Oxygen_No Fair – ბარიერებიდან თავისუფლებამდე
ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი
გამოფენის ფოტოები: ალექსანდრე ხარანაული
“All things are delicately interconnected” – ჯენი ჰოლცერი (ტრუიზმები, 1977/79)
საქართველოში კიდევ უფრო ძნელია წერო თანამედროვე ხელოვნებაზე: აქ მკითხველი ცოტაა, და ვინც არის, იქიდან ბევრი თავს იკატუნებს, რომ ესმის ის, რასაც კითხულობს ან ის, რასაც ნახულობს. მეორე მხრივ, ყოველი სტატიის დაწყება იმის ახსნით, თუ რას ნიშნავს თანამედროვე ხელოვნება, არაპრაქტიკულია.
18 მაისს Oxygen_No Fair-ის მიღება წინა დღის გადაგორებული გვქონდა. ვაშლოვანის ქუჩაზე, პროპაგანდას მაღაზიის წინ ვიჯექი და მიკვირდა, რომ კვირა დღე არ იყო: გადაღლილს, უდროობის განცდა მქონდა და მურაკამის ფრაზა მახსენდებოდა: “Time flows in strange ways on Sundays, and sights become mysteriously distorted.”
Oxygen-ზე წერა მარტივი არ არის, რადგან ბევრი კუთხით არის შესაძლებელი განვიხილოთ ამ ღონისძიების (მე ფესტივალს დავარქმევდი) მნიშვნელობა: მხატვრობის ხარისხი, მენეჯმენტი… მისი როლი ქვეყნის, თბილისის კულტურული ცხოვრების კონტექსტში და მისი მეგობრული შეპირისპირება თბილისის ხელოვნების ბაზრობასთან. მოსამზადებელი პროცესი ძალიან ინტენსიურ და ემოციურ ფონზე ვითარდებოდა: მთლიანი სამუშაო ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში, სტამბადან ყოფილი პარლამენტის შენობასთან, აქციაზე გავრბოდით… და მერე უკან: ვიცავდით ადამიანის უმთავრეს უფლებას – თავისუფლებას და მასთან, ბოჰემურ იდეალებს: თავისუფლებიდან სიყვარულამდე; ვუპირისპირდებოდით იმ იდეოლოგიას, რომელსაც მთვლემარე გონება შობს. ვუპირისპირდებოდით ცეკვით და ხელების მაღლა აწევით.
ის, რაც პირველ რიგში გამოარჩევს Oxygen-ს, ეს მრავალფეროვნებაა, რომელიც ვრცელდება ხელოვანთა დემოგრაფიულ მახასიათებლებში, მათ გამოცდილებებსა და მედიუმებში, რომლითაც ისინი საკუთარ თავს გამოხატავენ ან მხატვრული კვლევის საგნის შედეგებს წარმოაჩენენ. 32 სოლო შოუ და 2 სახელოვნებო სკოლის ჯგუფური გამოფენა, მოსამზადებელი დრო: 1 თვეზე ოდნავ მეტი. ეს ხუმრობა არ იყო. უნდა ვაღიარო, რომ მას შემდეგ, რაც ჩავერთე სამუშაოებში, სულ ვამბობდი: ვერ მოვასწრებთ. შევცდი.
Oxygen – ჟანგბადი, ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, რის დეფიციტსაც არა მხოლოდ ფართო პოლიტიკურ და სოციალურ დონეზე, არამედ ისეთ “ტუსოვკებშიც” კი განვიცდით, რომელიც თითქოს სწორედ ამ ღირებულების დაცვის სადარაჯოზეა. გამოფენაზე წარმოდგენილმა თავისუფლებამ ეს ბარიერიც გაარღვია: აქ ფაქტობრივად ვერ ნახავდით ხელოვანს, რომელიც პირადი ნაცნობობის ალიბით იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ასეთი უსაზღვრობა გახდა იმის მიზეზიც, რომ სოლო შოუებიდან იყო რამდენიმე, რომელიც ვერ უძლებდა კონკურენციას. ამის საპირწონედ ქართველ და საერთაშორისო დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა კონტექსტ-სპეციფიკური, კვლევაზე დამყარებული ნამუშევრების მთელ კასკადს.
ყველა ოთახი რომ მიმოვიხილო, თქვენც დაგღლით და საკუთარ თავსაც, ამიტომაც, ვისაუბრებ იმ ნამუშევრებზე, რომლებმაც მე ცარიელი არ დამტოვა.
ერთ-ერთი ასეთია: Unfinished Razor Cut. ინსტალაცია სტამბას პირველ სართულზე იწყება და, ეზოს გავლით, გვირაბში სრულდება, რომლის ბოლოც, თავის მხრივ, ყოფილი პარლამენტის შენობის და თბილისის სხვა სტრატეგიული ობიექტების გვირაბების ქსელს უკავშირდება. ის, რაც გიბიძგებს შეჰყვე ნამუშევარს გვირაბში, რიტმულად განლაგებული ხეებია. არ ვიცი ინტუიციურად გამოვიდა ეს თუ მიზანმიმართულად, თუმცა ნამუშევარში გაერთიანდა ბოლო წლების პოლიტიკის ყველაზე აქტუალური ნიშან-სიმბოლოები: მოძრავი/მოგზაური ხეები და გვირაბი, როგორც ე.წ. dark room. ხე თითოეული ჩვენგანი ვართ, რომლებიც გაუცნობიერებლად იმ პოლიტიკური ლაბირინთების “მსხვერპლის” როლს ვირგებთ, რომელიც ჩვენი გადასახადებით დაგეგმეს და განავითარეს. Dark room ის სივრცეა, სადაც საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფი სიბნელეში, მაგრამ მაინც თავისუფალია. თუმცა, ნამუშევარი ალბათ მაინც პოზიტიური მესიჯის მატარებელია: ლაბირინთი რის ლაბირინთია, არჩევანის გაკეთების საშუალება რომ არ გქონდეს?!
შეგვიძლია პირდაპირ მეოთხე სართულზე გადავინაცვლოთ.
ამოვედით. მარჯვნივ, კედელზე ვხვდებით წარწერას: „გვერდის ავლით“. ბევრი წელია ვეძებ „კონცეპტუალური ხელოვნების“ ეფექტურ განსაზღვრებას, და ვფიქრობ, ეს ნამუშევარი ამ ტერმინის საუკეთესო მეტაფორაა. პირველიდან მეოთხე სართულზე, პლასტიკურ სადენებში გამდინარე თიხა, დეტალებზე ორიენტირებული თვალისთვისაც კი ძნელი შესამჩნევია (რამდენადაც, ელექტროგაყვანილობებს მოგაგონებთ). მხოლოდ წარწერის საშუალებით ხდება შესაძლებელი, რომ დამთვალიერებელი მიხვდეს, რომ მან გვერდი აუარა ინსტალაციას. ნამუშევრის იდეა შემდეგია: ციფრულ სამყაროში სულ უფრო და უფრო გვიძნელდება მატერიალური მედიუმების (მაგალითად, თიხის) აღქმა, მათთან კონტაქტი და მისი შესაძლებლობების ამოწურვა. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლია ბაგრატიონის ინტერვენცია პირდაპირ აჩვენებს კონცეპტუალური ხელოვნების არსს – როდესაც ნამუშევრის ფორმა „მეორეხარისხოვანია“ და მთავარი „ნაპოვნი საზრისია“.
რამდენიმე ოთახის გამოტოვებით ვხვდებით თეა გვეტაძის პავილიონს. სივრცეში შესვლისთანავე რასაც გრძნობ, ბოსტნეულის სუნია. მცენარეები დახლზე აწყვია და მყიდველს ელის. მყიდველს ელის გამყიდველიც – მინაია, რომელიც დროდადრო წყალს აპკურებს, რომ ბოსტნეულმა ქორფა იერსახე შეინარჩუნოს. ამ ნამუშევრის თაობაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი პოზიციების მქონე ხალხის აზრი ორად გაიყო: ზოგს მოეწონა, ზოგმაც ალბათ ჩათვალა, რომ პერფორმანსში იყო რაღაც იუზერული. საინტერესოდ მეჩვენა ლექსიც, რომლის წარმოდგენაც არტისტმა ნამუშევრის კონცეფციის ფორმატში მოითხოვა:
ჩოჩორი
პარასკევს ყაფანზე გაყიდეს ჩოჩორი,
ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით.
ახალმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი
და თოთო ტერფებზე დააკრა ნალები.
ბავშვებმა ბეღელს ქვეშ ანახვეს საწოლი,
კოცნიან, ახრჩობენ რძიანი ბალახით.
ორშაბათს ხურჯინით აჰკიდეს მაწონი:
პატარა ფეხები ეტკინა ტალახით.
ქალაქში უცინის ძველების მკერავი,
ნაცნობებს შეხვდება, უეცრად ქრებიან.
სურს დედის ალერსი, ვერ ხედავს ვერავის,
მხოლოდ ხარს უცქერის საყანწე რქებიანს.
სოფლისკენ გაბრუნდნენ დაღლილი ვირები.
ჩოჩორიც მიჰყვება ბედს გადანაბირებს.
ამბობენ: ბაზარში არ იყო სიძვირე,
ღამდება და ქარი ამოსვლას აპირებს.
– რაჟდენ გვეტაძე
ის, რაზეც აზრი ორად არ გაიყო, „არგონავტების დღიურია“. ავტორი – კოკა ვაშაკიძე წლების განმავლობაში აგროვებდა ტოტალიზატორის სტუმრების მიერ ბილეთებზე შესრულებულ ჩანახატებს, რომლის თემაც, ფაქტობრივად, ყველა საზღვარს ცდება: დაწყებული მანიერისტული ფორმებისგან – ლარნაკი, მაგიდა – დასრულებული ნაცისტური და საბჭოური სიმბოლიკით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ კოკას ნამუშევარში ფაქტობრივად პროლეტარიატი-მაჩო კულტურის მხატვრულმა განაცხადებმა მოიყარა თავი, რომელთაგან ბევრი მოწმობდა, რომ გულის სიღრმეში, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, ალბათ ყველას გვმუხტავს ის იდეალები, რის დაცვასაც აქციაზე ვცდილობდით: თავისუფლება, სილამაზე, ჭეშმარიტება (?) და სიყვარული. [ასევე, აუცილებლად იხილეთ „არგონავტების დღიურის“ შესახებ დავით ჩიხლაძის წერილი]
Fair enough?!