თარხნიშვილი – მუსიკალური ქუჩა და კერძო ინიციატივის დაბრკოლებები
თუ ზაფხულის შემდგომ თარხნიშვილის ქუჩაზე ფეხით გაგივლიათ, აუცილებლად მოისმენდით მუსიკას, რომელიც მთელი ქუჩის გაყოლებაზე ისმის. ქუჩაზე ასევე შესამჩნევია მოხატული სანაგვე კონტეინერები, ყოველი სადარბაზოს შესასვლელთან დამონტაჟებულია პატარა საფერფლეები, ზაფხულში კი ქუჩა სპეციალური სარეცხი მოწყობილობით ირეცხებოდა. თბილისში ქუჩის კეთილმოწყობის ამგვარი სერვისი სხვაგან არსად გვხვდება.
ქუჩის კეთილმოწყობის იდეა და მისი განხორცილება ამავე ქუჩაზე მცხოვრები ადამიანის კერძო ინიციატივაა. ამ ადამიანმა არ ისურვა მისი სახელის გასაჯაროვება და მხოლოდ ფონდი Swift & Rodgers ახსენა, რომლის დამფუძნებელიც თავად გახლავთ.
“ძალიან მარტივია ყველაფერი. მაღიზიანებდა ბინძური გარემო. მინდოდა ჩემი ქუჩა განსხვავებული, უფრო მხიარული და მოვლილი ყოფილიყო. ვფიქრობდი, რომ ეს მაგალითი იქნებოდა სხვებისთვის და მსგავსს ინიციატივებს სხვა ქუჩებზეც განახორციელებდნენ. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების იდეა ასეთი იყო: “ყველაზე სუფთა, ყველაზე მუსიკალური და ყველაზე უსაფრთხო ქუჩა”. უსაფრთხოს იმიტომ ვამბობ, რომ მთელ ქუჩაზე უსაფრთხოების კამერები დავამონტაჟეთ. ახლა მხოლოდ მიერთებაა საჭირო, ეს კი სამართალდამცავების პრეროგატივაა. გარდა ამ ინიციატივებისა, ქუჩის “გამხიარულებასაც” ვეცადეთ. ბავშვებს ხეების ირგვლივ მიმოყრილი ქვები მოვახატინეთ, ასევე დავდგით “სურვილების ყუთი”, ქუჩის თაღებზე კი განათება დავამონტაჟეთ… მოლოდინი მქონდა, რომ ქუჩის მოსახლეობა მეტად ჩაერთვებოდა პროცესში. თუმცა, ალბათ ამგვარი სიახლეებისთვის ჯერ მზად არ ვართ.
ჩემს ინიციატივებს პასიური მომხრეები ჰყავს, რომლებმაც მიიღეს ეს სიახლეები, თუმცა პროცესში ჩართვა არ ისურვეს. სამაგიეროდ გამოუჩნდნენ აქტიური მოწინააღმდეგეები. არაერთხელ გამოიძახეს პატრულისა და ზედამხედველობის თანამშრომლები. ძირითადად, მუსიკის ხმას აპროტესტებენ. არადა, სპეციალურად არის შერჩეული საკმაოდ “ნეიტრალური” მელოდიები და ხმის სიმძლავრე კანონით განსაზღვრულ ფარგლებს არ სცდება. მუსიკა ღამის საათებში ითიშება.
პროტესტი გამოიწვია ასევე ქუჩის დასუფთავების პროცესმაც. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ქუჩას საპნიანი წლით რეცხავს, გარკვეულ ხმას გამოსცემს, ქუჩის ორივე მხარის მორეცხვას, დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება, მაგრამ ალბათ სიბინძურეზე მეტად, ამ ხალხს ტექნიკის ხმა აღიზიანებს. „სურვილების ყუთის” ირგვლივ ძველი კასეტებისგან გაკეთდა დეკორაცია. სულ მალე კასეტები მოიპარეს… არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ეს ძველი კასეტები.
ყველაზე უცნაური საყვედური მაინც ბავშვების მიერ ქვების მოხატვისას მივიღეთ. უკრაინის დროშის ფერებში რატომ ახატვინებთ ქვებსო… რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ასეთი რეაქცია, მაგრამ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ და კიდევ უფრო მეტი და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას ვგეგმავთ. პრობლემას ქმნის ის, რომ ადამიანებს აბსოლუტურად არ ადარდებთ ის გარემო, რომელიც მათ ირგვლივ არის. არავინ ფიქრობს, რომ თავადვე შეუძლია საკუთარი ქუჩის, საკუთარი ქალაქის უკეთესობისკენ შეცვლა” – განაცხადა AT.ge-სთან საუბრისას თარხნიშვილის ქუჩის ინიციატივის ავტორმა.