23 აპრილი – დილიდან
23 აპრილს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
ეს დღე 1996 წლიდან აღინიშნება, თუმცა ის იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გამოცხადდა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტიანობა. გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც მანამდეც აღნიშნავდნენ წიგნის დღეს. ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.
ფოტო: https://i.pinimg.com
Little Big Town-თან კოლაბორაციის შემდეგ ტეილორ სვიფტმა სიმღერა ამერიკულ ქანთრი ჯგუფ Sugarland-სთვის დაწერა
სიმღერა შუგარლენდის ახალ ალბომში, Bigger-ში შევა. ჯგუფი დაშლის შემდეგ, ცოტა ხნის წინ გაერთიანდა, სწორედ ამის მერე დაუკავშირდა მათ სვიფტი და სიმღერა შესთავაზა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შუგარლენდის ალბომში სხვა არტისტის მიერ დაწერილი სიმღერა შევიდა. Bigger 8 ივნისს გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com/
ABC-ის სერიალი გრეის ანატომია მე-15 სეზონითაც დაბრუნდება ეთერში
გადაწყვეტილება ამის შესახებ ABC-ის პრეზიდენტმა და შონდა რაიმსმა ერთობლივად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 14-წლიანი ეთერისა, სერიალი არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, გარდა მაყურებლების დიდი რაოდენობისა, სერიალი წარმატებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 125-ზე მეტ ქვეყანაში გადის. მთავარი როლის შემსრულებელმა ელენ პომპეომ კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სერიალს არხისთვის $3-მილიარდიანი მოგება მოაქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილება შოუს გაგრძელებაზე გასაკვირი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ შოუს მე-14 სეზონში ვიხილავთ ძველ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟ ნიკოლ ჰერმანს, რომლის როლსაც ჯინა დევისი ასრულებდა.
წყარო: https://www.harpersbazaar.com/
არიანა გრანდემ, მანჩესტერში კონცერტის დასასრულს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, პირველი სიმღერა და კლიპი გამოუშვა, სახელად No Tears Left To Cry
სიმღერა სწორედ ამ თავდასხმას ეძღვნება, ტრაგედიასა და ოპტიმიზმს, რომელიც ტერაქტიდან ორ კვირაში გამართულ კონცერტს, One Love Manchester-ს ახლდა თან. კლიპის პროდიუსერი მაქს მარტინია. სიმღერის დასაწყისი გოსპელითაა ინსპირირებული, თუმცა ის მალევე გარდაიქმნება პოპად.
წყარო: https://www.youtube.com
ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა შეაჩერა
კიმ ჩენ ინის განმარტებით, ფხენიანს ცდების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს, რადგან ატომურ იარაღზე მუშაობა დაასრულა. როგორც ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, ცდების “გაყინვა” კორეის ნახევარკუნძულზე ეკონომიკურ ზრდასა და მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა პირობას დებს, რომ ბირთვულ იარაღს მხოლოდ საფრთხის შემთხვევაში გამოიყენებს და ბირთვულ ტექნოლოგიას სხვა ქვეყნებს არ გადასცემს.
წყარო: http://www.bbc.com/
ამერიკელი მსახიობი ვერნ ტროიერი, რომელიც ცნობილი ოსტინ პაუერსის ფილმებში შესრულებული მინი-მეს როლით გახდა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტროიერი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისმა მეგობარმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მსახიობი თავის მოკვლას აპირებდა. როგორც უცხოური მედია წერს, 49 წლის ტროიერი სუიციდის მცდელობისას ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
წყარო: https://www.facebook.com/
რეჟისორი ჯეიმს კემერონი “ავატარის” კიდევ ოთხი სერიის გადაღებას აპირებს
როგორც რეჟისორი ამბობს, ის მუშაობს მეორე და მესამე ფილმებზე და იმ შემთხვევაში კი, თუ ისინიც წარმატებული აღმოჩნდებიან, ის კიდევ ორ სურათს გადაიღებს, რომლის სცენარებიც უკვე მზად არის.
“ავატარის” პირველი ნაწილის პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს გაიმართა და საოცრად მოკლე დროში მსოფლიოს ყველა დროის მაღალშემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
წყარო: http://variety.com/
ამერიკელი მსახიობი ელისონ მეკი, რომელიც ცნობილია სერიალით Smallville, სექსუალურ ტრეფიკინგში ქალების ჩართვის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს
როგორც ცნობილია, მსახიობი გაწევრიანებული იყო სექტა NXIVM-ში, რომლის დამფუძნებელი კიტ რანიერი მექსიკაში უკვე დააპატიმრეს. მსახიობ ქალს ბრალი ედება შეთქმულებაში მონაწილეობაშის ქალების სექსუალურ მონობაში ჩასართავად.
წყარო: https://edition.cnn.com/
ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს. 23 აპრილს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო გაიმართება. მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენი „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ. ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ. მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.
წყარო: https://www.facebook.com/
მოგზაურობა ჰარი პოტერის სამყაროში
23 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, ცნობილი ფილოლოგი და მწერალი ლევან ბერძენიშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე “მოგზაურობა ჰარი პოტერის სამყაროში”. ლექციაზე განხილული იქნება ჰარი პოტერის როლი თანამედროვე ლიტერატურაში და მისი სამყაროს ფილოსოფია.
წყარო: https://www.facebook.com/