რა უნდა ვნახოთ ბათუმში
ფოტო: Daisi Sunset
ზაფხულის შხაპუნა წვიმა ბათუმელებს მგონი, ისევე უყვართ, როგორც ნორვეგიაში ან ისლანდიაში ჩრდილოეთის ციალი… წვიმა ამ ქალაქის მუდმივი თანამგზავრია, ძალიან მშობლიური და სენტიმენტალური ბათუმელებისთვის. თუ ზაფხულში ბათუმში დასვენებას გადაწყვეტთ და ბათუმურ წვიმასაც ეზიარებით, აუცილებლად შენიშნავთ, როგორი თანაგრძნობანარევი ღიმილით უყურებენ ფანჯრებიდან გადმომდგარი ბებიები, აივნების ქვეშ შეყუჟული კატები და მოკლემაისურიანი, სახემოთხვრილი ბათუმელი ბიჭუნები პოლიეთილენის საწვიმარშემოხვეულ ქალაქის სტუმრებს. წვიმა ბათუმში ორნაირია: ტროპიკული – რომელიც კოკისპირულად გესხმება თავზე, მერე კი, 15 წუთში ცაზე ღრუბელიც კი არ ჩანს და ბათუმური – იწყება დღეს და არ იცი, როდის დამთავრდება. წვიმის დაწყების და დასრულების ზუსტ დროს კი მგონი, ვერც ერთი სინოპტიკოსი ვერ იწინასწარმეტყველებს.
ფოტო: WorldtoGeorgia
გარეთ ცხელა. თერმომეტრი ცელსიუსით 28 გრადუსს უჩვენებს. ტენიანობა კი 88%-ია. რა უნდა გააკეთო ამ დროს ადამიანმა, რომელიც ქალაქს ზღვის მარილის შესასუნთქად და მზის აბაზანების მისაღებად ესტუმრა? ეს უკვე შენს გემოვნებაზე და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. გიყვარს შემეცნებითი ტურები? მოდი აქედან დავიწყოთ… ბათუმში უამრავი მუზეუმი, არქიტექტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ან უბრალოდ ლამაზი ადგილია, რომლის ნახვაც შეგიძლიათ. დაახლოებით ისეთი ადგილები, რომლებიც მხოლოდ საავტორო ფილმებში გაქვთ ნანახი და აღფრთოვანებულხართ. ისინი აქვეა, შენ გვერდით, იმ ბინიდან ან სასტუმროდან, რომელშიც წვიმას ემალებით, სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობენ.
ბათუმში საერთო ჯამში ათამდე სხვადასხვა მუზეუმია. მათ შორის ყველაზე საინტერესოა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც ადრე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახელით იყო ცნობილი. აქ 170 ათასამდე ექსპონატია დაცული. მე მათ დასახელებას არ დავიწყებ, თუმცა გეტყვით, რომ ინტერესების დაკმაყოფილება მუზეუმში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აქ ნახავთ უნიკალური იარაღების კოლექციას, ქართული ოქრომჭედლობის გენიალურ ნიმუშებს, ბერძნული მეთუნეობის შედევრებს, ჭურვებს, რომლითაც ქალაქს ბომბავდნენ და ენდემური ფაუნის უიშვიათეს ფიტულებს. მოკლედ, მე ამ მუზეუმზე სხვას ვერაფერს გეტყვით, ის აუცილებლად უნდა ნახოთ თქვენი თვალით.
თუ ანტიკური,, ბრინჯაოს ან ბრინჯაომდელი პერიოდები გაინტერესებთ, ფეხით შეგიძლიათ ორ კვარტალში მოინახულოთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც 29 ათასამდე ისტორიული არტეფაქტია დაცული, რომელთა უმრავლესობაც ქართველი არქეოლოგების მიერაა აღმოჩენილი.
თუ სახვითი ხელოვნების მოყვარული ხართ, ხელოვნების მუზეუმი სახელმწიფო მუზეუმისგან ზუსტად 100 მეტრითაა დაშორებული.
მანამ, სანამ ბათუმი ტურისტების საყვარელი ადგილი გახდებოდა, ის მენავთობეთა ქალაქი და პორტო-ფრანკო იყო. ეს ეპოქა თქვენთვის ძმები ნობელების მუზეუმში გაცოცხლდება. იქ ნახავთ, არა, უფრო იგრძნობთ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დაწყებული, ბრიტანული ოკუპაციამდელი პერიოდის ქალაქს, ნავთის და მაზუთის სუნს, რომელიც მაშინ (და ქალაქის ზოგ ნაწილში ახლაც) ბათუმში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
მუზეუმის ექსპოზიცია ასახავს იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც ბათუმში ინერგებოდა XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის პირველ ნახევარში, მათ შორის ძმები ნობელების, როტშილდებისა და მანთაშევის ინიციატივით, რაც დაკავშირებული იყო ჩაის და თამბაქოს კულტურების, აგრეთვე პოლიგრაფიის განვითარებასთან; ხოლო ძმები ნობელების მეშვეობით ბათუმში დაინერგა ნავთობტრანზიტის ახალი ტექნოლოგიები.
დაწვრილებით ინფორმაციას მუზეუმების შესახებ ბათუმსა და აჭარაში შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
უკანა გზაზე, ცენტრში დაბრუნებისას, შეგიძლიათ გახარჯული კალორიები შავი ზღვის პროდუქტებით აღიდგინოთ. მდინარე ბარცხანისწყლის შესართავთან, იქ, სადაც მეთევზეების ქოხებია, არცთუ ისე დახვეწილი და მაღალი კლასის, თუმცა უგემრიელესი კერძებით ცნობილი რესტორანი “ბალაგანი” მდებარეობს, სადაც ზღვიდან რამდენიმე წუთის წინ ამოყვანილი თევზის დაგემოვნება შეგიძლიათ. ერთი რჩევა ბათუმელებისგან: ნუ მიეძალებით კეფალს მაშინ, როცა შეგიძლიათ ხონთქარა (ბარაბულკა) მიირთვათ.
ადგილობრივები ხშირად იხსენებენ, თუ როგორი იყო ქალაქის სანაპირო ზოლი და მისი მიმდებარე არქიტექტურა ადრე. ძველისგან ცოტაღა დარჩა, იმას კი, რაც გადარჩა, კბილებით იცავენ ბათუმელები. მშენებლობების ბუმმა სამწუხაროდ, ბევრი ულამაზესი სახლი შეიწირა, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსმაც ვერ უშველა.
თუმცა ეს ქალაქი ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავითაც უნიკალურია. უნიკალურია მისი საკულტო ნაგებობებიც. ბათუმის ორთაჯამე, მუსლიმური საკულტო ნაგებობა 1886 წელს აშენდა და მას „ორთა ჯამე“ იმიტომ ეწოდა, რომ ის აზიზიესა და ახმედ ფაშას ჯამეებს შორის იყო მოქცეული.
მეჩეთის აშენებიდან 20 წელიწადში ქალაქს სინაგოგაც შეემატა. ადგილობრივმა ებრაელებმა რუსეთის იმდროინდელ იმპერატორ ნიკოლოზ II-ს პეტიციით მიმართეს, რათა მშენებლობის ნებართვა მიეღოთ. ასე დაიწყო „აშკენაზის“ ქვიანი სინაგოგის მშენებლობა, რომელიც არქიტექტორ სემიონ ვულკოვიჩის ხელმძღვანელობით 1904 წელს დასრულდა. ის ამსტერდამისა და ჰააგის სინაგოგების ანალოგს წარმოადგენდა. კიდევ ერთი, მეცხრამეტე საუკუნეში ხისგან აშენებული უნიკალური სინაგოგა კი ახალ მშენებლობას ემსხვერპლა.
რაც შეეხება ქრისტიანულ საკულტო ნაგებობებს, ბათუმში მცხოვრებ ევროპელ კათოლიკეთა თხოვნით, 1897 წელს მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა. შენობა ნეოგოთური სტილითაა აგებული და სამგუმბათიანია, გარე ნაწილი გოთიკური ჩუქურთმებითაა მორთული, მთავარი შესასვლელის ზემო ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულ ნიშებში წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებები დგას. 1989 წელს ტაძარი მართლმადიდებელ თემს, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა და ის ახლა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია. სანაცვლოდ კი კათოლიკე მრევლისთვის ქალაქის შემოსასვლელში ახალი ეკლესია აშენდა.
დღემდე არსებულ საკულტო ნაგებობებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარია, რომლის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ტაძრის აშენების თხოვნით თურქეთის სულთანს ბათუმელ ბერძენთა დელეგაციამ მიმართა. თხოვნაზე თანხმობა მიიღეს იმ პირობით, რომ ტაძარში ზარები არასოდეს დაირეკებოდა. პირველი ლიტურგია 1871 წელს ჩატარდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო 1946 წელს მართლმადიდებელი მრევლის შემოწირულობით ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და აღდგა ღვთისმსახურება. ათიოდე წლის წინ კიდევ ერთხელ რესტავრირებულ ტაძარში მსახურება დღემდე აღევლინება.
თუ კულტურული ცხოვრების მთავარ ასპექტად თეატრს მოიაზრებთ, უნდა იცოდეთ, რომ „რკინის თეატრის“ ქალაქს ახალი, ალტერნატიული სცენა აქვს. ამ დროისთვის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრს გენერალური რეკონსტრუქცია უტარდება, ახალი სცენა კი ძველის მეათედ მაყურებელსაც ვერ იტევს, ამიტომ ბილეთებზე სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა იზრუნოთ.
იმ შემთხვევაში კი, თუ პატარებთან ერთად სტუმრობთ ქალაქს, შეგიძლიათ ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმროთ. აბაშიძის ქუჩაზე, ნეკერჩხლების ხეივანში მდებარე თეატრის შენობა უნიკალური არქიტექტურული ძეგლია, რომლის მსგავსიც მთელ საქართველოში არ არის. მას მინიჭებული აქვს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი.
მინდა ბევრი მოგიყვეთ, თუმცა ბათუმს რამდენიმე გვერდში ვერ ჩაატევ. ის თქვენ თვითონ უნდა ნახოთ. როცა ნახავთ, თუ კარგად დააკვირდებით, შეიგრძნობთ მის ყველა დეტალს, ყველა ელემენტს, რომელიც კრავს, აცოცხლებს და ამოძრავებს ქალაქს, ქალაქს, რომელსაც ზღვის იოდის, წვიმის, მეზობლის სამზარეულოდან გამოვარდნილი გემრიელი არომატისა და მაგნოლიების სუნი აქვს. მაგნოლიებზე გამახსენდა, ცენტრიდან 20 წუთის სავალზე შეგიძლიათ ევროპის ყველაზე დიდი ბოტანიკური ბაღი დაათვალიეროთ, რომლის ისტორიაც 100 წელზე მეტს ითვლის.
ფოტო: GYLA
არ ვიცი როგორი ამინდი იქნება მაშინ, როცა თქვენ ამ სტატიას წაიკითხავთ, თუმცა გახსოვდეთ, წვიმა ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია და თუ გაგიწვიმდათ, ნუ დარჩებითსახლში. გარეთ დიდი თავგადასავლები გელოდებათ.
ავტორი: გიორგი წეროძე