fbpx

ქართველი არქიტექტორების ყოველდღიური დილემა


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ზაუტაშვილი

why does my house looks shitty… და თავიდანვე  შეგახსენებთ: დისკუსიას ამ თემაზე კომენტარებში მივესალმები  და გრძელი შესავლის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავალ.

როგორც სათაურიდან ჩანს, საუბარი კერძო სახლებზე გვექნება. მას შემდეგ, რაც სწავლა დავამთავრე და დიდი ამბიციებით დავბრუნდი საქართველოში, დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდება ჩემს თავს. რატომ ცდილობს ადამიანი, რომელიც ფლობს უკანასკნელი მოდელის მანქანას, მისი გარდერობი სავსეა ძვირფასი ბრენდებით, აქვს მობილურის უკანასკნელი მოდელი,  შვეიცარული საათი და ამავდროულად ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს საკუთარ სახლზე, სახლზე, რომელიც, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან განსხვავებით, ბევრად დიდხანს არ გაცვდება, არ გაიხევა, არ გამოვა ახალი მოდელი, რომლითაც მას ერთ წელიწადში ჩაანაცვლებს.

შემდეგ გაკვირვება დაკვირვებამ ჩაანაცვლა და დავინახე, რომ რამდენიმე ძალიან ცუდი არქიტექტურული ტენდენცია განვითარდა საქართველოში  კერძო სახლებთან დაკავშირებით:

  1. მცირე ზომის დისნეის სასახლეები;
  2. დაშტამპული პროექტები სუფთა მინდორზე.

თუ პირველის ახსნა დამკვეთის გემოვნებით შეიძლება, მეორეს მიზეზი არის: 

  • არქიტექტორის არაპროფესიონალიზმი;
  • დამკვეთის გულგრილობა, არცოდნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  მოირგო შენი სახლი საკუთარ თავზე და რამდენად მნიშვნელოვანია არქიტექტურის სწორი ბმა ადგილთან, და რა ზეგავლენას ახდენს სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენს ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • ასევე დამკვეთის გაუაზრებლობა არქიტექტორის მხრიდან ჩატარებული სამუშაოს შესახებ;

შესაბამისად ხდება სერვისზე ფასის კატასტროფული ვარდნა, რის შედეგადაც ბევრ არქიტექტორს ურჩევნია არსებული ერთი პროექტი მიაბას ნებისმიერ ადგილს, დამკვეთს და დაზოგოს დრო, ვინაიდან ანაზღაურება აბსოლუტურად არაადეკვატურია;

შედეგად, სახეზე გვაქვს გაფუჭებული ბაზარი და უხარისხო არქიტექტურა.

აქვე მინდა ორიოდე სიტყვით აღვწერო სწორი არქიტექტურის შესაქმნელად აუცილებელი ნაბიჯები, რის გარეშეც ვერ შეიქმნება  ხარისხიანი პროდუქტი:

 

  1. დამკვეთის გაცნობა და მისი მოთხოვნის სწორი ინტერპრეტირება – ხშირად დამკვეთს უჭირს სიტყვით საკუთარი სურვილის გადმოცემა. გაცნობა არა მხოლოდ პიროვნების, არამედ მისი ხასიათის, ცხოვრების წესის, რიტმის, სამომავლო გეგმების;
  2. საპროექტო ტერიტორიის შესწავლა – არა უბრალოდ ტოპოგეგმის დათვალიერება, არამედ ადგილზე ტერიტორიის ხასიათის დაჭერა, მზის მოძრაობის, ქარის მიმართულების, რელიეფის და არსებული მწვანე საფარის დადგენა;
  3. ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონცეფციის შემუშავება – კონცეფციის, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული დამკვეთზე და მის ცხოვრების რიტმზე, ტერიტორიის ხასიათზე; კონკრეტული არქიტექტურა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული ადგილიდან და უნდა იყოს 100 პროცენტით მასზე მორგებული და გააჩნდეს ინდივიდუალური ხასიათი;
  4. ტექნიკურ ნაწილზე ბევრს აღარ დავწერ, ერთს ვიტყვი, რომ არაერთხელ მქონია საქმე დამკვეთთან, რომელსაც არსებული აშენებული შენობის გადაკეთება უთხოვია და აღმოგვიჩენია, რომ აშენებულ სახლში არ არის გათვლილი კანალიზაციის შახტები, გვითხრია ორმოები, საძირკვლის ქვეშ რომ ჩაგვედო არარსებული სანიაღვრე და საკანალიზაციო მილები. 5-საძინებლიან სახლში არ არსებობდა არცერთი სათავსო-საკუჭნაო, ფანჯრები გადიოდა ნებისმიერ მხარეს, სამხრეთის გარდა და ა.შ.
  5. ინტერიერის დიზანი და არქიტექტურა სასურველია შეიქმნას ერთდროულად, ვინაიდან არ არსებობს ცალკე ფასადი და ცალკე ინტერიერი – ერთი მეორედან გამომდინარეობს და პირიქით –  როგორც ფრენკ ლოიდ რაიტი წერს, სახლი არ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად, სანამ ბოლო წიგნი არ დაიდება თაროზე სწორ ადგილას.

რა საჭიროა  ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს პინტერესტი და ჩემით შემიძლია ავარჩიო დიზაინი, რომელიც მომწონს, მერე ვინმეს გადმოვახაზინო, ნუ მთავარია, აქვე ვინც ხაზავს, გემოვნება ჰქონდეს, თითქოსდა მარტივია?

არა. და აი რატომ:

არქიტექტურა აყალიბებს გარემოს, რომელშიც  ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. გლობალურ საკითხებს სხვა დროს შევეხები, მაგრამ საცხოვრებელი სახლი არის ადგილი, რომელშიც სრულ კომფორტს და სიმშვიდეს უნდა ვგრძნობდეთ მთელი დღის განმავლობაში. ყოველი ოთახი თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უნდა ერგებოდეს დამკვეთის ხასიათს. ხშირად საჭიროა დამკვეთის გადარწმუნება და მისი ხასიათიდან გამომდინარე უფრო სწორ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე დათანხმება.

ეს ყველაფერი შესაძლოა ძალიან აბსტრაქტულად და თეორიულად მარტივად ჟღერდეს  და ვერც ვამჩნევდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტს, მაგრამ, მაგალითად, საჭიროზე დაბალი ჭერი ქვეცნობიერად ნელ-ნელა გვთრგუნავს. ზედმეტად მაღალი კი, მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო გარემოს ქმნის, ყოველდღიური მოხმარებისას ძვირი ჯდება (გათბობა-გაგრილების თვალსაზრისით). ოთახი, რომელშიც მზის სხივი ცოტა ხნით ხვდება, ხანგრძლივად  უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩვენს ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ზოგ სივრცეს პირდაპირი მზის შუქი სჭირდება, ზოგს პირიქით – არეკლილი, გაფანტული და ა.შ.

მნივნელოვანია ისეთი წვრილმანებიც კი, თუ სად არის დამონტაჟებული შუქის  ჩამრთველი შტეფსელი, რამდენად ერგონომიულია კიბე…

ყოველი დეტალის და წვრილმანის დამუშავების გარეშე პროდუქტი იქნება არასრულყოფილი. აქვე მოვიყვან მის ვან დე როჰეს ციტატას: ,,ღმერთი დეტალებშია.’’

მაგალითი კიდევ ბევრი შემიძლია დავწერო და შორს წაგვიყვანს. როდისმე მაგ თემასაც მივუბრუნდები და  დეტალურად დავწერ სივრცის, სინათლის და ფერის ზემოქმედებაზე.

ასე რომ, არქიტექტურა არის ხელოვნების დარგი, რომელიც საჭიროებს საკმაოდ დიდ ცოდნას და გამოცდილებას ტექნიკურ საკითხებში, რათა შეიქმნას კონცეპტუალურად გამართული, ოპტიმალური, ესთეტიკური და რაც მთავარია  ფუნქციონალური პროდუქტი, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას.

სამწუხაროდ დამკვეთი ხშირად ამ სამუშაოს აღიქვამს მარტივი სიტყვებით: დამიხატე ან უკეთეს შემთხვევაში – დამიხაზე. და შესაბამისად აფასებს ამ სერვისს. ასევე ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც იცის ხაზვა, პროგრამა და მერიაში პროექტის ატვირთვა, ლიცენზირების არარსებობის გამო ითვლება არქიტექტორად და კონკურენციის გასაწევად კატასტროფულად დაბლა სწევს ფასს.

აქვე დამკვეთს ხშირად არ უჩნდება შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე სერვისი მიიღოს ამ ფასად და სხვაგან ამ ფასის მეათედად. და ვერ ხვდება, რომ, თუ პროექტი თავიდანვე არ იქნა გამართული და ხარისხიანი, ვერანაირი სუპერხარისხიანი მშენებლობაც კი ვერ უშველის. მარტივად რომ ვთქვა, ძველი “ჟიგულის” ფასად ახალ “მერსედესს” ვერ იყიდი.

შესაბამისად გვაქვს ის სიტუაცია, რის გამოსწორებაც სამომავლოდ ძალიან ძნელი იქნება.

ფოტოებზე ასახულია  საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ არის დაპროექტებული გრანდების მიერ, მაგრამ კარგად აჩვენებს, თუ რამდენად გათვლილია ყველაფერი – დაწყებული ფასადიდან, დასრულებული ინტერიერის დეტალებით. რამდენად ორგანულად ერწყმის გარემოს და რაც მთავარია  ყველა მათგანი ქმნის ინდივიდუალურ შიდა და გარე სივრცეებს. ვერც ერთ ამ შენობას ვერ ავიღებთ და გადავდგამთ მეორე შენობის ადგილას ისე, რომ არ დავარღვიოთ მისი ორგანულობა. ასევე წარმოდგენილია რამდენიმე პროექტი თბილისიდან.

იგრძენით განსხვავება.

Olive and Stone Residence  Nikos Mourikis

Olive and Stone Residence  Nikos Mourikis
Olive and Stone Residence  Nikos Mourikis
Olive and Stone Residence  Nikos Mourikis


Tunquen House  PAARQ Arquitectos

Tunquen House  PAARQ Arquitectos
Tunquen House  PAARQ Arquitectos
Tunquen House  PAARQ Arquitectos

Wildcoast  FGR Architects

Wildcoast  FGR Architects
Wildcoast  FGR Architects

Tbilisi

Tbilisi

Tbilisi

Tbilisi

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.