საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის შესაძლოა 3.1 მილიონამდე შემცირდეს
ავტორი: გიორგი კაკაბაძე
დედამიწის მოსახლეობა 2018 წლისთვის 7 მილიარდ 616 მილიონს შეადგენს. გაეროს მონაცემებით, 1990-2010 წლებში პლანეტის მოსახლეობა 30 პროცენტით – მილიარდ 600 მილიონით გაიზარდა. რაოდენობრივად ყველაზე მეტი მატება ინდოეთში (350 მილიონი) და ჩინეთში (196 მილიონი) დაფიქსირდა, პროცენტულად კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (315 პროცენტი) და ყატარში (271 პროცენტი).
მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე სწრაფად აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და ახლო აღმოსავლეთში იზრდება. დასავლეთ ევროპაში მოსახლეობის ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს მიგრაციული პროცესები. აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში კი მოსახლეობა ორ ათწლეულზე მეტია მუდმივად მცირდება. ბოლო 25 წელიწადში მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის ყველაზე დიდი კლება პროცენტულად ბოსნია-ჰერცეგოვინაში (ძირითადად ომის დანაკარგები და შედეგად გამოწვეული მიგრაცია), ბულგარეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვასა და საქართველოში დაფიქსირდა.
ქვეყნები, რომლებმაც 2006-2016 წლებში მოსახლეობა დაკარგეს / coloredatlas.com
საქართველოს მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით, 3 მილიონ 716 ათასს შეადგენს (ამ მონაცემებში არ შედის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი). 1989 წელს, საბჭოთა პერიოდში ჩატარებული აღწერით, რესპუბლიკის მოსახლეობა 5 მილიონ 450 ათასი იყო, ანუ ქვეყანამ 25-წლიან პერიოდში მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი დაკარგა.
2002 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერით, ქვეყანაში 4 მილიონ 350 ათასი ადამიანი დაფიქსირდა. 2014 წელს კი 3 მილიონ 720 ათასი, ანუ 12 წელიწადში დაახლოებით 630 ათასით ნაკლები. დემოგრაფების ერთი ჯგუფი წლების წინ ამტკიცებდა, რომ 2002 წლის აღწერის მონაცემები რეალობას არ ასახავდა და საქართველოს მოსახლეობა იმ დროს 4 მილიონზე ნაკლები იყო. საბოლოოდ საქსტატმა თავად გადახედა აღწერის მონაცემებს და დაადგინა, რომ 16 წლის წინ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონ 991 ათასს შეადგენდა. საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს უფროსის, შორენა წიკლაურის შეფასებით, “2002 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველი საყოველთაო აღწერა ჩატარდა. ხალხი არ იყო ინფორმირებული და ემიგრანტ ოჯახის წევრებს ჯერ კიდევ მიიჩნევდნენ მუდმივ მცხოვრებად. რეალურად ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ, მალავდნენ ფაქტს, რომ ოჯახის წევრები საქართველოში არ იმყოფებოდნენ. შეიძლება ეს იყო შიშის ფაქტორი, ასევე ინფორმაციის ნაკლებობა.”
ახალი მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის კლებამ 2002- 2014 წლების პერიოდში 260 ათასი შეადგინა. 2002-2007 წლებში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატებოდა დაბადებულთა რიცხვს, ანუ მოსახლეობის შემცირების მიზეზი მიგრაციასთან ერთად ბუნებრივი კლებაც იყო. 2008 წლიდან დღემდე შობადობა აღემატება სიკვდილიანობას და რომ არა მიგრაციული პროცესები, 2002-2014 წლებში საქართველოს მოსახლეობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზრდებოდა და 4 მილიონის ფარგლებში იქნებოდა.
შობადობის შემცირების უმთავრეს მიზეზად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს ასახელებს: “დაბადებულთა აბსოლუტური რაოდენობა 1990-2017 წწ. 1,7-ჯერაა შემცირებული (საქართველოში 2017 წელს 53.3 ათასი ბავშვი დაიბადა, 1990 წელს კი 92.8 ათასი). მართალია, დღესდღეობით შობადობის ზოგადი კოეფიციენტი ქვეყანაში მოსახლეობის მარტივი აღწარმოების დონესთან ახლოს იმყოფება, მაგრამ უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა მისი კლების ტენდენცია. შობადობის სფეროში არსებულ მდგომარეობას ართულებს არასტაბილური დასაქმება, უმუშევრობა, ოჯახთა არასაკმარისი შემოსავლების პირობებში – საცხოვრებლისა და ბავშვის მოვლა-მომსახურების მიუწვდომლობა. ხშირ შემთხვევაში პროფესიული საქმიანობისა და მშობლის მოვალეობის შეთავსებასთან დაკავშირებული სიძნელეების გამო, მეუღლეები იძულებულნი არიან იყოლიონ უფრო ნაკლები შვილი, ვიდრე სურთ.”
გიორგი მელაძის განმარტებით, “დემოგრაფიული სიტუაცია ყალიბდება შობადობის, მოკვდაობისა და მიგრაციული პროცესების ზეგავლენის შედეგად. აღნიშნული პროცესებიდან საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ჩამოყალიბებას უმთავრესად მიგრაცია განსაზღვრავს. 1990-იანი წლების ემიგრაციული პროცესები უმაგალითო იყო ქვეყნის ათასწლოვან ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში მიგრაციის უარყოფითი სალდო საგრძნობლად შემცირდა, დღესდღეობით საქართველოდან კვლავ მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ემიგრანტებს შორის უდიდესი ნაწილი რეპროდუქციული ასაკისაა (15-49 წელი).”
იმ ქვეყნებისთვის, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა არ იზრდება, დემოგრაფები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დაბერებას ასახელებენ. გიორგი მელაძის შეფასებით, ეს საფრთხე საქართველოშიც არსებობს: ”1990 წელს მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საქართველოში 8,9%-ს შეადგენდა, ამჟამად მაჩვენებელი 14.6%-ის ტოლია. მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი განსაკუთრებით სახიფათო იქნება, ვინაიდან იგი წინ უსწრებს ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყანას ჯერ არ დაუგროვებია საკმარისი რესურსი – როგორც ეს მოხდა დასავლეთის ქვეყნებში – აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად. საპენსიო ასაკის მოსახლეობის მატება ნიშნავს საპენსიო ფონდის მეტად დატვირთვას, ჯანდაცვაზე მეტი თანხების გამოყოფას სახელმწიფოს მხრიდან და ა. შ.”
ბოლო 25 წელიწადში საქართველოში მცხოვრები ყველა ძირითადი ეთნიკური ჯგუფის რიცხოვნობა შემცირდა. ეთნიკური უმცირესობების რაოდენობამ პროცენტულად უფრო მეტად იკლო, ამიტომაც ქართველების ხვედრითი წილი მოსახლეობის რაოდენობაში გაზრდილია. თუ 1989 წელს ეთნიკური ქართველები საქართველოს მოსახლეობის 70,7 პროცენტს შეადგენდნენ, 2002 წელს ეს მაჩვენებელი 83,8-მდე გაიზარდა. 2014 წლის მონაცემებით, ქართველები ქვეყნის მოსახლეობის 86,8 პროცენტს შეადგენენ.
გაეროს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, თუ საქართველოში დემოგრაფიული კუთხით დღეს არსებული ტენდენციები გაგრძელდა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 3 მილიონ 100 ათასი იქნება.