ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა


გააზიარე სტატია

ტალინს, რომელიც ციფრული მთავრობითა და წარმატებული სტარტაპებითაა ცნობილი, ხშირად ევროპის ინოვაციების დედაქალაქს უწოდებენ. დღეს, როდესაც ეს ქალაქი თავისი ყველა მცხოვრებისათვის უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შემოღებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, ქვეყნის მთავრობა ამ მოდელის მთელ ესტონეთზე განვრცობას გეგმავს.

ტალინის ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი ალან ალაკულა ამ კუთხით სხვა ქალაქებისთვის საინტერესო ასპექტებზე საუბრობს:

ხუთი წლის წინ ტალინის მცხოვრებლებმა რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ წინაშე შემდეგი საკითხი იდგა: უნდა გამხდარიყო თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო. რა საჭიროა ამგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა ჩართულობა?

„გრძელვადიან პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა მხოლოდ ამჟამად არჩეულმა საკრებულომ უნდა მიიღოს, არამედ ის პოლიტიკურად ხალხის მხარდაჭერითაც უნდა გამყარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი რეფერენდუმი სამართლებრივად შემბოჭავი არაა, საჯარო ხმის მიცემის შედეგად მიღებულ მანდატს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე უბრალოდ საკრებულოს გადაწყვეტილებას.“

ტალინში ტრამვაით, ავტობუსებითა და მატარებლებით უფასოდ მგზავრობისათვის საჭიროა, რომ ქალაქის რეზიდენტად იყოთ დარეგისტრირებული, რითაც მუნიციპალიტეტს თქვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან ყოველწლიურად 1000 ევრო ერიცხება. ამის შემდეგ მხოლოდ ისღაა საჭირო, რომ 2 ევროდ მწვანე ბარათი შეიძინოთ და მგზავრობისას პირადობის მოწმობა თან იქონიოთ.

 

რამდენად ახერხებს მუნიციპალიტეტი ამ ყველაფრისთვის თავის გართმევას?

„ჩვენ არა მხოლოდ ხარჯების დაფარვას ვარხერხებთ, არამედ ნამატიც გვრჩება; იმაზე ორჯერ მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შემოღებისთვის დავხარჯეთ. მოხარულები ვართ, რომ ამდენი ადამიანი რეგისტრირდება ტალინის რეზიდენტად, რათა უფასო ტრანსპორტით ისარგებლოს.“

ვინ იღებს ყველაზე მეტ სარგებელს ტალინში უფასო ავტობუსების, ტრამვაისა და მატარებლების არსებობით?

„სასიხარულოა, რომ, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ძირითადად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვისაა ხელსაყრელი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფების მოძრაობისთვისაც სტიმულის მიმცემია. ხალხის ეს კატეგორია უფრო ხშირად სტუმრობს გართობის ადგილებს, რესტორნებს, ბარებსა და კინოებს. შედეგად, ისინი უფრო მეტ ფულს ხარჯავენ – და უფრო მეტი სიხშირით – ადგილობრივ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ეს ქალაქს სიცოცხლის ახალი ენერგიით ავსებს.“

რა დამატებით გზებს მიმართავს ტალინი იმისათვის, რომ ინდივიდუალური ტრანსპორტი ნაკლებად მიმზიდველი გახადოს?

„სანამ ჩვენ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას დავნერგავდით, ქალაქის ცენტრი მანქანებით გადაჭედილი იყო. შემდეგ ეს მდგომარეობა გამოსწორდა – ერთი მხრივ,  იმიტომაც, რომ პარკირების გადასახადი გავზარდეთ. როცა ტალინის სტუმრები თავიანთ მანქანებს პარკირებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას ტოვებენ და იმავე დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, ისინი არა მხოლოდ უფასოდ სარგებლობენ ამ უკანასკნელით, არამედ პარკირების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მას შემდეგ, რაც მათ კარგი ალტერნატივა შევთავაზეთ, ადამიანები პარკირების მაღალი საფასურის გამო უკმაყოფილებას აღარ გამოთქვამდნენ.“

რა იყო ესტონეთის მთავრობის ინსპირაცია, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ შემოეღო?

„ესტონეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც წამოაყენეს მსგავსი სისტემის დანერგვის მოთხოვნა. ასევე, უელსში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელიც მაისში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ კიდევ ერთი წლით გაგრძელდა. ამ მაგალითის მხედველობაში მიღებით, ჩვენ ასევე გვსურს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური ესტონეთის მასშტაბით ყველა რეგიონულ მარშრუტზე გავაუქმოთ.“

რა რჩევას მისცემდით ევროპულ ქალაქებს, რომლებიც უფასო ტრანსპორტის სისტემის შემოღებისგან თავს იკავებენ?

„ტალინის მიდგომა ყველა ქალაქისთვის უნივერსალური გამოსავალი არაა, რადგან ზოგი მათგანისთვის ეს შეიძლება მეტისმეტი იყოს. ჩვენ ვიცით ქალაქების მაგალითები პოლონეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან, სადაც უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა უკვე დანერგილია, ან განხილვის პროცესშია. ჩვენთვის ასევე ცნობილია უამრავი ნაწილობრივ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის იდეის შესახებ, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა შაბათ-კვირას უფასოდ მგზავრობა და სხვა დღეებში – იმ პერიოდისათვის, როცა პიკის საათები არაა – ბილეთის გაიაფება. ასევე, არსებობს სისტემები, სადაც პენსიონერები და სტუდენტები უფასოდ მგზავრობენ. მუნიციპალიტეტები უფრო გაბედულად უნდა იყენებდნენ თავიანთ ქალაქებს სხვადასხვა მოდელების დასატესტად, რათა გაარკვიონ, თუ რომელი მათგანია განსახორციელებლად ყველაზე რეალისტური მათ შემთხვევაში.“

რომელი იქნება შემდეგი ქალაქი, რომელიც ტალინის წარმატებულ მოდელს გადაიღებს?

„ამჟამად პარიზი აპირებს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დანერგვას – ძირითადად იმ მიზნით, რომ ქალაქის ცენტრში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდეს. როდესაც ასეთი სიდიდისა და მნიშვნელობის ქალაქი გადადგამს ამგვარ ნაბიჯს, ორი აზრი არაა, რომ მის მაგალითს სხვა ქალაქებიც მიჰყვებიან.“


ავტორი: რეჯინა შრიოტერი

ორიგინალი: https://popupcity.net


რეკომენდებული სტატიები
6 ქალაქი, სადაც მაგისტრალები ურბანულ პარკებად გადააქციეს

6 ქალაქი, სადაც მაგისტრალები ურბანულ პარკებად გადააქციეს

6 ქალაქი, სადაც მაგისტრალები ურბანულ პარკებად გადააქციეს
სანამ თბილისი მანქანების ნაკადებში იძირება, გაგაცნობთ ქალაქებს, რომლებმაც ავტომობილების მოზღვავებას რადიკალური ზომები დაუპირისპირეს და მანქანებისთვის განკუთვნილი მაგისტრალები გამწვანებულ ზონებად გადააქციეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.