ტრენდი: ძილის რეივები ბერლინის ანდერგრაუნდში


გააზიარე სტატია

 

დროუნ – მინიმალისტური მუსიკის სუბჟანრი
ღამის დროუნი  – ემბიენთ რეივია, რომელსაც უნდა, რომ დაგაძინოს.

ჩვენ ახალ წვეულებას დავესწარით, რომელიც ბერლინის ანდერგრაუნდ სამყაროში თანდათანობით თავის ადგილს იმკვიდრებს.

კლუბში ძილი? როგორც წესი, ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ იქიდან გამოგაგდონ. თუმცა, ბერლინში ახლახან ივენთების ახალი ტალღა აგორდა, რომელზე დასასწრებადაც მისულ სტუმრებს იქ თავიანთი საძილე ტომრები და ბალიშები მიაქვთ, რათა ემბიენთური დროუნ მუსიკის ფონზე დაიძინონ (ნახეთ ჩვენი სტატია მაქს რიხტერის „ძილზე“).

ამ სცენის შესახებ ახლახან შევიტყვე და ძალიან მინდოდა, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე განმეცადა. რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს დასაძინებლად კლუბში წასვლა, როცა ამის გაკეთება სახლშიც შეუძლია, თანაც უფრო კომფორტულად? ამას რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა ჰქონდეს დიჯეის სურვილი, მძინარე პუბლიკისთვის დაუკრას? გამიმართლა და ადგილობრივმა კოლექტივმა, სახელად „სივრცე ხელოვნებისთვის“  თავის წვეულებაზე დაკვრა მთხოვა.

ივენთების სერია, რომელიც 2012 წლის ზამთარში მონრეალურმა კოლექტივმა „ლა პლენტემ“ დაიწყო, თავიდან სხვა არაფერი იყო, თუ არა მეგობრებს შორის ხუმრობა. „დასაწყისში ამას ისე ვუყურებდით, როგორც სასაცილო იდეას – ძილი დროუნ მუსიკაზე, – მითხრა ივენთების დამაარსებელმა იმეილით, – მაგრამ მალე ამ ხუმრობაში  სხვა ადამიანებიც ავიყოლიეთ, თარიღი ჩავნიშნეთ, მუსიკის შერჩევაც დავიწყეთ და მოსაწვევებიც დავგზავნეთ. ეს ექვსი წლის წინ იყო, ახლა კი უკვე მე-20 გამოშვებას გავცდით.“

Sleepover Drone Show Review

სანამ წვეულებაზე შევიდოდი, ორგანიზატორებმა არტისტებს მცირე ტექსტი მოგვცეს, სათაურით „მძინარე პუბლიკის წინაშე დროუნის ეფექტურად დაკვრის გზამკვლევი“. „აქ ნამდვილად მძინარე პუბლიკაა და მუსიკალური შოუც ნამდვილად იმართება,“ – ეწერა ტექსტში, – მიზანი ისაა, რომ დროუნის ვარსკვლავებისა და ემოციების შემოქმედების თვითორგანიზებული და საერთაშორისო გუნდი ოთახს ასტრალური ტრანსცენდენტალიზმისკენ გაუძღვეს.“ მალევე ნათელი გახდა, რომ მძინარე პუბლიკის წინაშე დაკვრისას ძალიან ბევრი რამ უნდა მიიღო მხედველობაში: თითოეულ იმ ბგერაზე უნდა იფიქრო, რომლებსაც გამოსცემ, რათა ვინმეს სწრაფი ძილის ფაზა არ დაუფრთხო: არავის უნდა, რომ სიზმრების ნახვა უეცარმა პაუზამ ან შემაწუხებლად მაღალმა ნოტმა შეაწყვეტინოს. მივხვდი, რომ სათუთი, ყველაზე არააგრესიული სეტი უნდა შემექმნა.

მალე წვეულებაც დაიწყო, სადაც სხვა არტისტებიც გავიცანი. ადამიანებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, მშვიდი და ჩუმი ატმოსფერო დამყარდა, თუმცა მუსიკა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ უნდა დაეძინათ, საკმაოდ ხმამაღლა ჟღერდა. ოთახს ემოციური ვოკალი და ბუნების ემბიენთ ხმები ავსებდა ჩუმი ბითის თანხლებით. პუბლიკაც ამ ყველაფერს აქტიურად უსმენდა, თუმცა მალე ყველა საძილე ტომრებში გაეხვია.

პატარა ზომის მიუხედავად, სივრცე საკმაოდ კომფორტული იყო. მინიმალისტური დიზაინის ოთახში რვა თუ ცხრა მატრასი და რამდენიმე დასაკეცი სკამი იდო. განათებაც მარტივი და ზომიერი იყო, რათა ძილში ხელი არავისთვის შეეშალა.

Sleepover Drone Show Review

ნახევარ საათში იატაკი ოცამდე ადამიანით გაივსო, რომლებიც მზად იყვნენ, თვალები დაეხუჭათ და რელაქსაცია განეცადათ. მუსიკაც ნელ-ნელა დარბილდა და ამასობაში სამის ნახევარიც მოვიდა, ჩემი სეტის დაწყების დრო. ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი – არ მინდოდა, ძილ-ბურანში მყოფი ზოგიერთი მონაწილე გამომეფხიზლებინა.

უცნაური შეგრძნება იყო, როცა ჩემი წინა გამომსვლელი –  Window Magic ჩავანაცვლე. ცვლილება ალბათ არავის შეუმჩნევია, იმიტომ რომ ბევრს უკვე ეძინა, თუმცა რამდენიმე ადამიანი ღამის მსვლელობას გახელილი თვალებით მშვიდად აკვირდებოდა.

ორიდან სამამდე პიკის საათი იყო, მაგრამ სრულიად განსხვავებული მიზეზის გამო, ვიდრე ჩვეულებრივი კლუბის შემთხვევაში: ყველას ეძინა. მძინარე პუბლიკის წინაშე დაკვრა კი ძალიან უჩვეულო – და ემოციური – გამოცდილებაა.

 

რადგან ხალხის აზრს ვერ ვგებულობდი, შემეძლო სეტი ისე განმევითარებინა, როგორც მინდოდა. მათი აღგზნების ნაცვლად ჩემი ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ კომატოზური მდგომარეობიდან არ გამოსულიყვნენ. რაღაც მხრივ, მათი ძილი ჩემი მუსიკის უხმო დაფასება იყო. მე ადამიანების სიზმრებისთვის საუნდტრეკებს ვარჩევდი და ვფიქრობდი,  ნეტავ რა ხდებოდა მათ თავებში.

ზოგ სხვა არტისტთან შედარებით მარტივი ფლეილისტი მქონდა, მაგრამ მთელი გამოსვლის განმავლობაში ემოციის ერთი ხაზი შევინარჩუნე. სხვა ტრეკებთან ერთად გერმანელი მუსიკოსის, Vomit Heat-ის III დავუკარი, შემდეგ რუსი არტისტის, Ashot Danielyan-ის The New World და ბოლოს Aphex Twin-ის Rhubarb-ით დავასრულე.

Sleepover Drone Show Review

ჩემი პერფორმანსის დამთავრებისას ყველა ღრმა ძილში იყო. არავინ განძრეულა, რითაც ჩემივე სეტი წარმატებულად მივიჩნიე. მინდა ვიფიქრო, რომ გონებაში ტაში დამიკრეს, მაგრამ არ ვიცი, ასე მოხდა თუ არა. როცა ბოლო ტრეკი დასრულდა, მოედანი მომდევნო არტისტს დავუთმე.

რამდენიმე წუთის შემდეგ ბართან, სადაც ყველა ყველის ტოსტს აკეთებდა, სხვა არტისტებს გამოველაპარაკე. ერთ-ერთმა, რომელიც ტასმანიელი  აღმოჩნდა, თქვა, რომ ეს ივენთი განსხვავებული იყო მათგან, სადაც ოდესმე ყოფილა. მეც დავეთანხმე. ცოტა ხანი იქ ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ეშვებოდნენ ადამიანები ნელ-ნელა სიზმრების სამყაროში, თუმცა მივხვდი, რომ კიდევ ერთ-ორ ასეთ ივენთზე დასწრება მჭირდება იმისთვის, რომ უცხო ადამიანებთან ერთად ერთ ოთახში კომფორტულად ჩამეძინოს.

მალე სახლში, საკუთარ საწოლში ვიწექი და დაძინებამდე იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორი განსხვავებული იყო ის ღამე ჩემ მიერ კლუბებში გატარებული სხვა ღამეებისგან. რა თქმა უნდა, ცეკვა და თავის გაგიჟება ყოველთვის კარგია, მაგრამ ამ გამოცდილებამ იმაზე დამაფიქრა, რომ ეს სივრცეები განსხვავებული მიზნებითაც შეიძლება გამოვიყენოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძილსაც თავისი უპირატესობები აქვს.

ავტორი: სოფი ჰარქინსი

ფოტოები: იაკუბ ჩაკარჯი

წყარო: http://electronicbeats.net


რეკომენდებული სტატიები
მაისში გაცდენილი გაკვეთილი

მაისში გაცდენილი გაკვეთილი

მაისში გაცდენილი გაკვეთილი
„მედიის ტექსტმა შეაღწია ანდერგრაუნდში და შიდა წესრიგის გადაფასება დაიწყო, რაც ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა, და ამის წინააღმდეგ ვერ წავიდა ბასიანი, თავისი ძალის წინააღმდეგ და მოუწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. იყო თუ არა გადაწყვეტილება სწორი?“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.