როგორ ვიყიდოთ თანამედროვე ხელოვნება – vol. 2
„ამას რა უნდა, მეც გავაკეთებდი“ – ყველაზე ხშირად წარმოთქმული ფრაზაა, თუმცა თანამედროვე ხელოვნებას, ძველისგან განსხვავებით, ამ კითხვების თუ ფრაზების არ ეშინია. თანამედროვე ხელოვნება თავისუფალია როგორც შემქმნელისთვის, ასევე მნახველისთვის, აქ არ არსებობს ჩარჩოები და დოგმები – რა ტექნიკით უნდა შესრულდეს, ან რა მასალით, რა განათლება უნდა ჰქონდეს ხელოვანს თუ მნახველს, თანამედროვე ხელოვნებაში მთავარი ემოციაა.
გვესაუბრება ნათია ბუკია, კურატორი, Project Art Beat-ის დამფუძნებელი:
ზოგადი სიტუაცია არტ ბაზარზე
ხელოვნების ბაზრის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები ერთმანეთზეა დამოკიდებული. საქართველოში ხელოვნების ბაზარი არ არის განვითარებული, რაც ისედაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, საქართველოს ეკონომიკის სიძლიერიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, საქართველოს მუზეუმებში და გალერეებში სიარულის ტრადიცია ნაკლებად არის, ამიტომაც ჩვენს მოძრავ გალერეას მაქსიმალურად ხალხმრავალ ადგილებში ვდგამთ, ასევე თბილისს გარეთ გაგვაქვს. ამ თემაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ ჩემს აზრს მაინც ვიტყვი. რა განსაზღვრავს ქვეყნის წარმატებას? ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს რაიმე სახის კონკურენტული უპირატესობა. რა შეიძლება ეს უპირატესობა იყოს საქართველოსთვის? მე ვფიქრობ, რომ სწორედ კრეატიულ ინდუსტრიებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და შესაბამისად მთავრობაც ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ ამ მხრივ აქვს საქართველოს დიდი პოტენციალი. ამიტომაც გავხსენით გალერეა, რომ ქართველი თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო პოტენციალის გვჯერა და გვინდა, რომ მათ დავეხმაროთ საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო ადგილის დაკავებაში.
უახლესი ტენდენციები, მასალა და ტექნოლოგიები თანამედროვე ხელოვნებაში
მე თვითონ ძალიან მიყვარს თანამედროვე ხელოვნება სწორედ იმიტომ, რომ მასში ბევრი თავისუფლებაა და ფაქტობრივად არტისტები ყველანაირ მასალას და ტექნოლოგიას იყენებენ. იშვიათად, რომ დღეს არტისტმა იმის ხარჯზე მოიხვეჭოს სახელი, თუ რა მასალას ან ტექნოლოგიას იყენებს, რადგან თითქმის ყველაფერი უკვე გამოყენებულია და ასევე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ყველაფერი პირველხარისხოვანი აღარ არის. თანამედროვე ხელოვნებაში ხელობაზე, ტექნიკაზე უფრო მეტად დაფასდა იდეა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია. შესაბამისად, თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია იდეა და ის, თუ რა ხერხით არის ეს იდეა გადმოცემული, ესეც აზრის და კრეატიულობის დამსახურებაა. ამიტომ რეალურად თვითონ იდეა ხდება უკვე ხელოვნების ნიმუშის ტექნიკა.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ფორმებს, როგორც ყველა სფეროში, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ ხელოვნებაზეც დიდი გავლენა იქონია. ბევრი არტისტი ციფრულ ტექნოლოგიებს აქტიურად მიმართავს ნამუშევრის შექმნის დროს და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი ხელოვანებიც აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს. მაგალითად, ციფრული ტექნოლოგიები ჩვენს მიერ წარმოდგენილი არტისტების, მაია სუმბაძის, ბესო უზნაძის და ლადო ფოჩხუას ნამუშევრებში წამყვანია.
თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია ადგილს მორგებული, დიდი ინსტალაციები და სკულპტურები, რომლებსაც ინსტიტუციურ ნამუშევრებს ეძახიან, რადგან მასშტაბიდან გამომდინარე ასეთი ნამუშევრები ნაკლებად კომერციულია და ხშირად ინსტიტუციების და მთავრობების მიერ არის დაფინანსებული.
ლევან მინდიაშვილი მცირე ზომის სკულპტურებს ცემენტისა და ნეონის ნათურების გამოყენებით ქმნის. ამას გარდა მინდიაშვილი სწორედ იმით ინტერესდება, თანამედროვე ხელოვნებაში როგორ არის წაშლილი ზღვარი მედიუმებს შორის და ხშირად მათი გარჩევაც კი რთულია. მისი ბოლო დროის დიპტიხები, რომლებიც მთლიანად ხელით არის დახატული, ძველ ფოტოებს მოგაგონებთ.
თუმცა, არიან თანამედროვე ხელოვანები, რომლებიც მაინც ტრადიციულ მედიაში ამჯობინებენ მუშაობას: მაია ნავერიანი დიდი ფორმატის ქაღალდზე ფანქრით მუშაობს, ირაკლი ბუგიანი და მაკა ბატიაშვილი ტრადიციულ ზეთს და აკრილს იყენებენ. სწორედ ის არის საინტერესო თანამედროვე ხელოვნებაში, რომ მზა ფორმულები ნამდვილად არ არსებობს. ყველაფერი დაშვებულია.
ყველაზე მოთხოვნადი არტისტები.
რაც შეეხება კონკრეტულ მხატვრებს, რომლებზეც უფრო მეტი მოთხოვნაა, შემიძლია დავასახელო: მაკა ბატიაშვილი, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთში არის უკვე ცნობილი. მაკას ნამუშევრებს, სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, უკვე მეოთხე წელია სტამბულში, Contemporary Istanbul არტ ფეარზე ვფენთ. წელს მისი ორი დიდი პორტრეტი თურქეთის ყველაზე ცნობილმა კოლექციონერმა ალი ქოჩმა იყიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე მაია სუმბაძე, მაია ნავერიანი და თეა გვეტაძე. მათი ნამუშევრები ცნობილი კოლექციონერის, ჰუმა კაბაქჩის კოლექციაშიც არის. კიდევ უნდა გამოვყო ირაკლი ბუგიანი, ლევან მინდიაშვილი, ლადო ფოჩხუა და ბესო უზნაძე, რომლებიც საერთოდ ერთმანეთისგან განსხვავებულ მედიუმში მუშაობენ, მაგრამ ეს არ არის მათი წარმატების განმსაზღვრელი.
ჩვენი ონლაინ მაღაზიის (www.projectartbeat.com) საშუალებით კაკო თოფურიას ნამუშევრებს ყველაზე ხშირად ყიდულობენ უცხოელი კოლექციონერები.
როგორ განისაზღვრება თანამედროვე ხელოვნების ფასი საქართველოში, მსოფლიოში
თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ღირებულების ფორმირება არტისტის ცნობადობის გარდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: მნიშვნელოვან გამოფენებსა თუ ბიენალეებში მონაწილეობა, მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებისა თუ გალერეების, ასევე კერძო პირების კოლექციაში მისი ნამუშევრების არსებობა, მის შესახებ პუბლიკაციები, კატალოგები, მიღებული ჯილდოები და სხვა. ამ ყველაფერში ხელოვანს ძალიან ეხმარება გალერეასთან თანამშრომლობა. ასევე, რა თქმა უნდა, მაინც მნიშვნელოვანია გამოყენებული მასალების ფასი.
ნამუშევრის ღირებულება ფოტოს, პრინტის ან ისეთის შემთხვევაში, რომლის გამეორებაც შეიძლება, უკუპროპორციულადაა დამოკიდებული ასევე გამოცემის (edition) რაოდენობაზე. ანუ, რაც უფრო ლიმიტირებულია ნამუშევარი, მით უფრო მაღალია ღირებულება და რაც უფრო ნაკლები გამოცემა რჩება, ფასიც იზრდება.
ზოგჯერ დამთვალიერებელი თანამედროვე, ახალგაზრდა და შედარებით უცნობი არტისტის ნამუშევრის შეძენას ერიდება და ურჩევნია, იყიდოს ყველასთვის კარგად ცნობილი სახელები. არსებობს რამდენიმე ტიპის კოლექციონერი. ზოგიერთი, ძირითადად, ნამუშევრის ვიზუალური მხარით ინტერესდება, თემატიკით, რამდენად შეეფერება მისი სახლისა თუ ოფისის ინტერიერს.
თუ ჭეშმარიტად ხელოვნების მოყვარულია კოლექციონერი, ის მხოლოდ თავის ემოციებს, გემოვნებას და ინტუიციას ენდობა, რადგან ის ხელოვნებას, როგორც ინვესტიციას ნაკლებად უყურებს, თუმცა ძალიან ცნობილი კოლექციონერებიც კი ხშირად მიმართავენ არტ მრჩეველებს. ვინც ინვესტიციის განხორციელების მიზნით ყიდულობს ნამუშევარს, მოგების განმსაზღვრელი ფაქტორია ის, გაიზრდება თუ არა მისი ღირებულება მომავალში არტ ბაზარზე.
მაგალითად, ახლა ჩვენს გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი გაგოშიძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. მისი ნამუშევრები Project ArtBeat-მა წარადგინა სტამბულის და ვილნიუსის ხელოვნების ბაზრობებზე და პეკინის ბიენალეზე. მის ნამუშევრებს თვითონ არტ ფეარის არტ დირექტორის რეკომენდაციით 2019 წელს არტ დუბაიზე წარვადგენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ახლა მხატვრის ფასები შედარებით მისაღებია, თუმცა ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის აუცილებლად გაიზრდება.
ასევე აუცილებლად უნდა შევეხო თემას, რომელსაც ფასების მდგრადობა ჰქვია. საქართველოში ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო და გარკვეულ შემთხვევებში დღემდე არის ის, რომ თუ გალერეის გარეშე პირდაპირ მხატვართან მიხვალ, ფაქტობრივად, ნახევარ ფასად შეძლებ ნამუშევრის ყიდვას. ეს პრაქტიკა, გარდა იმისა, რომ გალერეის ინსტიტუტს აზარალებს და საერთოდ ვერ აფასებს გალერეის მნიშვნელობას, ასევე დამღუპველია მხატვრისთვის და მისი შემოქმედების მომავალი შეფასებისთვის.
როგორ შეიძლება ხელოვნების ნამუშევრის ღირებულება იცვლებოდეს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ ვისგან იყიდი ნამუშევარს? ეს აბსურდია. ჩვენმა გალერეამ ეს პრობლემა იმით მოაგვარა, რომ მხოლოდ იმ მხატვრებთან ვმუშაობთ, ვისაც ესმის ამის მნიშვნელობა და შესაბამისად, რაც უნდა ჩვენი გვერდის ავლით მათთან მივიდეს კოლექციონერი, მაინც იგივე ფასის გადახდა მოუწევს ნამუშევარში. ამის ახსნა იმ მხატვრებისთვის, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, სულაც არ დაგვჭირდა, რადგან იქ უმრავლესობა ასე მუშაობს.
როგორ იკითხება თანამედროვე ხელოვნება, აქვს თუ არა სპეციალური მეთოდოლოგია თუ უბრალოდ ადამიანის ემოციაზეა გათვლილი
როგორც უკვე აღვნიშნე, თანამედროვე ხელოვნებაში წამყვანია იდეა, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, აუცილებელია გავეცნოთ ხელოვანის კონცეფციას, იმისათვის, რომ გავიგოთ ნამუშევრის შინაარსი, განსხვავებით, მაგალითად, შუა საუკუნეების ხელოვნებისაგან.
ძალიან საინტერესოა, რამდენად კრეატიულად გამოხატავენ ხელოვანები ამა თუ იმ იდეას და ღირებულებას. სწორედ ეს ქმნის მათ ხელოვნებას განსაკუთრებულს, თუმცა იდეებზე დამყარებული ხელოვნება სულაც არ არის მარტივი. ხშირად დამღლელიც არის ყველაფრის კითხვა და გააზრება. მახსოვს, 2015 წლის ვენეციის ბიენალეზე, რომელიც პოლიტიკური და სოციალური ხელოვნებით იყო დატვირთული, როგორ გიჟივით გამოვვარდი ერთ-ერთი საგამოფენო სივრცის, “არსენალეს” შუა ნაწილიდან. იმდენად ემოციურად დავიღალე, რომ თვალიერების გაგრძელებას იმ დღეს არანაირი ღირებულება აღარ ექნებოდა ჩემთვის.
როგორ ამოვიცნოთ ღირებული არტისტები და მათი ნამუშევრები და საკმარისია თუ არა ემოციებით ხელმძღვანელობა თუ საჭიროა ბექგრაუნდი მათ შესაფასებლად
რა თქმა უნდა, ბექგრაუნდის ცოდნა თანამედროვე ხელოვნების გააზრებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუმცა, ჩემთვის ნამუშევრის იდეა არის ყველაზე დიდი ღირებულება. ამას მოსდევს ვიზუალური მხარე და ემოციური შეგრძნებები. ამიტომ ვცდილობ, რომ თითქმის ყველა ნამუშევრის კონცეფციას გავეცნო, რომ საინტერესო ნამუშევრები და მხატვრები არ გამომეპაროს.
რაც შეეხება ნამუშევრის შეძენას, ზემოთ უკვე ვისაუბრე კოლექციონერების სხვადასხვა ტიპებზე. პირადად მე სანამ გალერეას გავხსნიდი, ძალიან მიყვარდა თანამედროვე ხელოვნება და ქართველი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს ვყიდულობდი. ყიდვის დროს თითქმის ყოველთვის ჩემს გემოვნებას ვენდობი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს გემოვნება საგრძნობლად შეიცვალა, რაც ჩემი საქმიანობა ამ სფეროს დავუკავშირე.
განათლება, ცოდნა და ბევრი გამოფენის ნახვა ძალიან მნიშვნელოვანია გემოვნების ჩამოყალიბებისთვის.