fbpx

სუბიექტური ხედვის მხატვარი – თამარ ნადირაძე


გააზიარე სტატია


მე ვარ თამარ ნადირაძე, 26 წლის, დავამთავრე სამხატვრო აკადემია წიგნის ილუსტრაციის და დიზაინის სპეციალობით, და არაფორმალური მაგისტრატურა CCA-ში. ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით დამიგროვდა გამოცდილება – ვმუშაობდი წიგნის ხელოვნების ცენტრში, რომელიც წიგნის ფესტივალებზე იყო ორიენტირებული, წიგნის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით, ამავდროულად ვაკეთებდი საბავშვო წიგნებს. მერე დავინტერესდი არტ წიგნებით და ვაკეთებდი ვორქშოფებს ჩემს მეგობრებთან ერთად – როგორ გავაკეთოთ არტ წიგნი.

როდის დაიწყე ხატვა?

ხატვა, როგორც ყველა ბავშვმა, ალბათ მეც პატარა ასაკიდან, 3-4 წლიდან დავიწყე. როგორც კი წერა-კითხვა ვისწავლე, წაკითხულის ხატვა მომინდა. ასაკისთვის ცოტა შეუფერებელ წიგნებს ვკითხულობდი. 7 წლის ვიყავი, ვასილ ბარნოვის, ვიქტორ ჰიუგოს და საქართველოს ისტორიის კითხვა რომ დავიწყე. ასევე ძალიან მიყვარდა თამაში საკუთარ თავთან, ფანტაზია ძალიან კარგად მქონდა განვითარებული. საინტერესო აღმოჩნდა 90-იანი წლები, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, რაღაცნაირად მეც მტკივნეულად შემეხო, ვუყურებდი მშობლებს – როგორ ცდილობდნენ გადარჩენას. ცნობისმოყვარეობა, ინტერესი და შემდეგ გამოხატვა, ეს იყო ჩემი ბავშვობის ძირითადი საქმიანობის სფერო.

როცა წამოვიზარდე, სკოლაში იცოდნენ, რომ ხატვით ვიყავი გატაცებული და ერთხელ გამოფენაც კი მქონდა. გამოფენაზე წარმოვადგინე ნამუშევრები, სადაც ჩემი მარტოობა ჩანდა – თამაშის მომენტი, დაკვირვების მომენტი, ბუნებაში სიარულის ფრაგმენტები – ძალიან ნაივური ნამუშევრები იყო, მაგრამ იგრძნობოდა ჩემი კონცენტრაცია საკუთარ თავზე. ამ ასაკში სულ ვეძებდი პასუხებს – ვინ ვიყავი, სად ვიყავი.

შემდეგ იყო უკვე სამხატვრო აკადემია, სადაც ჩაბარებამდე ბევრს ვფიქრობდი – მინდოდა თუ არა ხატვა. ძალიან მიყვარს ლიტერატურა და ხელოვნებათმცოდნეობა, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა წიგნის კითხვა. ასევე ძალიან მაინტერესებდა არქეოლოგია და ოჯახიც მხარს მიჭერდა. და ბოლოს, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც მხატვრობა ვარჩიე. აქაც ბევრი ვიფიქრე, ფერწერა ამერჩია თუ გრაფიკა, ვიცოდი, რომ ფერწერა შედარებით უფრო სუსტი ფაკულტეტი იყო, უბრალოდ ფერწერაზე უფრო დიდ სივრცეს გაძლევენ, იმისთვის რომ ხატო. თუმცა, მე მაინც გრაფიკა ავირჩიე და შემდეგ წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტზე გამანაწილეს.

აკადემიის დასრულების შემდეგ ოთარ ყარალაშვილის წიგნის ხელოვნების ცენტრში მოვხვდი და დავიწყე პრაქტიკული საქმიანობა. ამ პერიოდში იყო ჩემი პირველი პროექტი, არტ წიგნების გამოფენა, რომლის ორგანიზატორი და წიგნების მომძიებელიც ვიყავი, 90-იანი წლებიდან დღემდე ამ პროექტის დამსახურებით გავიცანი ძალიან ბევრი არტისტი.

ყველა აკეთებს არტ წიგნებს, თუმცა თითქოს ეს ყველაფერი ერთჯერადია, თითქმის ყველა წიგნი ერთი ეგზემპლარია, თან ჩვენთან არტ წიგნები აქტუალური სამწუხაროდ არ არის. და ეს ამხელა საინტერესო მასალა, ხელოვანებთან ინახება სახლებში. თუმცა ამ გამოფენის კეთებით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მხატვრებთან ურთიერთობით. ასევე გავიცანი ახალგაზრდა არტისტები ლუკა აქიმიძე, ანდრო ერაძე, ლადო ლომიტაშვილი, გიორგი ხანიაშვილი და გავარკვიე, ისინიც ხომ არ მუშაობდნენ არტ წიგნებზე.

ზოგიერთი თავად მოდიოდა და ამბობდა, რა საინტერესო სიტუაციაა, ჩვენც ხომ არ გვეცადაო.

საიდან იღებ ინსპირაციას?

ძალიან ბევრი რამიდან – პირველ რიგში საკუთარი გამოცდილებიდან, ხალხთან ურთიერთობიდან, ბავშვობიდან. ხშირად ვუბრუნდები ჩემი ცხოვრების ტრავმულ ეპიზოდებს. შთაგონებად შეიძლება იქცეს ცხოვრებაში ადამიანის დაკარგვა ან შეძენა. ასევე მაინტერესებს და ვმუშაობ სოციალურ პროექტებზე. იძულებით გადაადგილებული პირების საკითხები, “ლტოლვილებს” რომ ეძახიან. ასევე საქართველო, თბილისი, პოლიტიკური გარემო, ეკოლოგია.

მგონია, რომ ხელოვანი ადამიანი საკუთარ სტუდიაში დიდ დროს არ უნდა ატარებდეს, რა თქმა უნდა, ესეც საინტერესოა, თუმცა მუდმივად ჩაკეტილ სივრცეში ყოფნით დიდ გამოცდილებას ვერ დააგროვებ, რაც შემდეგში აუცილებლად შთაგონებად იქცევა.

ასევე ვფიქრობ, ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვური ცნობისმოყვარეობა. თანამედროვე ხელოვანისთვის ასევე მნიშვნელოვანია იცოდე, რა ხდება მსოფლიოში ამ სფეროში და იცოდე სად ხარ შენ. ხელი აუწყო ამ მოვლენებს 🙂

როგორ აყალიბებ ნამუშევრის კონცეფციას მის შექმნამდე, რამდენად მნიშვნელოვანია ფერის შერჩევა კონცეფციის მიხედვით?

ყველაფერი მაქვს ინსტინქტურ დონეზე, თითქოს რაღაც მომენტში ჩემს გონებას არ ვენდობი. ინსტინქტურად როდესაც ვხატავ, შემდეგ ვაანალიზებ და ვხვდები, რა დავხატე. როდესაც პროექტებზე ვმუშაობ, ვიღებ ინტერვიუებს, ვივსები ინფორმაციით, შემდეგ ვთიშავ გონებას და ვისვენებ ხანდახან რამდენიმე საათი, ან რამდენიმე დღე და ვიწყებ რაღაცების ხატვას ინსტინქტურად. შემდეგ ხატვის პროცესში ამოდის ეს ინფორმაცია ზედაპირზე.

ხანდახან ჩემი კონცეფცია პირადი გამოცდილებაა, იმ პერიოდის, როდესაც აქტიურად ვიკვლევდი საკუთარ თავს. ხშირად ჩამიწერია სიზმარი და შემდეგ გამიანალიზებია და დამიხატავს. რადგან მოღვაწეობა საბავშვო წიგნების ილუსტრაციით დავიწყე, დღემდე ძალიან მიზიდავს საბავშვო წიგნები და ზღაპრები. ვფიქრობ, ეს ადამიანების უდიდესი გამოცდილებაა, ვეძებ ხოლმე არქეტიპებს. როდესაც ჩემი ნამუშევარი ზღაპრის კონცეფციის მიხედვით არის აგებული, ხშირად ასოციაციას ვიყენებ.

შენს თავს რომელი მიმდინარეობის არტისტად მოიაზრებ?

ვფიქრობ, უფრო უნივერსალური გაგება მაქვს. ვიზუალურად ალბათ სიურეალიზმს უფრო ჰგავს ჩემი ნამუშევრები, შეიძლება კარადა გამოაღო და მართლა გახვიდე ტყეში ან აღმოაჩინო ტორტი, ან ცხოველი გამოვიდეს, კი ეს ყველაფერი სიურეალიზმია, მაგრამ მეორე მხრივ, აუთსაიდერ ხელოვანებსაც ვგავარ, რადგან ისინიც, ისევე როგორც მე, კონცენტრირებულები არიან საკუთარ წარმოსახვებზე, შიშებსა და პრობლემებზე. მინდა მტკივნეული თემები დაუფარავად წარმოვაჩინო.

რა დამოკიდებულება გაქვს ბუნებასთან, ყველა შენს ნამუშევარში იგრძნობა სიახლოვე ბუნებასთან?

ძალიან მიყვარს ბუნება, ცხოველები. ეს ალბათ მეტწილად გორში ცხოვრებამ განაპირობა, რადგან თითქოს უფრო მეტად შემიძლია დავაკვირდე გარემოს. ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან დიდი კონტრასტია, გორში ბუნებისგან ვიღებ ძალიან დიდ ინსპირაციას და ამ დროს ჩამოვდივარ თბილისში, სადაც ასე მგონია, რომ დაკარგულია ბუნება.

მართალია, 90-იან წლებში იყო ჩემი ბავშვობა, მაგრამ ძალიან მაგარი აღმოჩნდა, მთელ დღეებს ვატარებდი მინდორში, ან მდინარის პირას ბავშვებთან, ან მარტო, ანდა ძაღლთან ერთად. ასეთი რაღაცები თბილისში დაკარგულია, აქ ვერ წახვალ მდინარეზე ან მინდვრებში სათამაშოდ. ძალიან ძვირია და რთულია სიამოვნება მიიღო თბილისისგან.

რა არის შენი ხელწერა, ის, რაც გამოგარჩევს სხვა ხელოვანებისგან?

ალბათ, საბავშვო ილუსტრაციის ესთეტიკა, რომელიც ვფიქრობ, არ დამიკარგავს და კონტრასტულობა. ასევე, ჩემი სურვილია და არ ვიცი, რამდენად გამომდის, მინდა ყველა მნახველი ჩემს ნამუშევარს საკუთარ თავთან აიგივებდეს.

სად შეიძლება შენი ნამუშევრების ნახვა?

სტუდია “ილუსტრატორში”, სადაც საბავშვო წიგნებიდან აღებული ილუსტრაციებით გაფორმებული სტიკერები, ჩანთები, ბლოკნოტები და არტ წიგნი “ტყეში” იყიდება, იგივე წიგნი და პრინტები იყიდება მანანა არაბულის არტ მაღაზია – Black Dog Shop-შიც, ასევე, ჩემს ინსტაგრამ გვერდზე. ვცდილობ, რომ ხშირად განვაახლო.


რეკომენდებული სტატიები
ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი
წარმოგიდგენთ ქართველ არტისტებს, რომლებიც ინსტაგრამზე ეროტიკულ და არა მხოლოდ ეროტიკულ კონტენტს ანთავსებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.