fbpx

ბათუმის ბოტანიკური ბაღი


გააზიარე სტატია

 

ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც ჩავა ბათუმში, აუცილებლად უნდა ეწვიოს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ულამაზესი  მწვანე კონცხი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და სხვადასხვა ქვეყნის უნიკალური ფლორისტული კოლექციებითაა  განთქმული.



 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 100 წელზე მეტს ითვლის და მისი  პირველაღმომჩენი, ვინმე მეჩესლავ დ,ალფონსია

რომელსაც ჩაქვთან ახლოს საკუთარი ბაღი ჰქონია და ამიერკავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილა. მწვანე კონცხის უნიკალურ კლიმატურ შესაძლებლობებს ასევე ყურადღება მიაქცია ბოტანიკოსმა და მოგზაურმა პავლე ტატარინოვმა, რომელმაც 1892 წელს მწვანე კონცხის ზედა ტერიტორიაზე  გააშენა საკლიმატიზაციო ბაღი.



 

მწვანე კონცხზებოტანიკური ბაღის  გაშენება რუსი მეცნიერის, ანდრია კრასნოვის სახელს უკავშირდება, რომელიც იქვე დასახლდა და უკვე არსებული საცდელი სამეურნეო ნაკვეთები  ბაღად აქცია. ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ბოტანიკოსს, იასონ გორდეზიანს. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული და იმდენად კარგი სპეციალისტი იყო, რომ ლონდონის სამეფო ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორადაც  მუშაობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, მან მწვანე კონცხის უფროს მებაღე-დეკორატორად და აღმასრულებელ დირექტორად დაიწყო მუშაობა.


 

მწვანე კონცხის ტერიტორიაზე სამი ძირითადი პარკია: ზედა,  შუა და ზღვისპირა..

აქ დაცულია სხვადასხვა ქვეყნის უნიკალური ფლორის სახეობები და დაყოფილია  აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის  და ხმელთაშუა ზღვის განყოფილებებად


 

ზურა შევარდნაძე, ბოტანიკოსი, “გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებელი:

“დეკორატიულ  და ბოტანიკურ ბაღებს შორის  სხვაობა ისაა, რომ დეკორატიულში ძირითადად  ის მცენარეები ირგვება, რომელიც დიდი ხნის ადაპტირებული  ან ენდემურია. ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციას ატარებს და მისი პრიორიტეტი უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ჯიშების გამრავლება და გახარებაა. აქ  წარმოჩინდება მსოფლიო ფლორის მრავალფეროვნების ელემენტები.



 

მწვანე კონცხი  უნიკალურია პირველ რიგში  მისი ლანდშაფტის გამო.  

მსოფლიოში უამრავი არაჩვეულებრივი ბოტანიკური ბაღია, უფრო მრავალფეროვანიც,  უფრო მდიდრულიც… მაგრამ მწვანე კონცხის ლანდშაფტი, მისი ხედები, ბუნებრივი ნაკადულები,  ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული “დაჭმუჭნილი” რელიეფი მას უნიკალურს ხდის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა.



თავის დროზე სწორედ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეშვეობით შემოვიდა საქართველოში სუბტროპიკული კულტურები, მათ შორის – ჩაი.  სიმართლე რომ ვთქვათ,  აჭარა და აფხაზეთი არ არის სუბტროპიკული კლიმატის მხარეები. ნამდვილ სუბტროპიკებში არასდროს  თოვს. ეს უფრო კომუნისტური პროპაგანდის ნაწილი იყო, რომელსაც სჭირდებოდა, რომ ქვეყანაში ასეთი კლიმატის  ზონაც ჰქონოდა. სინამდვილეში, აჭარაცა და აფხაზეთიც ნახევრად სუბტროპიკული კლიმატის მხარეებია. სუბტროპიკული ჯიშები აქ კი ხარობს, თუმცა  ზამთარში ამ მცენარეებს: მაგნოლიებს, კამელიებს, ციტრუსებს, ევკალიპტებს… თოვლის სიმძიმისაგან ტოტები ემტვრევათ, მაგრამ ისინი არ იღუპებიან, რადგან მათ ადვილი ადაპტაციისა და რეგენარაციის უნარი აქვთ.


 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უამრავი უნიკალური ენდემური ჯიშია სხვადასხვა ქვეყნიდან.  

მე  კამელიების და ბამბუკის კოლექციებს გამოვყოფდი, რადგან  ეს ის ჯიშებია, რომლებიც მსოფლიო კოლექციებში პრაქტიკულად აღარ გვხვდება და მხოლოდ აქაა შემორჩენილი. ვფიქრობ, ეს ულამაზესი კონცხი,  ყველამ უნდა მოინახულოს, ვინც აჭარისკენ მიემგზავრება. თუმცა კარგი იქნება, თუ მნახველები მხოლოდ გასეირნებით არ შემოიფარგლებიან და მათ ცოტა მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებაც ექნებათ”.





ფოტოები: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.