სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები


გააზიარე სტატია

Sumo ტრადიციული იაპონური სპორტია, რომელშიც სუმოისტი, იგივე “რიკიში”, ცდილობს მოწინააღმდეგე ან შემოსაზღვრული წრიდან, “დოჰიო”-დან გააგდოს, ან აიძულოს, რომ იატაკს შეეხოს სხეულის ნებისმიერი ნაწილით, გარდა ფეხებისა.

სუმოს 15-დღიანი ჩემპიონატი “ბაშო” იაპონიაში წელიწადში 6-ჯერ იმართება: იანვარში, მარტში, მაისში, ივლისში, სექტემბერსა და ნოემბერში.

პროფესიონალურ სუმოში 6 “ლიგაა”
Jonokuchi – ყველაზე დაბალი, მეექვსე ლიგა – რომელშიც ასპარეზობს 80-მდე სუმოისტი
Jonidan – მეხუთე ლიგა – ასპარეზობს 260 სუმოისტი
Sandanme – მეოთხე ლიგა – ასპარეზობს 200 სუმოისტი
Makushita – მესამე ლიგა – ასპარეზობს 120 სუმოისტი
Juryo – მეორე ლიგა – ასპარეზობს 28 სუმოისტი და
Makuuchi – უმაღლესი ლიგა – 42 სუმოისტით.

უმაღლეს ლიგაში რამდენიმე საფეხური არსებობს:

Maegashira – ეწოდება უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ყველა სუმოისტს.

Sekiwake და Komusubi – ამ ორ საფეხურს ოთხი ყველაზე გამორჩეული Maegashira იკავებს.

Ozeki – ამ ტიტულის მისაღებად სუმოისტი ჯერ უნდა გახდეს “Sekiwake” ან “Komusubi” და შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებულ სამ ჩემპიონატში უნდა მოიპოვოს 33 გამარჯვება.

Yokozuna – “დიადი ჩემპიონის” ტიტული. ამ ტიტულს იღებს სუმოისტი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ტურნირი უმაღლეს ლიგაში. ამას სტატისტიკურად 1000 სუმოისტიდან მხოლოდ ერთი აღწევს და ეს სუმოს უმაღლესი ტიტულია.

ასევე აღსანიშნავია, რომ სუმოს ყველა ლიგა და ტიტული გაყოფილია ორ ნაწილად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ჯგუფებად.

მაგალითად, Juryo-ს მეორე ლიგაში 28 სუმოისტი პირველიდან 28-მდე კი არაა დალაგებული, არამედ შუაზეა გაყოფილი და ამ ლიგაში ნახავთ ასეთ ტიტულებს:
“Juryo-ს პირველი ნომერი აღმოსავლეთიდან” და “Juryo-ს პირველი ნომერი დასავლეთიდან” – ასე თოთხმეტამდე, სულ 28 სუმოისტი.

ეს დაყოფა სიმბოლურია და ხშირად მარტო იმას განსაზღვრავს, თუ რომელი მხრიდან შედის სუმოისტი საბრძოლო მოედანზე.

ასევე, ამბობენ, რომ აღმოსავლეთის ჯგუფები ნახევარი ქულით უფრო წინ არიან, ვიდრე დასავლეთისო, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ.

ამჟამად პროფესიონალურ სუმოში ორი ქართველი მოღვაწეობს:
– თეიმურაზ ჯუღელი, იგივე “გაგამარუ”, რომელიც მეორე ლიგის, Juryo-ს მეხუთე პოზიციაზეა
– და ლევან გორგაძე, იგივე “ტოჩინოშინ”-ი (შემოკლებით “ტოჩი”), რომელიც ბოლო ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის მესამე Maegashira-ს პოზიციიდან ჩაერთო.

ჩემპიონატზე თითოეული სუმოისტი 15 ბრძოლას ატარებს – დღეში ერთს. ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მოჭიდავე კი “საიმპერატორო თასს” იგებს.

დღეს, 27 იანვარს, ლევან “ტოჩი” გორგაძე ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ორთაბრძოლით ადრე, 13:1 ანგარიშით “საიმპერატორო თასის” მფლობელი გახდა. გადამწყვეტი ორთაბრძოლა ლევანმა უმაღლესი ლიგის მეცხრე ნომერ, იაპონელ სუმოისტ შოჰოზანთან მოიგო.

ტოჩინოშინის ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან საიმპერატორო თასი აქამდე მხოლოდ 2 ევროპელ სუმოისტს აქვს მოგებული. მისი ეს მიღწევა მარტივად შეგვიძლია გავუთანაბროთ ქართველი სპორტსმენების ისეთ მიღწევებს, როგორებიცაა კახი კალაძის “ჩემპიონთა ლიგის თასი” და ზაზა ფაჩულიას “საჩემპიონო ბეჭედი”.

აქვე – მადლობა კონსტანტინე ბერულავას ამ სტატიის დაწერაში შეტანილი წვლილისთვის


რეკომენდირებული სტატიები
მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები
გთავაზობთ პოსტების ციკლს მომავლის იმ პროფესიებზე, რომლებზეც სხვადასხვა კვლევების თანახმად მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.