fbpx

ნარკოტიკები ციფრებში – გაეროს ანგარიში 2018


გააზიარე სტატია

 

პლანეტის ყოველი მეოცე მცხოვრები ნარკოტიკების მომხმარებელია.

მსოფლიოს 275 მილიონი მცხოვრები, ანუ ყოველი მეოცე ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც მოიხმარს ნარკოტიკს ეს პლანეტის მოსახლეობის 5,6%-ია, რაც გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მოსახლეობის მთლიან რაოდენობას უტოლდება.

12 მილიონი ინიექციური ნარკომომხმარებლის 14%- შიდსის დიაგნოზი აქვს, 6,1 მილიონი კი ჰეპატიტითაა დაავადებული. სამედიცინო დახმარებაზე ხელი მხოლოდ ყოველ მეექვსე ნარკოდამოკიდებულს მიუწვდება.


 

ოპიოდური კრიზისი, რეცეპტურული ნარკოტიკების გაზრდილი დონე, კოკაინისა და ჰეროინის წარმოების რეკორდული მაჩვენებლები ასახულია გაეროს 2018 წლის გლობალურ ანგარიშში ნარკოტიკების შესახებ, რომელიც გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) 26 ივნისს გამოაქვეყნა.

2016-2017 წლებში ოპიუმის წარმოება მსოფლიოში 65%-ით გაიზარდა და რეკორდული 10 500 ტონა შეადგინა.

შარშან ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციის გზით 9 000 ტონა ოპიოიდი დაამზადეს, რაც ოპიუმის მსოფლიო ბაზრის 90%-ია.

კოკაინის წარმოებამ 2017 წელს პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და 1410 ტონა შეადგინა. მთავარი მწარმოებელი კვლავ კოლუმბიაა.

2016 წელს კანაბისი ყველაზე გავრცელებულ ნარკოტიკად იქცა – 2017 წელს ის  მინიმუმ ერთხელ 192-მა მილიონმა ადამიანმა მოიხმარა. კანაბისის მომხმარებელთა რიცხვი 2006-2016 წლებში  16%-ით გაიზარდა, რაც იმავე პერიოდში მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ანალოგიური მაჩვენებელია.



 

ჰეროინი და კოკაინი ნარკოტიკების მსოფლიო ბაზარს იყოფენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და რეცეპტურულ სამკურნალო პრეპარატებთან; ვითარებას ამძიმებს პოლინარკომანია (დაავადება, როდესაც პაციენტი ერთდროულად რამდენიმე სახეობის ნარკოტიკს, ალკოჰოლს და თამბაქოს მოიხმარს) და პოლინარკოტრეფიკი (გაურკვეველი წარმოშობის ფარმაცევტული პრეპარატების მოხმარება არასამედიცინო მიზნებით).


 

რეცეპტურული პრეპარატების გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობას მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს, ოპიოიდებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები ნარკოტიკებით  სიკვდილის 76%- შეადგენს. 2017 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ჰეროინში შერეული ფენტანილის გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაცვალების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თუ ფენტანილი და მისი ანალოგები ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი საფრთხეა, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ნარკომოხმარების დიდი წილი ტრამადოლზე მოდის (ოპიოიდური ანალგეტიკი, გამოიყენება საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის გასაყუჩებლად).

მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში გაზრდილია სედატიური ბენზოდიაზეპინების არასათანადო დანიშნულებით გამოყენება, დოზის გადამეტების შემთხვევები სედატიური მედიკამენტების ჰეროინთან ერთად მოხმარებას უკავშირდება.

გაეროს 2018 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარების ყველაზე საშიში ასაკი ადრეული (12-14 წლები) და გვიანი (14-17 წლები) მოზარდობის პერიოდებია, მოხმარების დონე პიკურ მაჩვენებელს 18-25 წლის ასაკში აღწევს. ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარულია კანაბისი, თუმცა არჩევანი განსხვავებულია სოციალური და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით: ბავშვები და მოზარდები უზრუნველყოფილი ოჯახებიდან . წ. კლუბურ ნარკოტიკს გართობის მიზნით მოიხმარენ, ხელმოკლე ოჯახების შვილებს კი ნარკოტიკი პრობლემებისგან გასაქცევად სჭირდებათ.



 

40 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ახალგაზრდებს შორის, რადგან მათი უმრავლესობის ბავშვობა და მოზარდობა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ნარკოტიკები უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული იყო.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 2000-2015 წლებში მთელ მსოფლიოში 60%-ით გაიზარდა. 2000 წელს 50 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა სიკვდილიანობის 27%, 2015 წლისთვის კი ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა 39%-მდე გაიზარდა. 50+ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალების შემთხვევათა 75% ოპიოიდების მიღების შედეგია.

მსოფლიოს ნარკომომხმარებელთა უმრავლესობა მამაკაცია, ქალები მამაკაცებთან შედარებით უფრო გვიან ასაკში იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას. ტრანკვილიზატორების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შემთხვევები ქალებსა და მამაკაცებში ერთნაირია, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შემდეგ ქალები უფრო სწრაფად ზრდიან მოხმარებული კანაბისის, ალკოჰოლის, კოკაინისა და ოპიოიდების დოზას და უფრო ადვილად ხდებიან ნარკოდამოკიდებულები.

დღეისათვის მსოფლიოს მხოლოდ ერთადერთმა ქვეყანამ სინგაპურმა შეძლო ნარკოტიკებთან ომის მოგება უმკაცრესი კანონმდებლობით და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებებით. სინგაპური ნარკოტრეფიკისოქროს სამკუთხედისდაოქროს ნახევარმთვარისგზაჯვარედინზე მდებარეობს, ამ არეალში ნარკოტიკების უზარმაზარ რაოდენობას აწარმოებენ.



 

DBA (The Drug Buster Academy) სინგაპურის ნარკოტიკების ცენტრალური ბიუროს CNB პრევენციული ნარკოგანათლების უახლესი მობილური პლატფორმაა, მოზარდები ავტობუსში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეცნობიან.

სინგაპურში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული უმკაცრესად ისჯება: 15 გრამი დიამორფინის (ჰეროინის), 30 გრამი მორფინისა და კოკაინის, 500 გრამი მარიხუანას და 1200 გრამი ოპიუმის შენახვა, ასევე, მორფინის, დიამორფინისა და კოკაინის წარმოება სიკვდილით ისჯება და შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს. ნარკოტიკის ნებისმიერი სახეობის შენახვისათვის კი სასჯელი 2-იდან 20 წლამდე პატიმრობას და 15 როზგს ითვალისწინებს.

 

Links: www.unodc.org

ინტერაქტიული რუკა : https://www.unodc.org/wdr2018/en/interactive-map.html

Drugs data: https://dataunodc.un.org/drugs

 

 

ავტორი: თეა სხიერელი

 


რეკომენდებული სტატიები
„ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ - თბილისი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის მსოფლიო აქციას უერთდება
Play Video

„ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ - თბილისი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის მსოფლიო აქციას უერთდება

„ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ - თბილისი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის მსოფლიო აქციას უერთდება
დღეს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში მსოფლიო აქცია Support, Don't Punish - ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.