sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები


გააზიარე სტატია


5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი – ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა, ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში. არაოფიციალური ზიანი კი საქართველოსთვის გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს.

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება.

2018 წელს აგვისტოს ომიდან ათი წელი გადის. ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა, არის ამბავი ამ ომის შესახებ, ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ. ფოტოწიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ – ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.

“sHEROes” სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.

პროექტის ავტორები: სალომე ბენიძე (ტექსტი), დინა ოგანოვა (ფოტო), წიგნიდან “sHEROes”.

 


მაგული ოქროპირიძე, 50 წლის

ერგნეთი

1 აგვისტოს ჩემი დედამთილის დაბადების დღე იყო. ჩვენს ძველ სახლში, რომელიც ომის დროს განადგურდა, შუშაბანდი გვქონდა. როცა სროლა დაიწყო, იქ ვისხედით, მაგიდის გარშემო. ძალიან შეგვეშინდა, ისე შეგვეშინდა, ვიღას ახსოვდა დაბადების დღე, მაგიდას ზედ გადავახტით და გავიქეცით. მაგრამ მაშინაც კი ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა და რუსები და ოსები ჩვენს სოფელში შემოვიდოდნენ.

7 აგვისტოს წამოვედით. მეხუთე შვილზე ვიყავი ორსულად. მე და ჩემმა ქმარმა ორი უფროსი შვილი და ჩემი მამამთილი მეზობელ სოფელში გადავიყვანეთ და სახლში დაბრუნებას ვცდილობდით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ გზები უკვე ჩაკეტილი იყო. თანაც ვიგრძენი, რომ მშობიარობა მეწყებოდა. უკან, გორისკენ მივბრუნდით, რომ საავადმყოფოში წავსულიყავით. გზა საშინლად იყო გადაჭედილი.

ქეთო, ჩვენი ქალიშვილი, 7 აგვისტოს დაიბადა.

ისეთი შეშინებული ვიყავი, არც კი ვიცოდი, უნდა გამხარებოდა თუ არა შვილის შეძენა. ერთადერთი, რაც იმ წუთებიდან მახსოვს, ექიმის ხმა და სიტყვებია: „დღეს უკვე მეოთხე გოგო გაჩნდა, კარგის ნიშანია. მშვიდობა იქნება.“

მეორე დილით გორი დაიბომბა. ასეთი არაფერი მინახავს. ყველაფერს ჰოსპიტლის ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს.  ვუყურებდი, როგორ ადიოდა მაღლა საშინელი კვამლი, ყვავილივით იშლებოდა და ცას აბნელებდა. ამას ვხედავდი სამშობიაროდან, რომელსაც ბომბის ხმაზე არცერთი ფანჯარა აღარ შერჩა, რომლის ყველა კარი დეფორმირდა… ვერ გააღებ, ვერ გაიქცევი და არც არავინ არ გიშვებს. მთელი შენობა ირყეოდა. შოკში ვიყავი. ორი ბავშვი სოფელში მყავდა, ორი – დედაჩემთან, გორში, იქვე, სადაც პირველი ბომბი ჩამოვარდა. არც ვიცოდი, ცოცხლები იყვნენ თუ არა.

შემდეგ დავინახე, როგორ შემოვიდნენ დედაჩემი და ჩემი ქალიშვილი საავადმყოფოს ეზოში. გადავწყვიტე, რომ უნდა წავსულიყავი. კარი ვერ გავაღე – დაბომბვის დროს შენობის რყევის გამო ჩაკეტილიყო. ავიყვანე ხელში ბავშვი და ფანჯრიდან გადავხტი. პირველი სართული იყო, მაგრამ ძალიან მაღალი პირველი სართული. იმის შემდეგ ჩემი შვილი, რომელიც ამას უყურებდა, ერთი თვე არ ლაპარაკობდა. მერე მისი ჩანაწერები ვნახეთ, წერდა, დავინახე, როგორ კვდებოდნენ დედაჩემი და ჩემი დაო.

ერგნეთში რომ დავბრუნდით, ყველაფერი გადამწვარი დაგვხვდა. მთელი წლის განმავლობაში, მარტო სამი მეზობელი ვიყავით აქ. საშინელება იყო. სოფელი მეზობლით ცოცხლობს, ჩვენ კი თითქმის მარტო აღმოვჩნდით.

ჩვენი სახლი მთლიანად გაანადგურეს. მხოლოდ პიანინო გადარჩა და ჩემი საქორწილო ფეხსაცმელი. პიანისტი ვარ და მამამ ეს პიანინო  3 თვისას მიყიდა. ცოტა კი დაეზიანებინათ ჯარისკაცებს – როგორც ჩანს, გატანას აპირებდნენ, ვეღარ მოერივნენ და ვიღაცამ ფეხი ჩაარტყა. მოგვიანებით რესტავრაცია გავუკეთეთ.

ჩვენ, ადამიანები, რომლებიც აქ ვცხოვრობთ, უფორმო მესაზღვრეები ვართ. ასე მგონია, რაღაც განსაკუთრებული ძალა გაგვაჩნია.

ყოველ წელს ქეთოს დაბადების დღეს ცრემლებით ვიწყებთ და ზეიმით ვაგრძელებთ. ტირილის გარეშე არ გამოგვდის ამ დღის შეხვედრა. ჩვენ ხომ გოგონა გვყავს, რომელიც ზუსტად ომის თანატოლია.

 


ეთერი ბრეგვაძე-გუგუტიშვილი, 72 წლის

გუგუტიანთკარი

აგვისტოს ერთ დღეს, ჩვეულებრივად რომ მოვდიოდი სამსახურიდან, რაღაც საშინელი, არაბუნებრივი ზმუილი მომესმა და თვითმფრინავი დავინახე. უცებ დაბლა-დაბლა დაეშვა და ბომბიც ჩამოვარდა. გავრბივარ, ვღრიალებ, ვტირი, ომია-მეთქი. ყველა თავშესაფარს ეძებდა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი უბედურება. ხან სად ჩამოყრიდნენ ბომბებს და ხან სად. ბოლოს დისევის მხრიდან დესანტი გადმოსხეს. საშინელი სანახავი იყო, როგორ დაიცალა ჩვენი სოფელი ადამიანებისგან. მიდიოდნენ ტირილით, ტოვებდნენ სახლებს, საქონელს… ხუთი-ექვსი ქალი დავრჩით ორივე სოფელში, კოშკასა და გუგუტიანთკარში. ვცდილობდით, ერთად ვყოფილიყავით. ერთი დღითაც არ დამიტოვებია აქაურობა.

13-ში მეზობელმა გვითხრა, ომი დამთავრდაო, მაგრამ ჩვენთვის მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო. შემოვიდნენ. წაუკიდეს სახლებს ცეცხლი, ატყდა ტკაცატკუცი. გულმა მიგრძნო, რომ ჩემი სახლიც იწვოდა. ცარიელი ნაკვერჩხალი დამხვდა სახლის ადგილას. ცეცხლში შევვარდი, რომ მეც ჩემს სახლთან ერთად დავმწვარიყავი. გამომათრიეს. ფეხზე რეზინის „კალოშები“’ მეცვა, სულ ზედ შემეწვა.

ერთ დღეს გარეთ გამოვედით მე და ჩემი მეზობელი. ჩამიჩუმი არ ისმოდა და ვიფიქრეთ, ცოტას გავიხედ-გამოვიხედავდით, ვნახავდით, რა ხდებოდა. ზედა მხარეს ხალხმრავლობა დავინახეთ. ვიფიქრეთ, რომ ჩვენები შემოვიდნენ და გაგვიხარდა. უცებ დაეშვნენ… კაზაკები იყვნენ. მსგავსი ადამიანები არასოდეს მინახავს, არც კინოში. ჩამავლო ერთმა ხელი თავსაფარში, აქ რა გინდა, ვინა ხარო. აქ ვცხოვრობ-მეთქი, ვუთხარი. ბეჭებში ჩამცხო, წინ გამიგდო და ავტომატის ლულა მომადო, იარეო. ისე მირტყამდა ავტომატის ლულას, მარჯვენა მკლავი სულ ჩამიმტვრია. ძალა რომ გამომელია და ნაბიჯს ვეღარ ვადგამდი, მაფორთხა და ისე ამიყვანა თავიანთ ბანაკამდე. „ბოევიკები“ სად იმალებიანო, მეკითხებოდა, შენი ბოევიკი შვილები სად არიანო. არ გვყავს „ბოევიკები“-მეთქი, ვპასუხობდი. საშინლად მცემა და ბორკილები დაადეო, მეორეს მიუბრუნდა. გონება არ დამიკარგავს, არ ვიცი, როგორ. თან ვფიქრობდი, თავიანთ მხარეს რომ დამიპირონ გადაყვანა, ტყვედ არ ჩავვარდები, როგორმე თავს მოვიკლავ-მეთქი. უცებ ხმაური ატყდა, ერთს გაეკიდნენ, ჩვენს მეზობელს. ჩემი თავი პატარა ბიჭს ჩააბარეს. წამოდექიო, მითხრა, გაიქეციო. ყურებს არ დავუჯერე. კიდევ გამიმეორა. სული ტკბილია და გამოვიქეცი. გამოვრბივარ და ველოდები, აი, ახლა მომხვდება ზურგში ტყვია-მეთქი. იმავე ღამით მანქანაც წაიყვანეს, ტრაქტორიც, თუ რაიმე გაგვაჩნდა, ტექნიკა, ყველაფერი, მაგრამ რაც მთავარია, შვილები ცოცხლები მყავს. მარტო იმაზე ვლოცულობ, რომ ომი აღარ იყოს.

ორი წელი მე ვსხლავდი ჩვენს ვაზს, მე შევდიოდი ჩვენს ვენახში, რომ ჩემი ბიჭი გადამერჩინა – ის რომ შესულიყო, მოკლავდნენ. ერთხელ მე და ჩემი შვილი ერთად შევედით და რუსი წამოგვადგა თავზე. ჩემი შვილი გამოვაპარე და მე დავხვდი. აქ რუსეთის საზღვარიაო, მეუბნება, შენ აქ რას აკეთებო. ეს ჩემი ვენახია და შვილიშვილებისთვის ყურძენი მიმაქვს-მეთქი, ვუპასუხე. ამ ერთხელ გაგიშვებ და მეტად აქ აღარ დაგინახოო და გამომიშვა.

48 წელია, საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ამდენი გასაჭირი გადავიტანე, მაგრამ ბაღში რომ მივდივარ, ყველაფერს უკან ვტოვებ, ბავშვებთან ერთად ვცეკვავ და ვმღერი. როცა მათთან გაქვს ურთიერთობა, სხვანაირად არ შეიძლება. აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი. სკოლის ერთ ოთახში ვცხოვრობ. თითქოს არაფერი მაკავებს აქ, მაგრამ არა, ასე უბრალოდ ადგომა და აქედან წასვლა არ შემიძლია.

 


მარინე კახნიაშვილი, 54 წლის

ნული/წინამძღვრიანთკარი

ჩვენთან ომი 3 აგვისტოს დაიწყო, როცა ოსები ერთ-ერთ ოჯახს დაესხნენ თავს. ჩვენი სოფელი, ნული და ოსური სოფელი, გაზაანთი, მდინარე ფრონეს აქეთ-იქითა ნაპირებიდან უყურებდნენ ერთმანეთს. ოსები ჩვენს სახლებს პირდაპირ იქიდან ესროდნენ.

ჩემი სოფლის დაბომბვა საკუთარი თვალით ვნახე. ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. ნული რამდენიმე დღეში დაცარიელდა. ბავშვები გავიყვანეთ. მალე ქალებიც გავიდნენ. ახალგაზრდა ქალებიდან ერთადერთი ვიყავი, ვინც დარჩა, ორ ასაკოვან ქალთან და კაცებთან ერთად. ისე ვშრომობდი, როგორც ჩვეულებრივ, მშვიდობიან დღეებში. მე და ჩემს ქმარს საცხობი გვქონდა. დღე და ღამე ცომს ვზელდი და ვაცხობდი, როგორც ომამდე. წამითაც არ გავჩერებულვარ. ჯარისკაცები უნდა გამომეკვება, სოფელში დარჩენილ ადამიანებს პური არ უნდა გამოლეოდათ. საწოლები სარდაფში ჩავიტანეთ და მოხუცებისთვის თავშესაფარი მოვაწყვეთ. გაზაანთში გაიგეს, ვიღაცამ გაიტანა ხმა, რომ ჩვენს სახლში სამხედროები აფარებდნენ თავს. უშენდნენ და უშენდნენ ჩვენს სახლს, ჩემს საცხობს. მაინც ვამბობდი, ნულიდან იქამდე არ გავალ, სანამ სოფელში ერთი ქართველი ჯარისკაცი მაინც იქნება-მეთქი.

ბოლოს წამოსვლა გადავწყვიტეთ. ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ ჩვენი მარტო დარჩენილი მოხუცი მეზობელი ქალის გარეშე სოფელს არ დავტოვებდი. ყოფილი ექთანი იყო, სოფელზე დიდი ამაგი ჰქონდა და ავადმყოფობის გამო, სიარული აღარ შეეძლო. ჩემმა ქმარმა იცოდა, რომ სიტყვის და პრინციპების ქალი ვარ და გამომყვა. ის ქალი საბანში გადახვეული ჩავაწვინეთ მანქანაში, მისი ძმაც წამოვიყვანეთ, ჩავდეთ საბარგულში ახალთახალი ტელევიზორი და წამოვედით. ის ტელევიზორი ახლაც გვაქვს.

სანამ სახლიდან გამოვიდოდით, სარდაფში სუფრა გავშალე და დავტოვე. ვიცოდი, ჯარისკაცებს მოშივდებოდათ. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ სახლში მალე ვერ დავბრუნდებოდით. რატომ ვფიქრობდი ასე? იმიტომ, რომ ჩვენ ისედაც ომში ვცხოვრობდით. წარმოიდგინეთ, ახალი დაოჯახებული ვიყავი, 90-იანებში ეს ამბები რომ დაიწყო, ძალიან ახალგაზრდა. შვილები ომში გავზარდეთ, მაგრამ წამითაც არ მიგვიტოვებია იქაურობა, სახლი, სკოლა, მამა-პაპის მიწა.

თავიდან თბილისში ჩავედით, მერე კი მთავრობამ აქ შემოგვასახლა, სოფელ წინამძღვრიანთკარში. ახალი ცხოვრება დავიწყეთ და ახალი საცხობიც გავაკეთეთ. ახლა ჩემი ყოველდღიური ყოფა ესაა. ახლა აქ ვზელ ცომს და ვაცხობ პურს. ცხოვრება გრძელდება. დასაქმებულები ვართ და არ გვცალია, რომ ვიფიქროთ იმაზე, რა დავკარგეთ. ასე მგონია, როგორც ადამიანები კვდებიან, ჩვენი სოფელიც ისე მოკვდა.


მადინა შიუკაევი, 50 წლის

კნოლევი

ომი რომ დაიწყო, სოფელი არ დაგვიტოვებია. ცხინვალიდან ახლობლებმა დაგვირეკეს, ჯობია, მაქაურობას გაერიდოთო. შვილები და შვილიშვილები აქ იყვნენ (6 შვილი მყავს – 5 ჩემი და 1 შვილობილი და 6 შვილიშვილი), 8-ში ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და ვემზადებოდით. შვილებმა ტირილი დაიწყეს, უშენოდ არსად წავალთო, ამიტომ 7-ში მეც მათთან ერთად წამოვედი. 8-ში დილით კი, სანამ ისინი გაიღვიძებდნენ, უკან, ჩვენს სოფელში დავბრუნდი.

კნოლევში 6 ბომბი ჩამოვარდა. სახლს მინები აღარ შერჩა. სულ დაიცალა სოფელი. დედამთილი და მამამთილი ჩავარდნილი მყავდა, როგორ უნდა დამეტოვებინა? ალბათ ღმერთმა მომცა ძალა, არ მეშინოდა, თავს ვიმხნევებდი. სოფელში ვინც კი მოხუცი იყო დარჩენილი, ყველა ჩემს სახლში იყრიდა თავს. ვუვლიდი, ვუცხობდი, ვაჭმევდი. თან, პომიდვრების მწიფობის დრო იდგა და იმ გაგანია ომში, მე კონსერვებს ვაკეთებდი. მეზობლების ავეჯს და ძვირფას ნივთებსაც აქ ვინახავდი. სჯეროდათ, რომ რადგან ოსი ვარ, არავინ ხელს არ მახლებდა. მთელი ღამე დარაჯად ვიდექი. ელექტროენერგია არ გვქონდა და ასანთის ანთებული ღერებით ვათენებდი ფანჯარასთან, რომ არავინ მოგვპარვოდა. უფრო იმაზე ვფიქრობდი, ეს ქართველები არავინ დახოცოს-მეთქი. რამდენჯერმე შემოვიდნენ ოსები და მკითხეს, ქართველებს ხომ არ მალავო. არა-მეთქი, ვუთხარი. კიდევ კარგი, სახლში არ შემოუხედავთ.  

ოსები ჩვენთან 12 აგვისტოდან შემოვიდნენ. ბევრი სხვადასხვა ჯგუფი შემოდიოდა. გავდიოდი და ოსურად ველაპარაკებოდი. მითხრეს, ბრძანება გვაქვს ასეთი, კნოლევი მთლიანად უნდა გადავწვათ, ერთი სახლიც არ უნდა დარჩესო. ვთხოვე, ჩემი უბანი არ გადაეწვათ. ვუთხარი, ამ უბანს თუ შეეხებით, ჩემს სახლს მე თვითონ დავწვავ, მეზობლის გარეშე ერთი დღეც არ მინდა აქ ცხოვრება-მეთქი. კნოლევში 32 სახლი დაწვეს, მაგრამ ჩვენს უბანში – არც ერთი. ეს უბანი მე გადავარჩინე. ერთი კვირის შემდეგ ოსებს რუსებიც მოჰყვნენ ტანკებით. რომ დალევდნენ, ისროდნენ, საშინლად იქცეოდნენ. მაშინდელი ხმები – სროლის, წვის, მსხვრევის, დიდხანს ვერ გამოვდევნე ყურებიდან.

მე ზნაურში გავიზარდე. დედაც ოსი მყავს და მამაც. ქართული სკოლა დავამთავრე. ჩემი ძმა, პირველი ომის შემდეგ, ვლადიკავკაზში ცხოვრობს, ქართველი ცოლი ჰყავს. ჩემი დაც რუსეთში ცხოვრობს. ჩემი დისშვილი 11 წელია, არ მინახავს. 2007 წლის მერე მამაჩემიც არ მყავდა ნანახი. შარშან გარდაიცვალა და ვერც დავიტირე, ვერ ჩავედი. რაც მესმის, ცხინვალში რუსები არიან გაბატონებული. ბევრი ოსი ამბობს, ნეტავ ძველი დრო იყოს და ჩვენ და ქართველები ერთმანეთთან ისევ კარგად ვიყოთო.

ქართველებს და ოსებს მეტი ურთიერთობა გვჭირდება. თუ ურთიერთობა არ გვექნება, ერთმანეთს როგორ შევიყვარებთ. ახალმა თაობამ უნდა გაიცნოს ერთმანეთი. როგორმე გზები უნდა გაიხსნას და მერე ყველაფერი დალაგდება.

 


ლაურა ზოზიაშვილი, 19 წლის

აჩაბეთი/წეროვანის დასახლება

2008 წელს 9 წლის ვიყავი, მაგრამ ოჯახის წევრებიდან, ჩვენი სოფელი, ჩვენი სახლი, ყველაზე კარგად მე მახსოვს. ორსართულიანი სახლი გვქონდა, დიდი ეზოთი და ეზოში – ხეივნებით. ყველაზე მეტად ჩემი პატარა, მყუდრო ოთახი მიყვარდა, ფანჯარაზე მიკრული ქაღალდის ფიფქებით. იქიდან მხოლოდ ფოტოები წამოვიღე, რომ ვბარგდებოდით წამოსასველად, დედას მე შევახსენე, დე, ფოტოები არ დაგვრჩეს-მეთქი.

მშობლები ცდილობდნენ, არაფერი ეგრძნობინებინათ, გვეუბნებოდნენ, რომ დასასვენებლად მივდიოდით, მაგრამ მე მაინც ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა.

წამოსვლის დღე ნათლად მახსოვს. ბიძაჩემს გავყევი ეზოში. კურდღლები, ქათმები, წიწილები – რაც კი გვყავდა, ყველაფერი გაუშვა. აუშვა ძაღლიც. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ აკეთებდა ამას. რა, აღარ დავბრუნდებოდით? ტანსაცმელიც კი მხოლოდ საზაფხულო ჩავალაგეთ წამოსაღებად. სახლიდან რომ გამოვდიოდით, ყველაფერს ვაკვირდებოდი – კედლებს, ნივთებს… თითქოს ვცდილობდი, რასაც ვხედავდი, სამუდამოდ დამემახსოვრებინა. უმწეო ბავშვს ჰგავდა ჩვენი სახლი, ბავშვს, რომელიც დატოვეს.

ხელთუბანში წავედით, ბიცოლაჩემის სოფელში. ღამით გავიგეთ, რომ ბიცოლას ბიძაშვილი დაიღუპა. მაშინ მივხვდი, რომ ომი რომ დაიწყო.

იქიდან რომელიღაც სოფელში გადავინაცვლეთ, სადაც ნაღმი აფეთქდა, მერე ქარელში. რამდენიმე ღამე ავტოფარეხში გავათენეთ. ბავშვები ბევრნი ვიყავით და თავიდან არ მიჭირდა. ხმა გავრცელდა, რომ ტანკები უნდა შემოსულიყვნენ და ყველანი დიდი „კამაზით“გავიხიზნეთ ტყეში. ყველა შოკში იყო. მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ, რა ეთქვათ ჩვენთვის, ბავშვებისთვის. იქ მყოფ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი მე ვიყავი, ყველაფერს კარგად ვიაზრებდი და ვცდილობდი, პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი, მაგრამ იმწუთას ძალიან შემეშინდა და ავტირდი. მახსოვს, როგორ მივდიოდით „კამაზით“ აღმართზე და ხეები, ტოტები, ფიჩხები, ერთმანეთში ირეოდა. ფერდობის ძირას დავიმალეთ. მიწაზე გვეძინა. კარგად მახსოვს, თვალი რომ გავახილე და დედა თავს დამტრიალებდა, თვალი არ მოუხუჭავს. მერე ყური მოვკარი, თურმე იქვე რუსული არტილერია ყოფილა განლაგებული. კიდევ კარგი, ვერ დაგვინახეს.  მეორე დილით თბილისში გავემგზავრეთ მატარებლით.

სექტემბერში სკოლაში თბილისში წავედი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები თბილად დაგვხვდნენ, ძალიან გამიჭირდა. ნაცნობს რომ ვეღარავის ვხედავდი, მეგონა, ყველა მეგობარი დავკარგე, მეგონა, თანატოლი აღარავინ მყავდა. დედას ვთხოვე, ჩემთვის დღიური ეყიდა და ვწერდი, სულ ვწერდი. „მინდა, ერთ დღეს თვალები დავხუჭო, მერე გავახილო, გარეთ გამოვიდე და ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს,“ – ეს იყო პირველი, რაც დღიურში ჩავწერე. საბავშვო ბაღის შენობაში ვცხოვრობდით და ხშირად მესმოდა, დევნილები არიანო, მე კი ისიც არ ვიცოდი, „დევნილი“ რას ნიშნავდა.

თებერვალში წეროვანში გადმოგვიყვანეს. მას შემდეგ აქ ვართ, მაგრამ ჩემს სოფელში დაბრუნების იმედი არასოდეს დამიკარგავს. წეროვანის დასახლება ძალიან აქტიური იყო, განსაკუთრებით, თავიდან, ომის შემდგომ წლებში. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად დადიოდნენ ჩვენთან, უამრავი წრე გაიხსნა და ძალიან დავკავდი, დეპრესიაში ჩავარდნის დრო აღარ მქონდა. მოტივაცია გამიჩნდა, ვსწავლობდი, მაგრამ ამავდროულად, არ ვივიწყებდი, რაც მოხდა. საზღვარგარეთაც წავედი, ბევრი რამ გაჩნდა ისეთი ჩემს ცხოვრებაში, რასაც შეეძლო, ბავშვობის მოგონებები გადაეფარა, მაგრამ არა. სულ მახსოვდა, ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი, რა გადავიტანე.

სიზმარში მაინც მინდა, მთელი დღით დავბრუნდე აჩაბეთში, ჩემი სახლის კარი შევაღო, იქაურ სკოლაში წავიდე, იქაურ ბილიკებზე ავიარ-ჩავიარო. ხმები მოგვდის, რომ ყველაფერი გადამწვარია და იქაურობა ჭაობს მიაქვს. როგორ შეიძლება, ჭაობს მიჰქონდეს ჩემი სოფელი, რომელიც ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში! ვერასოდეს დავიჯერებ. მე სხვა რამის მჯერა – მჯერა, რომ თუკი სადმე სამოთხე არსებობს, ის სამოთხე ჩემი სოფელია, და თუ ნატვრაა, იქ ვისურვებდი მოხვედრას.

მარტო რომ ვრჩები, ვხატავ. ვხატავ, როცა განვიცდი, როცა ვნერვიულობ. ომი არ დამიხატავს და არც დავხატავ არასოდეს.

 

 


რეკომენდებული სტატიები
1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან
2017 წლის გაზაფხულზე ფეისბუკში Daniel Spehr-ის ფოტოალბომი აიტვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში - თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ფოტოებს შეიცავდა. დღეს, 18 ივლისს, ამ ფოტოების ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლაში“, 17 საათზე იქნება შესაძლებელი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.