
ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში

2018 წლის 10 საუკეთესო ჯაზალბომი:
წლევანდელი ჯაზფესტივალის სტუმარი, სუპერჯგუფი R+R=NOW, რომელიც თანამედროვე ჯაზის უდიდესი წარმომადგენლების მიერ შექმნილი პროექტია, მსმენელის წინაშე სადებიუტო ალბომით წარდგა. ვარსკვლავური შემადგენლობა მოიცავს პიანისტ რობერტ გლასპერს, რომელიც აქ ერთხელ უკვე იმყოფებოდა, ქრისტიან სკოტს, რომელსაც ასევე მოუსმინა ქართველმა მსმენელმა 2010 წელს, ტეილორ მაკფერინს და სხვა დიდ სახელებს. Collagically Speaking-ს ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება თანამედროვე ჯაზს ჰქონდეს. ფანკის, სოულის და R&B-ის მდიდარი ელემენტებით გაჯერებული ეს ალბომი ნამდვილი ფეიერვერკია, რომელიც სრულად ამართლებს ჯგუფის წევრი მუსიკოსების სახელებს.
ჯერჯერობით წლის ყველაზე ინტენსიურად განხილვადი ამბავი მუსიკალურ სამყაროში ალბათ ჯაზგიგანტის, ჯონ კოლტრეინის დაკარგული ჩანაწერის აღდგენა და გამოცემაა. ერთი მთლიანი ჩანაწერი, რომელიც ისეთ სახელებს მოიცავს, როგორებიც არიან: ჯონ კოლტრეინი (საქსოფონი), მაკკოი ტაინერი (პიანო), ჯიმი გერისონი (ბასი) და ელვინ ჯონსი (დრამი), შვიდ ცალკეულ კომპოზიციად დაიშალა და ალბომი ამ სახით გამოვიდა. სპირიტუალური და „თავისუფალი“ (Free Jazz) ჯაზის უდიდესი წარმომადგენლების ამ სესიით ყველანაირი მუსიკალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.
ჯაზის დასავლელი მოყვარულებისთვის ერთ დროს უცნობი ეთიოპიელი აკორდეონისტი Hailu Mergia მუსიკის ენთუზიასტმა და ლეიბლ Awesome Tapes From Africa-ს დამფუძნებელმა ბრაიან შიმკოვიცმა აღმოაჩინა. ეთიოპიური ჯაზის ერთ-ერთი მარგალიტი ახლა აფრიკული მუსიკის სერიოზულ მოყვარულებს შორის უკვე ცნობილი მუსიკოსია. 2018 წელს ხელახლა გამოცემული ამ ალბომის დამსახურებით, ეთიო-ჯაზის გაუვალ ჯუნგლებში პირველი ნაბიჯებიც შეიძლება გადადგათ.
საკულტო პარიზული ჯაზგაერთიანების, Art Ensemble of Chicago-ს სულის ჩამდგმელის და თანამედროვე პიანისტის, მეთიუ შიპის ეს ლაივალბომი Free Jazz-ის მოყვარულებისთვის ნამდვილი საჩუქარია. ფეთქებადი ფორტეპიანოს და თავშეკავებული ალტო-საქსოფონის დუეტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკალური თავგადასავალია, რაც ჯერჯერობით 2018 წელს ჯაზის მიმართულებით ჩაიწერა.
ლეგენდარული მესაყვირე და გენიალური მუსიკოსი ჯონ ჰასელი 81 წლის ასაკშიც ისეთივე კრეატიულია, როგორიც მთელი ცხოვრება იყო. მისი უდიდესი ფანები იყვნენ ბრაიან ინო, დევიდ ბირნი (Talking Heads), პიტერ გებრიელი და სხვა მრავალი მუსიკოსი. საკუთარი მუსიკის აღსაწერად ტერმინ Fourth World-ის გამომგონებელი და ეთნოჯაზის ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი 9-წლიანი შესვენების შემდეგ ხმაურით დაბრუნდა და კარიერის განმავლობაში ჯერჯერობით ყველაზე უფრო ექსპერიმენტული ალბომი გამოსცა.
კამასი ვაშინგტონი თანამედროვე ამერიკელი საქსოფონისტია და ხშირად ჯონ კოლტრეინის შვილობილსაც უწოდებენ. ეს წოდება შესაძლოა ვინმეს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს, თუმცა, მეორე უნაკლო ალბომით ჯაზის ყველაზე უფრო კონსერვატორ მოყვარულებსაც კი თავისკენ მოაბრუნებს. Heaven and Earth საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი, ნამდვილი სპირიტუალური ჯაზენერგიით სავსე ალბომია, რომელსაც მსმენელი არაერთხელ უნდა მიუბრუნდეს.
ჯიმი ტენორი ფინელი აუტსაიდერი მუსიკოსია, რომელიც თავს ასეთ იზოლაციაში ყველაზე უფრო კომფორტულად გრძნობს. სამაგიეროდ, მისი მუსიკა იზოლაციონიზმის სრული ანტიპოდია. ეგზოტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით ჩაწერილი ეს ალბომი, ბერლინელ მუსიკოსებთან ერთად, ინტერნეტის საშუალებით შეიქმნა და ჯიმის დისკოგრაფიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერის ტიტულით დაიდო ბინა.
ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთსა და განსაკუთრებით ინგლისში ნამდვილი ჯაზრევოლუცია მიმდინარეობს. ამას მოწმობს უამრავი ახალი არტისტი და არაერთი არაჩვეულებრივი ალბომი. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ბრიტანული ჯაზი, ცოცხლდება და ახალ ტალღას იწყებს. Binker and Moses თანამედროვე, ორი ახალგაზრდა მუსიკოსის დუეტია (საქსოფონი-დრამი), რომელიც ჯაზის ბევრ მოყვარულს ჯონ კოლტრეინის და ელვინ ჯონსის დუეტსაც აგონებს. ამ სტატუსამდე მათ ჯერ კიდევ გზა აქვთ გასავლელი, თუმცა ჩვენ მიერ შერჩეული ამ წლის ლაივალბომი ამ ორი ადამიანის ნიჭის და ცოცხალი ენერგიის კიდევ ერთი დადასტურებაა. Free Jazz-ის მოყვარულები ნუ გამოტოვებთ!
თანამედროვე ბრიტანული ჯაზის კიდევ ერთი თვალსაჩინო ბენდია Emanative, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოცემული მომდევნო ალბომით საბოლოოდ იმკვიდრებს თავს სცენაზე. დრამერ ნიკ ვუდმენსის ჯაზკოლექტივი ბრიტანული მულტიკულტურიზმის მშვენიერებას უსვამს ხაზს და ალბომში წარმოდგენილია აფრიკული, ინდური და ახლოაღმოსავლური მუსიკის ჯაზსინთეზი.
თანამედროვე სამხრეთაფრიკული ჯაზი, მიუხედავად იმისა, რომ პრესის დიდ ყურადღებას სათანადოდ ვერ იქცევს, ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ კარგად განვითარდა და დამახასიათებელი სტილიც ჩამოუყალიბდა. ფესვების მიმართ პატივისცემა და ტრადიციულ ხმოვანებაზე დაშენებული ინოვაციურობა საკმაოდ სწორი გზაა არცთუ ისე დიდი community-სთვის. ახალგაზრდა საქსოფონისტი Linda Sikhakhane 2000-იანი წლებიდან იმკვიდრებდა თავს და სადებიუტო ალბომით ამ გზაზე უდიდესი ნაბიჯიც გადადგა.
ავტორი: ლევან ძნელაძე