@greenpantsu
მოგვიყევი შენს შესახებ, გაგვეცანი
მე ვარ თათუკა, ვცხოვრობ საქართველოში, 15 წლის ვარ. ვიცი ცოტა იაპონური, ასევე ვსწავლობ ესპანურს. ვიცი ფრანგული და ინგლისურიც.
როდის დაინტერესდი ხელოვნებით
ხატვა ძალიან პატარამ დავიწყე, მაგრამ ეს არ ყოფილა სერიოზული გატაცება. სერიოზულად 12 წლიდან გამიტაცა.
რა იყო შენი პირველი გამოცდილება მანგასთან, რატომ მოგეწონა ეს სტილი
სანამ 12 წლის გავხდებოდი და უფრო სერიოზულად დავიწყებდი ხატვას, გადახატვით ვიყავი დაკავებული. ახლა ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი, იმიტომ რომ, თუ გინდა კარგი ხელოვანი იყო, ყველაფერი შენით უნდა შექმნა და საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იმუშაო.
12 წლის რომ გავხდი, დავიწყე ანიმეების და მანგას ხატვა, რადგან ზოგჯერ ვუყურებდი ანიმეს და ძალიან მომწონდა.
უცხო თვალისთვისაც კი, რომელიც კარგად არ იცნობს ანიმეს და მანგას, შენი სტილი გამოკვეთილი და ადვილად ამოსაცნობია. რას აკეთებ იმისთვის, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო?
ვიცი, რომ ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ვვითარდები. ვფიქრობ, ჯერ კიდევ უნდა ჩამოვაყალიბო საკუთარი სტილი. მქონია შემთხვევა, როდესაც დამაბრალეს პლაგიატობა, მაგრამ იმ ადამიანთა ნამუშევრები, საიდანაც რაღაც დეტალებს ვიღებდი, ჩემი ინსპირაცია იყო და მე მათი სტილის ნაწილი ავიღე და ვეცადე ჩემს ნამუშევრებში გამომეყენებინა. ამის შემდეგ ყველაფერს თვითონ ვაკეთებ.
როგორია ხატვის პროცესი
ვიწყებ ჩანახატის გაკეთებით. გააჩნია, რის დახატვას ვაპირებ. თავიდან ანატომიით ვიწყებ და ასე ვავითარებ ნამუშევარს. უკანა ფონს ყოველთვის არ ვაკეთებ. შეიძლება ერთ საათზე ნაკლები დამჭირდეს ნამუშევრისთვის, შეიძლება 5 საათი, ან თუნდაც რამდენიმე დღე.
რის ხატვა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
ჩემი არტი უმეტესად კონცეფციების დიზაინი და პერსონაჟებია. ვაპირებ საკუთარი კომიქსის შექმნას. უკვე ვცადე პირველი თავის დაწყება, მაგრამ ჯერ კიდევ ვცდილობ გავაუმჯობესო ჩემი სტილი. ბევრი პერსონაჟი შევქმენი.
ანუ შენს კომიქსში, შენივე მოფიქრებული ისტორია, პერსონაჟები და სამყარო იქნება?
კი, ეს მხატვრული შემოქმედებაა, რომელიც მიწისქვეშეთის სამყაროზეა დაფუძნებული (underworld). უფრო ფანტაზიის და ტრილერის ჟანრია. ისტორიებს და პერსონაჟებს მე თვითონ ვქმნი.
ინსტაგრამზე ძალიან ბევრი გამოწერა გაქვს
თავიდან უბრალოდ დავიწყე ჩემი ნამუშევრების ინსტაგრამზე განთავსება, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ძალიან გაიზარდა ჩემი follower-ების რიცხვი. ამ პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული იყო ხუმრობა, სადაც ადამიანები სარეცხი ფხვნილის, “ტაიდის” ბურთულებს ჭამდნენ. არ ვიცი, რატომ აკეთებდნენ ამას, მე უბრალოდ გადავწყვიტე, დამეხატა “ტაიდი” – როგორც გოგო პერსონაჟი. ეს უბრალოდ გავაკეთე, რადგან ხუმრობა ძალიან აქტუალური იყო ინტერნეტში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბევრმა ადამიანმა გამოაქვეყნა ეს ნამუშევარი და შესაბამისად, ჩემი follower-ების რიცხვიც გაიზარდა.
საიდან იღებ ინსპირაციას?
უმეტესად ანიმეებიდან და მანგადან.
რა რჩევას მისცემდი იმ ადამიანს, ვინც ახლა იწყებს ანიმეზე მუშაობას
თუ ეს სტილი გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ნამდვილი ანატომია, იმიტომ რომ ანიმეს სტილში ანატომია ხშირად გაზვიადებული ფორმებით გვხვდება. მაგალითად, შეიძლება ხელები იყოს ძალიან პატარა, მაგრამ თვალები ძალიან დიდი. ხშირად სხეულის ნაწილები ისეა დახატული, როგორიც ნამდვილ სამყაროში არ არსებობს. ამიტომ უნდა დაიწყოთ რეალური ანატომიის ხატვით. მე გირჩევდით, ფოტოსურათები გამოიყენოთ და ნამდვილი ადამიანების პოზები დახატოთ და შემდეგ ეცადოთ მათ გაზვიადებას, რათა საკუთარი სტილი შექმნათ.
რომელია შენი საყვარელი მანგა ან ანიმე?
ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ ჩემი საყვარელი ანიმეა slide of life.
მოგვიყევი შენს გამოცდილებაზე ავსტრალიელ გრაფიტი არტისტთან
როდესაც ჩემი follower-ების რიცხვმა იმატა, ერთ-ერთმა გრაფიტი არტისტმა, რომელიც ინტერნეტ მიმებს ხატავს, გადაწყვიტა ჩემი ნამუშევრის დახატვა. მე მის სამუშაო პროცესს პირდაპირ ეთერშიც ვუყურე (live streaming).
შენგან აიღო უფლება? თუ როგორ გაიგე ამის შესახებ?
არა, არ უკითხავს, მაგრამ ეს ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რადგან ჩემი ნამუშევარი ახლა ავსტრალიაშია.
მაგრამ შემდეგ მან მომწერა. ბევრმა ადამიანმა მომნიშნა მის პოსტში, სადაც ის ამბობდა, რომ აპირებდა ჩემი ნამუშევრის დახატვას. სხვათა შორის, მან ზუსტად ჩემი “ტაიდის” გოგონა დახატა. ასევე ბევრმა youtube-ერმაც გამოიყენა. არ ვიცი, რატომ, რადგან, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სულელური ნამუშევარია, რაც კი გამიკეთებია.
როგორია შენი სამომავლო გეგმები
უკვე ვიღებ სხვადასხვა შეკვეთას. ასევე ვაპირებ, რომ გავხსნა ონლაინ მაღაზია, სადაც პოსტერებს, მაისურებს, ჩანთებს და სხვა პროდუქციას გავყიდი. მინდა, რომ უფრო გავაუმჯობესო ჩემი ნაშრომები.