fbpx

რა უნდა მოშორდეს თბილისს, რომ ის უკეთესი გახდეს


გააზიარე სტატია

თბილისის ქაოსური განაშენიანებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების უპრინციპობის, დაუდევრობისა თუ უგემოვნობის გამო დედაქალაქი საცხოვრებლად არც ისე კომფორტულად წლების განმავლობაში ჩვენ თვალწინ ყალიბდებოდა.

დღეს უკვე თბილისში ბევრი ისეთი ქუჩაა, სადაც ფეხით გავლა სრულიად შეუძლებელია, ბევრი ისეთი კორპუსია, რომელსაც მეორე კორპუსთან საზღვარი თითქმის არ აქვს და რიგ შემთხვევებში ერთმანეთის ფანჯრებს ან აივნებსაც კი “ჭამენ”, შემცირებულია მწვანე საფარის რაოდენობა, რეკრეაციულ ადგილებს შენობები ანაცვლებს და ერთი შეხედვით ეს პროცესი შეუქცევად შთაბეჭდილებას ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა დიდად სანუგეშო არ არის, მაინც არსებობს გზები, რომელიც თბილისს უკეთესს გახდიდა.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რაც გაათავისუფლებდა სივრცეს მოქალაქეებისთვის და უფრო მოხერხებულს გახდიდა აქ ცხოვრებას.

ავტოფარეხებისგან ქალაქის გათავისუფლება

ერთი შეხედვით რთულად განსახორციელებელი ჩანს და შესაძლოა კერძო საკუთრების წართმევასაც ჰგავდეს, ვინაიდან თბილისში არსებული ავტოფარეხების უდიდესი ნაწილი პრივატიზებულია, მაგრამ მათი ალბათ 5% თუ ასრულებს მის თავდაპირველ ფუნქციას. შესაბამისად, ჩვენს სახლებს აქვთ ეზოები, რომლებსაც აქვთ ავტოფარეხები და მანქანები დგანან მათ წინ, რაც ორმაგ სივრცეს შთანთქავს. გამართლებული იქნებოდა ავტოფარეხების პირველადი ფუნქციით დატვირთვა ან მათგან ეზოების და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლება, ამის პარალელურად კი ყველა დეველოპერის დავალდებულება, რომ ახალი კორპუსები უზრუნველყოფილი იყოს მიწისქვეშა პარკინგით.

user posted image

 

მიწისზედა გადასასვლელების დემონტაჟი

ეს რკინის საშინელი კონსტრუქციები ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – ვერ აადვილებს ქვეითის გადაადგილებას და იმის გამო, რომ რიგ ადგილებში მაინც არსებობს, ალოგიკურს ხდის ზებრა გადასასვლელებისა და შუქნიშნების არსებობას. ყველაფერი კი პირიქით უნდა იყოს. (თუმცა, როგორც სტატიის წერის დროს გაირკვა, ქალაქის მერიამ ჯერ მაინც ვერ გაიაზრა ამ კონსტრუქციების მთელი სიმახინჯე და დემონტაჟის ნაცვლად მათი გამაგრება გადაწყვიტა)

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

 

აივნებისა და კიბეების მიშენებების შეზღუდვა პირველ სართულზე არსებული ფართებისთვის

ამ მიშენებებს როგორც წესი, კონკრეტული ფართის კომერციული ფუნქციით დასატვირთად აკეთებენ, რასაც ეწირება საკმაოდ სოლიდური ფართობები ტროტუარებზე, ეს კი კიდევ უფრო აფერხებს ქვეითების გადაადგილებას და ამცირებს მათთვის ქალაქში დარჩენილ სივრცეს.

 

ტროტუარებზე კომერციული ჯიხურების განთავსების შეზღუდვა

ქალაქის ხელმძღვანელობა ერთი ხელით ებრძვის გარემოვაჭრეებს, მეორე ხელით კი ნებართვებს იძლევა ტროტუარებზე “ბუტკების” განთავსებისთვის. მხოლოდ ვაჟა-ფშაველას დასაწყისში არსებულ სავაჭრო ობიექტებთან ჩავლაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ტიპის ნაგებობებით ტროტუარების დახუნძვლა ცუდი საქციელია და ეს პრაქტიკა სასწრაფოდ არის აღმოსაფხვრელი.

 

ყვითელი ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსები 

ყვითელი ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების ჩანაცვლება ადამიანის ღირსების არშემლახავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ის, რაც თბილისში ხდება, ალბათ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსია – ქალაქის ქუჩებში წლობით დადის სრულიად ამორტიზებული, მწყობრიდან გამოსული, უწესრიგოდ მოძრავი ასობით მანქანა, რომელიც თავისი შავი გამონაბოლქვით და შიგნით დაგროვილი მხუთავი აირებით წამლავს მოსახლეობას და ყველაზე დიდი შედეგი ამ მიმართულებით რაც გვაქვს, ის არის, რომ სამარშუტო ტაქსებს განესაზღვრათ 20 ქუჩა, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდნენ. არ არის საკმარისი. არაფერს არ ცვლის. ყვითელი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები დაუყოვნებლივ უნდა გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან.


რეკომენდებული სტატიები
„იპოდრომის ესტაკადა“ ვარდისფერი სათვალის გარეშე

„იპოდრომის ესტაკადა“ ვარდისფერი სათვალის გარეშე

„იპოდრომის ესტაკადა“ ვარდისფერი სათვალის გარეშე
ნახეთ როგორ განსხვავდება „იპოდრომის ესტაკადის“ სატრანსპორტო ნაკადები ერთის მხრივ სარეკლამო და მეორეს მხრივ პროფესიონალურად მოდელირებულ ვიდეოებში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.