საბჭოთა გაჩერებები საქართველოში


გააზიარე სტატია


ფოტოკვირეულ “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში 5 მაისს გაიხსნება ნანუკა ზაალიშვილის ფოტოპროექტის გამოფენა, რომელიც საქართველოში შემორჩენილ საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებს ეძღვნება. ფოტოპროექტში შემავალი გაჩერებების ფოტოები ღია ბარათებად იყიდებოდა, მალე კი წიგნის ფორმატშიც იქნება მათი დათვალიერება შესაძლებელი.

 

ჩალაუბანი

რა არქიტექტურული ღირებულება აქვთ ძველ და თითქმის უფუნქციოდ დარჩენილ გაჩერებებს?

საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო და საქართველოს ყველა საბჭოთა მარშრუტი მოიცვა. წარმოდგენილ ფოტოპროექტზე მუშაობის პროცესში ბევრი საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რამაც ამ გაჩერებებს დღევანდელობაში ახალი მნიშვნელობა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გაჩერების ავტორი ქართველი საკულტო არქიტექტორი გიორგი ჩახავაა. სამ მათგანს (პატარა ქანდა, ბორჯომი, ტეზერი), თავიანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უკვე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ტეზერი
პატარა ქანდა
ბორჯომი
ნიგოზა

ეს მცირე ზომის მოცულობები, რომლებიც ერთგვარი „გზისპირა თავშესაფრებია“, საქართველოს ყველა რეგიონში სხვადასხვა საინტერესო ფორმითა და კომპოზიციითაა წარმოდგენილი. გაჩერებები საბჭოთა კავშირის რეჟიმში მოღვაწე ქართველი არქიტექტორების, დიზაინერებისა და მხატვრების ხედვისა და სტილის გამომხატველია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ქართულ არქიტექტურას საბჭოთა მემკვიდრეობიდან შემორჩა.

კაჭრეთი

თუ განსხვავდება საბჭოთა კავშირის დროინდელი გაჩერებების არქიტექტურა და ვიზუალი რეგიონების მიხედვით?

საბჭოთა გაჩერებების დიზაინი გარკვეული ესთეტიკური მოსაზრებებით იქმნებოდა და გამოხატავდა იმ ადგილისთვის დამახასიათებელ სოციალისტურ თემებს, სადაც ისინი იდგმებოდა. ძირითადად გამოსახავდა კოლმეურნეობის თემას, ბედნიერ ადამიანებს, მზიან მინდვრებს, მთებს, მოხნულ ველებს, ხორბლის ყანებს, უხვ მოსავალს და ა.შ.

ქობულეთი

თითოეული ადგილის მოზაიკიან გაჩერებას იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი კომპოზიცია ჰქონდა: მაგალითად, საზღვაო ქალაქ ბათუმის გაჩერებაზე მოცურავეებია გამოსახული, სოფელ ხვანჭკარას მოზაიკიან გაჩერებაზე კი, რომელიც ამავე სახელწოდების ღვინითაა ცნობილი, ყურძნის მტევნებია გამოსახული.

იგივე პრინციპითაა შესრულებული სოფელ საჯავახოს გაჩერებაც იმერეთში, სადაც სიმინდის მოსავლით დახუნძლული კოლმეურნე ქალები ერთმანეთს ეგებებიან.

ბორითი
საგურამო
ციხისძირი

სამეგრელო ცნობილია საცხენოსნო სპორტით, მარულათი. სოფელ რუხის გაჩერებაზე, რომელიც ზუგდიდთან მდებარეობს, სწორედ მარულას ფერადი და მხიარული სცენაა გამოსახული. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი გაჩერება პავილიონის სახესაც ატარებდა და მათი დადგმა/განახლება ბავშვთა დღეს ან ყვავილების ფესტივალზე ხდებოდა.

ცხვარიჭამია

როგორ წარმოგიდგენია ერთი მხრივ, დარჩენილი გაჩერებების მომავალი და მეორე მხრივ, შენი ფოტოპროექტის სასურველი განვითარება – ფოსტქარდები იყიდება, გამოფენას აკეთებ, კიდევ რა მედიუმში გინდა რომ მოაქციო ეს პროექტი?

გამოიცა ჩემი წიგნი „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“, რომლის პრეზენტაციაც 5 მაისს გაიმართება გამოფენაზე. ასევე გაიყიდება A3 ზომის ფოტოპრინტები, რადგან რამდენიმე ფოტო ჩემს პროექტში გამოვიყენე როგორც არტვორქი და ინტერიერს ძალიან მოუხდა. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიყიდება წიგნის სანიშნები სხვადასხვა გაჩერების ფოტოებით, მომავალში გასაფერადებელი წიგნიც გამოვა.

გოდერძის უღელტეხილი

ყველაზე საინტერესო რამ, რაც წლების განმავლობაში გაჩერებებზე დაკვირვებამ გიჩვენა.

ხალხი გადაეჩვია გაჩერების გამოყენებას დანიშნულებისამებრ და თითქოს მათი ფუნქცია დაივიწყა. მაგალითად, წვიმაში მინახავს გაჩერებასთან უქოლგოდ (და არა შიგნით სიმშრალეში) მდგომი ხალხი, რომელიც ელოდება ტრანსპორტს. ეს ცხადია, გამოიწვია იმან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ ჩერდებაა მხოლოდ გაჩერებებზე (განსაკუთრებით რეგიონებში),სადაც მგზავრი ხელს დაუქნევს, იქ აჩერებენ, მაგრამ მაინც შესამჩნევია ეს „ახალი ურთიერთობა“ ხალხსა და ტრანსპორტს შორის, რამაც გაჩერებები მოვლენებს მიღმა დატოვა.

წალკა

თუ შეიძლება მსგავსებისა და განსხვავების მოკლედ აღწერა ძველ და თანამედროვე გაჩერებებს შორის.

ძველ და თანამედროვე გაჩერებებს შორის არანაირი კავშირი და მსგავსება არაა. ბოლო წლებში თანამედროვე ავტობუსის გაჩერებების მონტაჟი დაიწყო ისე, რომ ეს ახალი ტიპური ფორმები საბჭოთა გაჩერებების გვერდით განთავსდა, რამაც ძალიან კონტრასტული გარემო შექმნა და ადვილად შეიმჩნევა მათი დიზაინის პრიორიტეტულობა მაშინ და დღეს.

ნატახტარი

რეკომენდებული სტატიები
მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები

მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები

მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები
უფუნქციოდ ან უპატრონოდ დარჩენილი, მიტოვებული და გაპარტახებული შენობები ახალი შინაარსით დატვირთვას ელიან
ფოტოკონკურს World Press Photo 2018-ის გამარჯვებულები

ფოტოკონკურს World Press Photo 2018-ის გამარჯვებულები

ფოტოკონკურს World Press Photo 2018-ის გამარჯვებულები
World Press Photo ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოკონკურსია, რომელიც მსოფლიო საგამოფენო პროგრამის საშუალებით წლის საუკეთესო ფოტორეპორტაჟებს მილიონობით ადამიანს აცნობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.