fbpx

მიტოვებული სასტუმრო „პლეხანოვზე“ და მისი ერთგული მცველი


გააზიარე სტატია

შეროზიას (ახლანდელი ზ. ჭავჭავაძის) ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კუთხეში, თბილიში ოდესღაც ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო “ვეტცელის” ნანგრევები დგას. “ვეტცელის” შენობა, მე-19 საუკუნის ბოლოს, გერმანელი კოლონისტის შთამომავალმა, მდიდარმა მეწარმემ, ფრიდრიხ ვეტცელმა ააშენა. ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ შენობა შეიძინა მეწარმე ნოე სიხარულიძემ და სასტუმროს თავისი სახელი “ნოე” დაარქვა.

1928 წელს, უკვე კომუნისტების დროს, სასტუმროს “ევროპა”, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ “რუსთავი” ეწოდა. 1970-იანი წლებიდან შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ეკავა.

თბილისის ერთ-ერთი უნიკალური არქიტექტურული ძეგლის ფასადის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2011 წელს მოხდა, შეროზიას ქუჩის მხარეს მდებარე ფლიგელი კი დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. სასტუმროს შენობა ინვესტორიდან-ინვესტორის ხელში გადადის და მისი მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება.

“ვეტცელის” შენობის ისტორიის განვითარებას, შეროზიას ქუჩის სხვა მკვიდრებთან ერთად, ფეხსაცმელების მწმენდავი ამირანიც აკვირდებოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამირანის მამა შეროზიას ქუჩაზე წმენდდა ფეხსაცმელებს და იგი ამ ქუჩაზე, პატარაობიდან იზრდებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი “სავარძელიც” დაიკავა და ამ ქუჩიდან ფეხი აღარ მოუცვლია. ამირანი ქუჩაში ცხოვრობდა, იქვე მუშაობდა, და დროის მანძილზე სულ უფრო შემცირებულ კლიენტებს ფეხსაცმელების გაპრიალების სერვისს სთავაზობდა. ალბათ ამირანისნაირ ხალხზე ითქმის, ქუჩის კოლორიტი იყოო. მას ყველა იცნობდა, უყვარდათ და დახმარებასაც ბევრი სთავაზობდა, თუმცა იგი საკუთარ შვილსაც არ მიჰყვებოდა სახლში, უცნაურად იყო ქუჩას მიჯაჭვული და ღია ცის ქვეშ ცხოვრებაც მისი არჩევანი იყო.

ერთ დღეს, ამირანმა “ვეტცელის” ნანგრევებიდან გამოსული ლეკვი შენიშნა, ძაღლი შეიცოდა და მიიკედლა. ამირანი ზრუნავდა ლეკვზე, ხოლო ის, ძაღლისთვის ჩვეული ერთგულებითა და სიყვარულით პასუხობდა მას. ძაღლი იზრდებოდა, “ვეტცელის” შენობა ისევ მიტოვებული იდგა, ამირანი კი ზამთრის სუსხს ქუჩაში ებრძოდა. არავინ იცის რატომ აირჩია ამ კაცმა ცხოვრების ამგვარი გზა, რომელიც შემზარავად დასრულდა. ერთ ზამთრის ღამეს, ამირანი სიცივემ და ყინვამ დაამარცხა. ქუჩის მაცხოვრებლებს ამირანი დღემდე ახსოვთ, ხშირად იხსენებენ და მისი სახელის პატივსაცემად, ადგილზე სადაც იგი იჯდა, კედელზე წააწერაც გააკეთეს.

ამირანის გარდაცვალების შემდგომ, მფარველის გარეშე დარჩენილი ძაღლი შორს არ წავიდა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადაბარგდა და უკვე წლებია მიტოვებული “ვეტცელის” ნანგრევებიდან აღარ გამოდის. უჩვეულო სანახავია საკმაოდ მოზრდილი ტანის ძაღლი, რომელიც კატასავით ხან შენობის სახურავზე ადის, უფრო ხშირად, კი, აივანზე გამოდის და თვალ-ყურს ადევნებს ქუჩის ცხოვრებას.

“ვეტცელის” დანგრეულ შენობაში თითქმის არავინ შედის, გარდა დარაჯისა, რომელმაც ამირანის სიკვდილის შემდგომ ძაღლზე ზრუნვა თავის თავზე აიღო. როგორც მეზობლები ამბობენ, ძაღლი უსაფრთხოა და შენობიდან ფაქტობრივად არ გამოდის, აცრილია და ყურზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის საჭდეც ამაგრია.

დღეს, ამირანის მეგობარი ძაღლი, ოდესღაც ხმაურიანი, ხალხმრავალი და მდიდრული სასტუმროს ერთადერთი მკვიდრია. მარტოდ დარჩენილმა ცხოველმა, ასევე ბედის ამარა დარჩენილი შენობის ნანგრევებს შეაფარა თავი და მის ერთგულ მცველად იქცა. რა ბედის ელის “ვეტცელის” შენობას და მის მარტოხელა მცველს, უცნობია.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.