6 ქალაქი, სადაც მაგისტრალები ურბანულ პარკებად გადააქციეს


გააზიარე სტატია

 

ქალაქში მაგისტრალის მშენებლობა ხშირად მოძრაობის განტვირთვის გზად მოიაზრება. თუმცა, წარმოებული მოთხოვნის თეორიამ გვაჩვენა, რომ როდესაც მძღოლებს უფრო მეტი სატრანსპორტო მარშრუტი აქვთ, ისინი კვლავაც  მანქანებით გადაადგილდებიან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან ველოსიპედების გამოყენების ნაცვლად, რის გამოც გზების გადატვირთვა არ მცირდება.

შედეგად, რამდენიმე ქალაქმა გადაწყვიტა  გაეუქმებინა  მანქანებისთვის განკუთვნილი სივრცეები და  ერთ დროს გადატვირთული მაგისტრალები თავისუფალ გამწვანებულ  ზონებად და ქუჩებად გადაექცია.

სტატიაში მოყვანილია 6 მაგალითი, რომელთაგან რამდენიმეს უკვე დასრულებული სახე აქვს, ხოლო რამდენიმე დასრულების პროცესშია. ბევრისთვის გასაკვირად, მათი უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, რაც იმის დასტურია, რომ ამერიკელი ურბან-დიზაინერები კიდევ უფრო მეტად უღრმავდებიან და ეცნობიან ევროპულ, ფეხით მოსიარულეების კომფორტზე მორგებულ სატრანსპორტო პოლიტიკას.

 

Harbor Drive, Portland – USA

ერთ-ერთი პირველი საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც პარკის გასაკეთებლად გაუქმდა, პორტლენდში, მდინარე უილამეტის ნაპირზე მდებარეობს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 1974 წელს დაიწყო, რის შედეგადაც ტომ მაქკალის სახელობის პარკი მივიღეთ.

ჰოთორნის ხიდი (Hawthorne Bridge), რომელიც თავდაპირველად მაგისტრალის ნაწილი იყო, პირველი გამზირისა (First Avenue) და პარკის ერთმანეთთან დამაკავშირებელ საფეხმავლო და საველოსიპედე გზად გადაკეთდა.

 

Cheonggyecheon, Seoul – South Korea

ჩანგეჩონის ესტაკადა იგივე სახელის მატარებელ მდინარეს ზემოდან  დააშენეს. 30 წლის შემდეგ, გარემოს დაბინძურებასთან და მაგისტრალზე 160000 მანქანის გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურთან ბრძოლის მიზნით, ქალაქის მერმა ლი მიუნგ ბაკმა მაგისტრალის დანგრევის და გამოთავისუფლებული მდინარის ნაპირებზე პარკის აშენების გეგმა შეიმუშავა.



შერჩეული დიზაინის ავტორი გახლდათ კი იუობ ჰუანგი. მას სურდა არხის გაწმენდა და მისთვის პირვანდელი დანიშნულების, როგორც შეხვედრების ადგილის დაბრუნება. დამატებითი საჯარო სივრცის აღდგენამ მკვეთრად შეამცირა ხმაურის დონე და ტემპერატურა მიმდებარე ტერიტორიაზე, ამასთან ერთად, ახალი პარკი საერთაშორისოდ აღიარებულ ტურისტულ ადგილად იქცა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ნახულობს.

 

Pier Freeway, San Francisco

80-იანი წლების დასაწყისში სან-ფრანცისკოში  480-ე მაგისტრალის ადგილას პარკის ასაშენებლად მისი დემონტაჟი დაიწყო. თუმცა, ორსართულიანი მაგისტრალი საბოლოოდ მხოლოდ 1991 წელს დაანგრიეს, მას შემდეგ, რაც იგი 1989 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს დაზიანდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი მაგისტრალის მშენებლობა, პარკის მოწყობასთან შედარებით გაცილებით  ძვირი ჯდებოდა.

დღეისათვის პარკიდან სან-ფრანცისკოს ყურეზე ერთ-ერთი საუკეთესო ხედი იშლება. დამსვენებლებისთვის კი მრავალკილომეტრიანი საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი.

 

Madrid Río, Madrid 

Madrid Rio-ს პროექტი 2000 წელს დაიწყო და მიზნად მანზარესის მდინარის სანაპიროების აღდგენას ისახავდა. პროექტის განხორციელებას M-30 მაგისტალი ართულებდა, რომელიც მდინარის სანაპიროს კვეთდა.

ვინაიდან ტერიტორიაზე ისეთი ისტორიული ძეგლებია განლაგებული, როგორიცაა სეგოვიის ხიდი (Puente de Segovia – ქალაქის უძველესი ხიდი) Ermita Virgen del Puerto და სამეფო ხიდი (Puente del Rey), პროექტის განხორციელებისას გადაწყდა შენარჩუნებულიყო ძეგლების ძველი იერსახე.

პარკი 2011 წელს გაიხსნა და დამსვენებლებს სპორტულ მოედნებს, სასეირნო ბილიკებსა და ქალაქის ისტორიის შესწავლის საშუალებას სთავაზობს. საინტერესოა, რომ მაგისტრალი ბოლომდე არ დანგრეულა, თუმცა მოძრაობის ნაწილმა მიწისქვეშა გვირაბებში გადაინაცვლა.

 

Park East Freeway, Milwaukee 

1960-იან წლებში შექმნილი პროექტი ქალაქ მლუოკის ცენტრში (აშშ) Park East-ის მაგისტრალის მშენებლობას გულისხმობდა. თუმცა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ახალი გზის მშენებლობა მოსალოდნელი ხმაურის გამო გააპროტესტეს. მაგისტრალის მშენებლობა არ დასრულებულა, ხოლო მისი ნაწილი 1999-2002 წლებში Park East Corridor-ის პროექტის განსახორციელებლად დაინგრა. პროექტის დასრულების შემდეგ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თავისუფლად იმოძრაონ ქალაქის ცენტრიდან მდინარის მიმართულებით.

ახალი პარკის მთლიანი ფართი 60 ჰექტარია, რომელთაგან 24 ჰექტარი, ტერიტორიის გასაცოცხლებლად ახალ შენობა-ნაგებობებზე გადანაწილდა.

დღეისათვის პარკის ჩრდილოეთი ნაწილი ყველაზე კარგად გვიჩვენებს ქალაქის ცენტრთან დაკავშირებული მთავარი გამზირების რეკონსტრუქციის შედეგებს.

 

Alaskan Way, Seattle 

2001 წლის მიწისძვრამ ალასკის მაგისტრალის ესტაკადა დააზიანა. თავდაპირველად მისი ხელახლად აშენება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომ გადაწყდა, სანაცვლოდ ოთხზოლიანი მიწისქვეშა გვირაბი გაკეთებულიყო, რათა ელიოტის ყურის მიმდებარე მიწისზედა სივრცე დანარჩენ ქალაქთან საფეხმავლო გზებით დაკავშირებულიყო. პარკის გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი.

 


რეკომენდებული სტატიები
„იპოდრომის ესტაკადა“ ვარდისფერი სათვალის გარეშე

„იპოდრომის ესტაკადა“ ვარდისფერი სათვალის გარეშე

„იპოდრომის ესტაკადა“ ვარდისფერი სათვალის გარეშე
ნახეთ როგორ განსხვავდება „იპოდრომის ესტაკადის“ სატრანსპორტო ნაკადები ერთის მხრივ სარეკლამო და მეორეს მხრივ პროფესიონალურად მოდელირებულ ვიდეოებში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.