fbpx

სამთავრობო „მეგა-პროექტები“, რომლებიც დაპირებებად დარჩნენ


გააზიარე სტატია

რას არ მოისმენთ წინასაარჩევნოდ – სადღეგრძელოებს აყვავებულ ქვეყანაზე, აღდგენილ სამართლიანობაზე, დაბრუნებულ მეობაზე და ა.შ.

მაგრამ ხანდახან (როგორც წესი, არჩევნების წინ) პოლიტიკოსები და პარტიები კონკრეტული დაპირებებითაც გვანებივრებენ ხოლმე: “აქ, ამა და ამ დროს, გავაკეთებთ ამას და ეს ძალიან კარგი, გრანდიოზული იქნება”.

როგორც წესი, ასეთი გამორჩეული და ყურადღების ცენტრში მოქცეული დაპირებებიც ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე და მათ მალევე ივიწყებს ამომრჩეველი.

AT_ წარმოგიდგენთ აუსრულებელი სამთავრობო დაპირებების ხუთეულს:

ასანთის ფაბრიკა ხობში

2015 წელს ხობში 2 ჰექტარი მიწა სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა შპს-ს “მარსი”. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში დაიგეგმა და მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო PR კამპანია – “აი, მალე ქვეყანას საკუთარი ასანთი ექნებაო”.

2015 წელს ხობში 2 ჰექტარი მიწა სიმბოლურად, 1 ლარად გადაეცა შპს-ს “მარსს”. ეს პროექტის, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაიგეგმა და მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო PR კამპანია – “აი, მალე ქვეყანას საკუთარი ასანთი ექნებაო”.

კომპანიას, რომელმაც მთავრობისგან მიწა საჩუქრად მიიღო, მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ეროვნული ასანთი ორი წლის ვადაში უნდა გამოეშვა.

წარმოების აწყობაში ფინანსებს ნაწილობრივ მთავრობა გამოყოფდა, “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში, ხოლო ნაწილი კი, ამ ბიზნეს-გეგმის საფუძველზე, კომპანიას სესხად უნდა აეღო რომელიმე ბანკიდან.

მაგრამ მოხდა ისე, რომ მთავრობისგან განსხვავებით, რომელიც მზად იყო ჩვენგან აკრეფილი გადასახადები ამ პროექტში ჩაედო, კერძო ბანკებმა პროექტი არამომგებიანად ჩათვალეს და ქარხნის ასაშენებელი ჯამური თანხა ვერ შეგროვდა…

ბოლო ნიუსიდან ვიგებთ, რომ შპს “მარსისთვის” 1 ლარად ნაჩუქარი მიწა ისევ ამ კომპანიას ეკუთვნის და მისი დირექტორი ასანთის ქარხნის ნაცვლად ამ ტერიტორიაზე დაფნის წარმოების გამართვას გეგმავს.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ჯერ კიდევ შორეულ 2012-ში პირველად გაისმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის იდეა. მაშინ ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე და მომავალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აჟღერებდნენ ამ იდეას. არჩევნების მოგების შემდეგ არცერთი ნიუსი ამ თემაზე აღარ ყოფილა.

4 წლის შემდეგ, 2016 წელს, 12 სექტემბერს, მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ქუთაისში პომპეზური პრეზენტაცია გაიმართა და უზარმაზარი უნივერსიტეტის აშენების იდეაც გააცოცხლეს – 60 000 სტუდენტზე გათვლილი, ნახევარმილიარდიანი პროექტიც დააანონსეს. არარსებულ უნივერსიტეტს რექტორიც დაუნიშნეს თემურ მურღულია. მოსამზადებელი სამუშაოები დღე-დღეზე უნდა დაწყებულიყო…

2017 წელი, ივნისი – ბატონი მურღულიას თქმით, კამპუსის მშენებლობა 1 თვეში უნდა დაიწყოს…

დღეს? ამ ვიდეოზე  ნახავთ ქუთაისის ტექ. უნივერსიტეტის ადგილას მიმდინარე სამუშაოების მასშტაბს.

ბოლო დაპირების მიხედვით, უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები 2019 წელის სექტემბერში უნდა მიიღოს.

ადრონული თერაპია

ქუთაისის 500 000 000-ევროიანი უნივერსიტეტის პარალელურად, 2015 წელს  ბიძინა ივანიშვილმა „ქართუს“ მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი გააცნო მოსახლეობას, რომელშიც მას კონსულტაციებსა და პარტნიორობას CERN-ში მომუშავე ქართველი ფიზიკოსი გია დვალი უწევდა.

მეორე 500 000 000 ევროს ყოფილი პრემიერი თბილისში, თანამედროვე ტექნოლოგიებს განვითარების ცენტრში ჩადებდა. ამ ცენტრის „ცენტრალური პროექტი” კი სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდის, ადრონული თერაპიის დანერგვა იქნებოდა.

ბოლოს ამ პროექტის შესახებ 2016 წლის მაისში გავიგეთ, როდესაც პრემიერმა კვირიკაშვილმა ცენტრის მშენებლობა გახსნა, თუმცა მას მერე ადრონული თერაპიის და უზარმაზარი კვლევითი ცენტრის შესახებ არაფერი გვსმენია.

კარტოფილის ელიტური თესლი

ჯერ კიდევ შორეულ 2011-ში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის პირველი განცხადება გააკეთა, ამ განცხადებას, სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად, ქართული კარტოფილის წარმოების აღზევებაც ახლდა.

მომავალი პრემიერის საკუთრებაში მყოფ, წალკაში განლაგებულ ლაბორატორიებში კარტოფილის ელიტური თესლის კულტივაცია აქტიურად მიდიოდა და ამ თესლის ჩითილები არჩევნების შემდგომ ქართველ გლეხებს უფასოდ უნდა მიეღოთ.

2014 წელს, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ა(ა)იპ „აგრო“ და შპს „აგრო ქართუ“, მათი მიწებითა და ლაბორატორიებით გაერთიანდა, სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცა და შექმნა სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი”, რომლის დეკლარირებულ მიზნებში ისევ ვხედავდით კარტოფილის ელიტური თესლის გავრცელების პროექტს.

ბოლო ნიუსი, რაც ამ თემაზე ვიპოვეთ, ჟურნალში „ახალი აგრარული საქართველო“  განთავსებული სტატიაა, საიდანაც ირკვევა, რომ პროექტი ისევ მიმდინარეობს, მაგრამ დაპირებას, რომ სუპერ ელიტური თესლი ქართველ ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდებოდათ და ქართული კარტოფილის წარმოება ქვეყნის შიდა მოთხოვნას მაინც დააკმაყოფილებდა, ჯერ ვერ მივუახლოვდით.

2017 წლის მონაცემებით, ამ თესლით წარმოებული კარტოფილი ქვეყნის შიდა მოხმარების 1%-იან წილს აკმაყოფლებს.

 

თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტრო/ტრამვაი

ფოტო: რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უკვე უნდა ამუშავებულიყო – თბილისისა და რუსთავის ასეთი სახის სატრანსპორტო ხაზით დაკავშირება ჯერ კიდევ წინა მერის,  ნარმანიას დროს გაჟღერდა და მაშინდელ გენ.გეგმაშიც იყო.

თბილისსა და რუსთავს შორის ყოველდღე 20 000-მდე ადამიანი გადაადგილდება, რომლებსაც 300-მდე სამარშრუტო ტაქსი ემსახურებათ. მეტროს ან ტრამვაის ხაზით ეს ადამიანები დანიშნულების ადგილას უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვდებოდნენ (თუ ოდესმე ამ მარშრუტზე მიკროავტობუსით გიმგზავრიათ, დაგვეთანხმებით, რომ უსაფრთხოება ნამდვილად პრობლემაა).

თუმცა, პროექტი დღეის მონაცემებით ისევ განხილვის და შეთანხმების ფაზაშია. როგორც ამჟამინდელმა მერმა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “უახლოეს პერიოდში იბიარდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც ტრანსპორტის გრძელვადიანი სტრატეგია განიხილება, თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, რუსთავი თბილისს მეტროს ტიპის სატრანსპორტო საშუალებით დაუკავშირდება, ასე რომ, საკმაოდ რეალურია იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რომელსაც ვგეგმავთ”.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.