის კი სპეციალური სკამები აქვთ. ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ. და რაც მთავარია, სივრცე არამწეველებისთვისაა.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.